"საკუთარმა ქმარმა ერთადერთი შვილი თვალწინ დამიჭეჭყა ჩაქუჩით" - შემზარავი ტრაგედია გლდანში - კვირის პალიტრა

"საკუთარმა ქმარმა ერთადერთი შვილი თვალწინ დამიჭეჭყა ჩაქუჩით" - შემზარავი ტრაგედია გლდანში

"თუ ადვოკატმა გაამართლა ან გიჟად მონათლეს და გამოვიდა, მაშინ მე მოვკლავ. გიჟი არ არის.  მაგას შვილის სიკვდილი უნდოდა, სძულდა, რადგან ვერ იტანდა, ხელს რომ უშლიდა სმაში"

ტრაგედიას საზომი არ აქვს, - მაგრამ არ არსებობს უბედურება, რომელიც შვილმკვდარი დედის უბედურებასათან ახლოს მივა. ბოლო დღეებში გლდანში მომხდარი 75 წლის მერი ხარაიძის ტრაგედია ასეთია, - მას 80 წლის მეუღლემ, ღვიძლი შვილი, 32 წლის გიორგი ხარაიძე თვალწინ მოუკლა ჩაქუჩით, მოხუცმა დედამ კი ერთადერთი ვაჟის გადარჩენა ვერ მოახერხა.

უბედური დედა ხან დადუმებულია, ხანაც ტრაგედიაზე სრული სიცხადით ლაპარაკობს:

- საკუთარმა ქმარმა ერთადერთი შვილი თვალწინ დამიჭეჭყა ჩაქუჩით. ყველაფერი, ძვალიც და ხორციც ერთმანეთში ჰქონდა ჩემს შვილს არეული. ასეთი რა დავაშავე?! მე ცუდი შვილი არ მყავდა. ცუდი არაფერი გაუკეთებია. შეხედულადაც კარგი იყო და ნიჭითაც: სკოლას რომ ამთავრებდა, საჩხერის ”ჩიხურაში” თამაშობდა. ისე კარგად თამაშობდა, რომ საჩხერეში ოთახიც მისცეს და იქ აცხოვრებდნენ. მერე ფეხბურთს თავი დაანება, მაგრამ სამუშაოს სულ დაეძებდა. ბოლო სამუშაო ერთი თვის წინ ძლივს იშოვა, ბროკერად მუშაობდა.  არ ვიცი, რა ვთქვა...

”ვანაში” თავგადაკიდებული შვილი რომ დავინახე, რომელსაც მამამისი კიდევ ჩაქუჩს ურტყამდა და ურტყამდა, რატომღაც თავში გავივლე, რომ ეს ჩემი ჩაქუჩი არ იყო და ჩემს ჩაქუჩს დავუწყე ძებნა, რომ მივსულიყავი და ახლა მე დამეშინა ჩემი ქმრისთვის ჩაქუჩი. მაგრამ ვეღარ ვიპოვე, არ ვიცი, სად გაქრა...

- შეგიძლიათ, რომ თანმდევრობით მომიყვეთ, რაც მოხდა?

- ”ჩიხურა” რომ აზერბაიჯანელებს ეთამაშებოდა ჩვენს სტადიონზე, იქ იყო წასული. თენდებოდა, რომ დაბრუნდა, მეზობლის ბიჭებთან ერთად იყო წასული, ეტყობა სადღაც დალიეს და და მძინარე მამამისი გააღვიძა, იმან კიდევ - მე რაც გითხარი, თუ გააკეთეო? იმან უთხრა, - არაო და ამას მოჰყვა ჩემი უბედურება.

- მამას რას სთხოვდა, რა უნდა გაეკეთებინა?

