"უნდა დაგკითხოთ, ბავშვი გააუპატიურე თუ არაო! ამ ოჯახის კაცს ეს თავზეხელაღებული ბავშვი კლავდა!" - კვირის პალიტრა

"უნდა დაგკითხოთ, ბავშვი გააუპატიურე თუ არაო! ამ ოჯახის კაცს ეს თავზეხელაღებული ბავშვი კლავდა!"

შემთხვევამ, რომელიც დედაქალაქში კაიროს ქუჩაზე მოხდა, ბოლო დროს გახმაურებული პედოფილიის შემთხვევები ეჭვის ქვეშ დააყენა. ინციდენტი 12 წლის გოგონას და მის მიერ პედოფილიაში დადანაშაულებულ 65 წლის მამაკაცს ეხებოდა. გოგონა ამტკიცებდა, რომ მამაკაცი მას ფულს იმისთვის ჩუქნიდა, რომ მასთან სქესობრივი კავშირს დაემყარებინა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბავშვი ცრუობდა. რაც დადებითია იმ მხრივ, რომ აქამდე ღირსებით ცნობილ ოჯახის მამას დამღა ასცდა, საგანგაშო კი მეორე მხრივ არის, - ეს ფაქტი ადასტურებს რომ ჩვენი საზოგადოება დასაცავი შესაძლოა უკვე მსგავსი ბავშვებისგანაც გახდეს...

როგორი ბავშვები შეიძლება აღმოჩნდნენ საშიშები საზოგადოებისთვის და რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა ამაზე, ამის გასაგებად კაიროს ქუჩაზე მივედი; მართალია, აქ საშინელი ბრალდებისაგან გათავისუფლებული ოჯახის კარი გამოკეტილი დამიხვდა; სამაგიეროდ, ქუჩაში დამიხვდა საზოგადოების ის მხარე, რომელმაც ბავშვის ბრალდებისთანავე ხელი დაუფიქრებლად დაადო მანამდე ყველასგან პატივცემულ ადამიანს და ამით მის პატიოსნებაში დანარჩენი უბანიც დააეჭვა. ქუჩაში იდგნენ ისინი, ვინც გოგონას ნათქვამმა მაშინვე დაეჭვა, ახლა კი გოგონას და მის ოჯახს გასახლებით ემუქრებიან.

ლ.კ, კაიროს ქუჩის მკვიდრი:

- ეს რა გაუკეთა ოჯახის კაცს, როგორ დააბრალა, ჩემი გაუპატიურება უნდოდაო! კიდევ, კარგი, იმ კაცს მაგარი გული აღმოაჩნდა, თორემ სხვა მოკვდებოდა მაგის ადგილზე. როგორია, კაცს არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია და ახლა პოლიცია თავზე დაადგა და წაიყვანა, - უნდა დაგკითხოთ, ბავშვი გააუპატიურე თუ არაო! ამ ოჯახის კაცს ეს თავზეხელაღებული ბავშვი კლავდა!

- თავიდან ეს ამბავი როგორ წარიმართა?

- ამ ბავშვის დედა სვამს, მამა კია მშრომელი და პატიოსანი კაცი, მაგრამ ასეთ თავზეხელაღებულ გოგოსთან რა უნდა გააწყოს! ეს ბავშვი ძალიან საეჭვო ბავშვია, ერთხელ ვარკეთილის ბარაკებიდან მოვიდა ისეთი ნაცემი ვიღაც ბიჭებისაგან, მეზობლებს შეეცოდათ და უპატრონეს, მთვრალი დედამისი კი საწოლზე ეგდო და ეძინა... ამ კაცის ოჯახი, ვისაც ასეთი საშინელება დააბრალა, სინამდვილეში ამ ბავშვს პატრონობდა; პურის და ხანდახან ნაყინის ფულსაც კი აძლევდნენ, ბავშვი თავად მიადგებოდა ხოლმე, - ცოტა ფული მომეცითო.

- თუ ბავშვი ფულს თავად ითხოვდა, როგორ მოხდა, რომ ამხელა კაცს ასეთი რამ დააბრალა?

- როგორ მოხდა და სადღაც 20 ლარი მოიპარა. ერთი მეზობელი ჰყავს, ისიც ქალია, დედამისთან მეგობრობს და იმ ქალს უკითხავს, ეგ ფული საიდან გაქვსო. ეტყობა, შეშინდა და მაშინ დაადო იმ კაცს ხელი, - ეგ ბიძია კარტს მეთამაშებოდა, მერე კიდევ გამაუპატიურა და ფული მომცაო. იმ მეზობელმა დაურეკა პოლიციას, თორემ სიმართლე რომ ითქვას, ბავშვის მამას ეგ ამბავი არც დაუჯერებია... ბოლოს პოლიციაც მოვიდა.

- გოგონამ როდის აღიარა, ვიცრუეო?

- როცა გამომძიებელმა დაჰკითხა. თქვა, - აბა, რა მეთქვა, შემეშინდა, რომ ფული მოვიპარე და იმიტომ დავაბრალე ეს ამბავი ბიძიასო.

- ახლა ალბათ 12 წლის გოგონა უფროა საფიქრალი, რა ეშველება, ცუდად გააგრძელებს ცხოვრებას თუ არავინ უშველა...

- ქუჩაში ისევ ჩვეულებრივად დადის და თამაშობს. ფაქტია, რომ ის ამ ოჯახისთვის საფრთხედ იქცა, ხვალ სხვა ოჯახისთვის იქცევა და ასე შემდეგ. ამ ამბავს საშველი არ ექნება.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)