"მანანა ბერიკაშვილს გვინდა ვკითხოთ, რატომ არაფერს ამბობს, არავის კითხვაზე არ პასუხობს?!" - კვირის პალიტრა

"მანანა ბერიკაშვილს გვინდა ვკითხოთ, რატომ არაფერს ამბობს, არავის კითხვაზე არ პასუხობს?!"

10 თვის ბარბარე რაფალიანცის ბურუსით მოცული სიკვდილიდან თითქმის ორი წელი გავიდა. 2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნების წინა საღამოს, გურჯაანის სოფელ კოლაგში, მექერიშვილების მარანში, წყლით სავსე ქვევრში მკვდარი ჩვილი იპოვეს. ქვევრს ქვა ჰქონდა დაფარებული...

რამდენიმე დღის წინ ბავშვის მშობლებმა და ნათესავებმა თბილისში შს სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. ისინი ბარბარეს საქმის გახსნას ითხოვენ. "დასხდნენ თანამდებობებზე და ეს საქმე აღარ ახსოვთ. არჩევნებამდე განცხადების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევდნენ, მოდიოდნენ და გვაშინებდნენ", - ამბობს ბარბარეს ბებია თინა მექერიშვილი. თუმცა, არ აკონკრეტებს, ვინ ემუქრებოდა.

საპროტესტო აქციას მალევე მოჰყვა ბაჩო ახალაიას ადვოკატის, რომეო საჯაიას სკანდალური განცხადება. ადვოკატის განცხადებით, აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი რაფალიანცის საქმეზეც აპირებდა განცხადების გაკეთებას. მისი მტკიცებით, შეხვედრას, სადაც "რაფალიანცის საქმე" დაიგეგმა, ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი.

"ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლიშვილი და კიწმარიშვილი იყვნენ წინააღმდეგი რაფალიანცის საქმის განხორციელებისა. შესაძლებელია, კიწმარიშვილი ამის თქმას აპირებდა, რასაც ამ მთავრობის გადაგდება მოჰყვებოდა. ე.წ. ციხის ვიდეოფირის ეთერში გასვლამ საზოგადოებას თავზარი დასცა, რაც "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამდა წყალს. ამის შემდეგ გადაწყდა ტრაგედიებითა და პიარით რაღაც ლეგენდის შეთხზვა, რომელიც დააზარალებდა "ნაციონალურ მოძრაობას". ერთ-ერთი გეგმა რაფალიანცის ბავშვის გადამალვა იყო. ის, რომ ბავშვი მოკლულია, ფაქტია, საქმე კი არ არის გახსნილი, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ეს ხელს არ აძლევს. თავის დროზე, გავრცელდა კულტურის მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის განცხადება, რომ ბავშვი მოკლეს. იქ იყო ირაკლი ალასანიაც. რაფალიანცების ოჯახი ისე გამოიყენეს, როგორც უნდოდათ", - ეს განცხადება ადვოკატმა საჯაიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გააკეთა. მისი თქმით, ამ საქმეზე მოწმეც ჰყავს და მამხილებელი ვიდეომასალაც აქვს. ბარბარეს ოჯახი ამ მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს.

როგორ ჩაერთო ამ საქმეში ადვოკატი რომეო საჯაია, ამის გარკვევა ბარბარე რაფალიანცის დეიდასთან, დალი მექერიშვილთან ვცადეთ:

- საჯაია ვიღაც ბიჭთან ერთად გურჯაანში ჩამოვიდა და დედას გაეცნო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და არა ადვოკატი. როცა ტელევიზიით გამოვიდა, დედამ იცნო. ახლა ვიგებთ, რომ ახალაიასა და "ნაციონალების" ადვოკატი ყოფილა. ამიტომ მის განცხადებას არ ვენდობით. თუ სიმართლეს ამბობს, მაშინ მიიყვანოს საქმე ბოლომდე. დედასთან მოტყუებით მივიდა და მისი ნალაპარაკები, მგონი, ფარულადაც ჩაწერა.

- რა კითხვები ჰქონდა რომეო საჯაიას?

- აინტერესებდა, ჩამოდიოდა თუ არა ჩვენთან მანანა ბერიკაშვილი, გვაქცევდა თუ არა ყურადღებას.

- თქვენ ფაქტის თვითმხილველი ხართ, გაქვთ რაიმე ვერსია?

- პასუხი რომ მქონდეს და ვიცოდე, ვინ მოკლა ბავშვი, არ ვაცოცხლებდი. ფაქტია, რომ ეს მკვლელობა პოლიტიკურია. რომელმა პარტიამ გამოიყენა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. შარშან ამ დროს სიცრუის დეტექტორზე დაგვსვეს და ისე დაგვკითხეს, მას მერე არავინ შემოგვხმიანებია.

- რატომ გახდა აუცილებელი თქვენი სიცრუის დეტექტორზე დასმა? იყო უმძიმესი ბრალდება, თითქოს თქვენ იყავით გარეული ამ საქმეში.

- დავურეკე გამომძიებელს და ვუთხარი, მზად ვარ, ჩვენება მივცე სიცრუის დეტექტორზე-მეთქი. ამ საუბრიდან ორი თვის შემდეგ ისე წამიყვანეს, არც ვიცოდი, სად მივდიოდი. არც ადვოკატი მყოლია, მოტყუებით დამსვეს დეტექტორზე. მე ორმაგად ვარ განადგურებული: ჯერ იმიტომ, რომ დისშვილი მომიკლეს, მერე იმიტომ, რომ მე მაბრალებენ. ბარბარე წიწილა ხომ არ იყო, რომ ამ თემით ისპეკულირონ.

- აქციის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციიდან ვინმე ხომ არ შეგხმიანებიათ?

- ჩემი მეუღლე ესაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს. უთხრა, ორ საათში დაგირეკავო, მაგრამ აღარ დაურეკავს. მანანა ბერიკაშვილს გვინდა ვკითხოთ, რატომ არაფერს ამბობს, არავის კითხვაზე არ პასუხობს?! გვითხარით, ვინ მოგვიკლა ბავშვი?!

თეა ხურცილავა