- რაც თავი მახსოვს, მამა სულ ეჩხუბებოდა. მეც ასეთ გამწარებული ვყავდი, - ბინიდან ჩვენი გაყრა უნდოდა. ძმისშვილები მყავს და ბინა იმათ უნდა მივცეო. ჩვენ იმიტომ არ მოვწონდით, რომ მისი ძმის დანახვა არ მინდოდა, - ჩემი შვილი 10 წლის იყო, როცა სოფელში მისი ძმის გაკეთებული რევოლვერით ითამაშა. ტურმე შიგ ტყვია ყოფილა და როცა გაისროლა, ამ ტყვიამ ხელი გაუხვრიტა და ბეჭში აუვიდა.; ექიმებმა ვერაფრით ამოუღეს და 32 წლის კაცი იმ ტყვიით გავისტუმრე სამარეში. ბიძამისი მაშინ ავითვალწუნე, როცა დავინახე, რომ ეს ჩემი სისხლიანი შვილი ხელზე გადაწვენილი მოჰყავდა, ბავშვი კვდებოდა და იმას ეუბნებოდა, - პოლიციასთან არ თქვა, რომ იარაღი ჩემი იყოო. ამისთანა მაზლი როგორ უნდა მყვარებოდა. ჩემს ქმარს კი ჩემს ჯინაზე, აქვე ახლოს პატარა ბაღი გვაქვს და დღე და ღამე იქ მიჰყავდა სხვა თავის ძმაკაცებთან ერთად და სვამდნენ. გიორგი ამაზე გიჟდებოდა, - ყველა მომაცილეო. იმ ღამეს ”ჩიხურას” თამაშიდან რომ მოვიდა, ნასვამი იყო და გააღვიძა, - იმ ხალხს უთხარი, რომ ბაღიდან მოგვცილდნენო. ის წამოუვარდა და დაარტყა. ერთმანეთს რომ ცემა დაუწყეს, ტელეფონს ვეცი და სასწრაფო გამოვიძახე, მე უბედურს მისამართი სწორედ არ მითქვამს, სახლს ვერ აგნებდნენ და დასახვედრად ჩავედი. მაგრამ სასწრაფო ვერ დავინახე და უკან ამოვედი. ლიფტთან გავიგონე ჩაქუჩის ხმა, - იმხელა ხმა ჰქონდა, ჩემს შვილს თავზე და ლოყის ძვლებზე რომ ურტყამდა...

- ეს როგორ გადაიტანეთ?

- ჩემი შვილი ”ვანაში” იყო გადაყუდებული, ქვეშ კი სისხლის გუბე იდგა. ეტყობა, პირის დასაბანად, რომ მივიდა მამამისი მიეპარა, ჩაარტყა თავში ჩაქუჩი, დაარეტიანა და მერე ურტყამდა და ურტყამდა. თვალი რომ შევავლე მივხვდი, რომ ის ჩემი ჩაქუჩი არ იყო. ჩემ ქმარს კი თავისი ჩაქუჩი იმიტომ ჰქონდა ბაღიდან მოტანილი, რომ უფრო დიდი იყო და უფრო კარგად მოკლავდა შვილს. მერე თავის საქმეს რომ მორჩა, ეს ჩაქუჩი აიღო, ვანაში წაიღო, გარეცხა, ხელ-პირი დაიბანა და სუფთა "საროჩკა" ჩაიცვა და "ზალაში" დადგა. მე შვილს მივარდი, პულსი გავუსინჯე და აღარ ჰქონდა. აივანზე გავედი და კივილი დავიწყე. მერე პოლიციაც მოვიდა და ჩემს ქმარს ბორკილი დაადო. რომ მიჰყავდათ ის ბორკილებიანი ხელი აწია და დაიძახა, - ეს ბინა ჩემიაო.

- ახლა რას აპირებთ?

- გავიგე ჩემს ქმარს ძმისთვის უთქვამს, ადვოკატი მიშოვეო. თუ იმ ადვოკატმა გაამართლა ან გიჟად მონათლეს და გამოვიდა, მაშინ მე მოვკლავ. გიჟი არ არის.  მაგას შვილის სიკვდილი უნდოდა, სძულდა, რადგან ვერ იტანდა, ხელს რომ უშლიდა სმაში.

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)