"მიწაზე ბიჭი (მერე როგორც გავიგე, გირგვლიანი იყო) ეგდო და ქოქიაშვილი ეუბნებოდა, არ გაინძრეო.." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მიწაზე ბიჭი (მერე როგორც გავიგე, გირგვლიანი იყო) ეგდო და ქოქიაშვილი ეუბნებოდა, არ გაინძრეო.." (ექსკლუზივი)

"კვირის პალიტრა" გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ყოფილ პოლიციელ მიხეილ ბიბილურიძეს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელიც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა, ფოტოს გადაღება არ ისურვა(?!).

იხ. ამონარიდი მიხეილ ბიბილურიძესთან ინტერვიუდან:

ოქროყანაში 15 წუთსაც არ გავჩერებულვართ. გადმოვედით თუ არა მანქანიდან, ქოქიაშვილი დავინახეთ. მიწაზე ბიჭი (მერე როგორც გავიგე, გირგვლიანი იყო) ეგდო და ქოქიაშვილი ეუბნებოდა, არ გაინძრეო... ქოქიაშვილს ვკითხე, გია ალანია სად არის-მეთქი. ხელით დამანახა, იქითო... გია რაღაც სისულელეს ეუბნებოდა მიწაზე დაგდებულ ტიპს (ბუხაიძეს). რომ დავუძახე, მითხრა, სახელი არ დამიძახოო. გირგვლიანი, რომელიც ქოქიაშვილს და ღაჭავას ებარათ, ზევით ჰყავდათ, ფერდობზე, ბუხაიძე კი ალანიას ებარა ქვემოთ, ვაკე ადგილას... მერე ატყდა დიდი ჩხუბი.

ალანიამ შეაგინა ბუხაიძეს და ცემა დაუწყო. ბუხაიძე ეცა ფეხებში და ეგრევე დააგდო, ჯანზე იყო. მერე ჩვენ მივვარდით ბუხაიძეს და ვცემეთ. ამ ბიჭს გონებაც არ დაუკარგავს. ვინმეს მათი მოკვლა რომ ნდომოდა, ისე გაქრებოდნენ, ცხოვრებაში ვერავინ იპოვიდა. გიამ ბუხაიძეს რამდენჯერმე ტელეფონი მიანათა სახეში. ცოტა ხანში რაღაც ხმაური მოგვესმა. მოვარდა ღაჭავა, ის მეორე გაიქცა და პანჩურიც ამოვარტყიო. გიამ "გადაუარა", როგორ გაგექცა, ს..რი ხარო.

- სანდროს გაქცევის დროს თქვენ გაისროლეთ?

- მე იარაღიც არ მქონდა თან და რა უნდა გამესროლა? ქოქიაშვილმა დაკითხვისას თქვა, თითქოს მე გამივარდა იარაღი. რომც გამვარდნოდა, ეს საქმესთან რა კავშირშია? ღაჭავას ჰქონდა ტაბელური იარაღი და დავინახე, რომ ბუხაიძეს რამდენჯერმე ჩაარტყა. გიას ვკითხე გაქცეულზე, გავყვე-მეთქი? არა, თუ გაიქცა, გაიქცესო. გიას საერთოდ აერია სამიზნე, ბუხაიძეს ტყუილად ვცემდით - გირგვლიანი გვეგონა.

- სანდრო ვინ სცემა და აწამა?

- თუ ვინმე იცემა, ეს ბუხაიძე იყო. ქოქიაშვილმა მხოლოდ თავში წაარტყა მიწაზე დაწოლილ გირგვლიანს, თავი არ აიღოო. გიას და ყველას აქცენტი ბუხაიძეზე გვქონდა.

- მაშ ის სასიკვდილო ჭრილობები თვითონ მიიყენა გირგვლიანმა? თუ თქვენს მერე იმ ადგილას კიდევ ავიდა ვინმე?

- არ ვიცი. მე ოთხი წელი მარწმუნებდნენ, გირგვლიანი ხრამში ჩავარდა, დაისერა და გაიყინაო. ის ფოტოები მეც მაქვს ნანახი. ადამიანს როგორ უნდა მიაყენო ღამის 2 საათზე სიბნელეში ერთი და იმავე ზომის, სიმეტრიული ჭრილობები? ამ დეტალთან დაკავშირებით მეც მიჩნდება კითხვა. აზრზე არ ვარ, როდის რა მოხდა.

- გეცოდინებათ, რა იყო დამკვეთების მიზანი....

- ბიჭებისთვის ჭკუის სწავლება.

მე პირველად ვიყავი იმ ადგილას და ალანია მარწმუნებდა, აქ ჩვენც შემთხვევით მოვხვდითო. მერე გავიგე, რომ ეს მათი აპრობირებული მეთოდი იყო, მანამდე ვიღაცები აჰყავდათ იმავე ადგილას და აწამებდნენ.

ახლა დარწმუნებული ვარ, ახალაიას პირდაპირ აქვს ნათქვამი, ბიჭები ოქროყანაში აიყვანეთო... რა მოხდა "შარდენ-ბარში", ზუსტად ახლაც არ ვიცი, თანდათან ვიგებ.

ვიცი, რომ მთვრალმა ტიპმა "გააჯაზა", შეურაცხყოფა მიაყენა მერაბიშვილის ცოლს, რაც ვიღაცას არ ესიამოვნა და ახალაიამ გადაწყვიტა ბიჭების დასჯა. რად უნდოდა ახალაიას ალანია, როცა გურამ დონაძეც ბარში იყო, დაურეკავდა პატრულს, წაიყვანდნენ პოლიციაში და რაც უნდოდათ, იმას უზამდნენ, მაგრამ ახალაიამ გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ ყველაზე მაგარია და საქმეს თვითონ მოაგვარებდა. მან უბრძანა ალანიას, ოქროყანაში აიყვანეთ, სცემეთ, გაატიტვლეთ და ასე დასაჯეთო.

- თქვენ როდის და ვისგან შეიტყვეთ ამ ტრაგედიის შესახებ?

- სიუჟეტი ვნახე, ოქროყანაში მოხდა მკვლელობაო და მაშინვე გიასთან მივედი. მისგან გავიგე ვერსია, რომ გაქცეული გადაიჩეხა და გაიყინა. მაშინ მეგონა, ბუხაიძე მოკვდა. გიამ მითხრა, ის სვანი მოკვდა, მეორეო და დაამატა, რომ გაიქცა, ხევში ჩავარდა და გაიყინაო. ამ ამბის შემდეგ ძალიან ვნერვიულობდი, მეუბნებოდნენ, დაიკიდე, სააკაშვილმა იცის, ვანომ იცისო. მერე შემომითვალეს, უნდა ჩაჯდეო. ყველაფერი შავნაბადაზე, სააკაშვილის რეზიდენციაში ჰქონდათ გადაწყვეტილი.

წაიკითხეთ სტატია სრულად: "მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!"