"დაჩი დარჩია დააკლდა ჩვენს ქალაქს" - კვირის პალიტრა

"დაჩი დარჩია დააკლდა ჩვენს ქალაქს"

გუშინ თბილისში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს. მკველობა გახსნილია, მკვლელი პოლიციამ მალევე დააკავა, რომელმაც აღია ჩადენილი დანაშაული. ჩვენ დავუკავშირდით დაჩის მეგობარს ირაკლი გაფრინდაშვილს და მისი გახსენება ვთხოვეთ:

- პირველ რიგში მინდა დაჩის ოჯახს მივუსამძიმრო და ჩემი გულისტკივილი გაოვხატო ამ უბედური შემთხვევის გამო. რაც შეეხება ჩემი და დაჩის ურთიერთობას, დაჩი ადრე კლუბ "ქალაქურში" უკრავდა, თინეიჯერობის პერიოდში თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდი კლუბ "ქალაქურში" და საკმაოდ კარგად ვიცნობდი დაჩის. ხმამაღლა ვიტყვი, რომ მის მსგავს კარგ ადამიანს ქალაქში მეორეს ვერ ნახავდით. საუკეთესო თვისებებით შემკული ადამიანი იყო.

- ვრცელდება ვერსია, რომ თითქოს მკვლელმა დაჩის რაღაც მუსიკის დაკვრა სთხოვა, რაზეც დაჩიმ უარი უთხრა და სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი...

- ამ ვერსიას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფ. თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ, რადგან კლუბებში (ხშირ შემთხვევაში) რასაც ვხედავ, ახალგაზრდები გამოირჩევიან აგრესიით და არაა გამორიცხული, ასეც მომხდარიყო.

- კონფლიქტური იყო დაჩი?

- მასავით კეთილშობილი ადამიანი შეიძლება მეორეც არ იყოს ამ ქვეყნად. მე არ მახსენდება არათუ მისი დაწყებული კონფლიქტი, არამედ კონფლიქტური სიტუაციაც კი. სიკეთით სავსე ბიჭი იყო, გამორიცხულია, დაჩის ვინმესთვის შარი მოედო, ვფიქრობ, კონფლიქტი მკვლელის დაწყებული იქნებოდა და სამწუხაროა, რომ ამ გაუგებრობას ემსხვერპლა დაჩი. დარწმუნებული ვარ, დაჩიმ ძალიან ბევრ ადამიანს აჩუქა უბედნიერესი წუთები საკუთარი შემოქმედებით. დაჩი დარჩია დააკლდა ჩვენს ქალაქს და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი რაღაც მოხდა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)