"გამყიდველმა საზამთროს საჭრელი დიდი დანა გაუყარა მუცელში" - მკვლელობა "მალაკნებთან" - კვირის პალიტრა

"გამყიდველმა საზამთროს საჭრელი დიდი დანა გაუყარა მუცელში" - მკვლელობა "მალაკნებთან"

"გელა საქმეს არავის გაურჩევდა, დამთმობი ხასიათი ჰქონდა"

"ისეთი საწყალი გული ჰქონდა, გაზაფხულზე ხე მოუჭრია, რომელზეც ჩიტის ბუდე იყო და ის ბუდე სხვა ხეზე გადაუტანია. სახუმაროდ დაჰქონდათ მისი საწყალი გულის ამბავი სოფელში და ახლა "ძველ ბიჭად" გამოიყვანეს"

ე.წ. მალაკნების ბაზრთან 32 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა საზამთროს გამყიდველს თავს დაესხა. შედეგად მან ორი მათგანი დანით დაჭრა, ერთი კი, გელა ხუცაიძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მას ჭრილობა მუცელში ჰქონდა მიყენებული და სისხლისგან დაიცალა... ეჭვმიტანილი ზურაბ კუტიბაშვილი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით არაერთი ვერსია გავრცელდა, - ერთ-ერთი ვერსიით, ამჟამად დაჭრილ ბიჭებს საზამთროს გამყიდველთან ორჯერ მოუვიდათ შელაპარაკება, მესამედ კი, თან მეგობარიც წამოიყვანეს. ბიჭებთან შელაპარაკების შემდეგ, მათ კუტიბაშვილს შეაგინეს და საბოლოოდ ჩხუბი ერთ-ერთი მათგანის მკვლელობით დასრულდა.

ეჭვმიტანილი ზურაბ კუტიბაშვილის ახლობლის თქმით, ის წარმოშობით კახეთიდან, წნორიდანაა და თბილისში რამდენიმე წლის წინ დასახლდა. კუტიბაშვილი ძალიან მშრომელი ბიჭი იყო და დილიდან საღამომდე, მამასთან ერთად, საზამთროს ყიდდა. მას სამი შვილი ჰყავს...

გარდაცვლილი გელა ხუცაიძის ნათესავი, ხათუნა ბახტურიძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მოკლული ვინმესთვის "ფულის შეწერას" ან საქმის გარჩევას დააპირებდა. მისივე თმით, ასევე ტყუილია ისიც, თითქოს მათ მანქანაში ხელკეტები ჰქონდათ.

- კარგი იქნება, ვინც ასე ხელაღებით ლაპარაკობს მის კრიმინალობაზე, ჩავიდნენ მის სოფელში და გაიკითხონ, როგორი ბიჭი იყო. მისი მოპარული, მისგან ვინმე შევიწროებული კი არა, ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს. დილიდან საღამომდე შრომობდა და ოჯახის რჩენაზე ფიქრობდა.. შემოდგომაზე ცოლის შერთვას აპირებდა. იმ საბედისწერო დღეს, წინანდალში ბრუნდებოდა, ბანკეტი ჰქონდათ კლასელებს და იმისთვის უნდა ჩამოესწრო, მეორე დღეს, 17 აგვისტოს გელას დაბადების დღე იყო... როგორც ამბობენ, საზამთროს გამყიდველს გზა გადაკეტილი ჰქონდა, ის ორი ბიჭი, ვინც გელასთან ერთად მუშაობდა, მანქანიდან გადასულან, გზა გაგვითავისუფლეო და ამის ნიადაგზე საზამთროს გამყიდველთან შელაპარაკება მოსვლიათ. გელა მანქანაში მჯდარა, რადგან არ იყო, ასე ვთქვათ, მოჩხუბარი და "შემტევი" ბიჭი. მისი გარჩეული საქმე არავის უნახავს, ძალიან დამთმობი ხასიათი ჰქონდა.

- ხათუნა, თვითმხილველთა თქმით, სამივე ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი...

- არა, ტყუილია, ბანკეტზე მიდიოდნენ მანქანით და ხელკეტებით რად უნდოდათ?.. საზამთროს გამყიდველს ჰქონია ე.წ. "მანტიროვკა" და ამ ორი ბიჭისთვის დაურტყამს. ერთ-ერთი ახლაც მძიმე მდგომარეობაშია... საზამთროს გამყიდველს არაფერი სჭირს და ამათ თუ ჰქონდათ ხელკეტები, თავს ძალით ხომ არ აცემინებდნენ?.. როდესაც ერთ-ერთი წაქცეულა, მხოლოდ ამის შემდეგ გადასულა გელა მანქანიდან, ვითომ გასაშველებლად და ამისთვის მუცელში დანა აქვს გაყრილი. საზამთროს საჭრელი დიდი დანა გაუყარა მუცელში ჭრილობა იმ საცოდავს. მუცლის ღრუ სისხლით ჰქონია სავსე და საავადმყოფოში მისვლამდე გარდაცვლილა...

ისეთი მშრომელი იყო, დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა. თვეების იყო, დედა რომ გარდაეცვალა და დეიდაჩემმა შვილივით გაზარდა. რამდენიმე წლის წინ მამაც გარდაეცვალა და დედობილისთვის უთქვამს, მარტონი დავრჩითო. ძალიან მიამიტი და გულუბრყვილო ბიჭი იყო, ისეთი საწყალი გული ჰქონდა, გაზაფხულზე ხე მოუჭრია, რომელზეც ჩიტის ბუდე იყო და ის ბუდე სხვა ხეზე გადაუტანია. სახუმაროდ დაჰქონდათ მისი საწყალი გულის ამბავი სოფელში და ახლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, მთელი სოფელი ფეხზე დგას. რისი წამრთმევი იყო, რაც შეეძლო ყველას იქით ეხმარებოდა, ხელობა იცოდა და თავისი შრომა არავისთვის დაუყვედრებია. დაბადებიდან საცოდავი და უბედური ყოფილა, ასე საცოდავად მოკვდა და გარდაცვლილზე კიდევ ისეთ გულსაკლავ რამებს ამბობენ, თითქოს მართლა კრიმინალი იყო.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)