"ნახევარი სოფელი დაგვღუპა იმ არაკაცმა" - კვირის პალიტრა

"ნახევარი სოფელი დაგვღუპა იმ არაკაცმა"

ყარათუბანში დატრიალებული ტრაგედიის ექსკლუზიური დეტალები

"როგორ გაიმეტა ბავშვობის მეგობრის შვილები სასიკვდილოდ, ვერავის აუხსნია"

ვაჟა სირბილაძე: "ჩემი შვილი ეუბნებოდა, - რა გინდა, დათო ბიძია, რატომ  გვკლავო...  მერე გაქცევა დაუპირებია, მაგრამ გამოჰკიდებია და თავში უსვრია"

ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში 28 აგვისტოს დატრიალებულმა ტრაგედიამ  საქართველო შეძრა. 26 წლის ვაჟა ნარიმანიშვილი, 20 წლის გიორგი და 24 წლის ბაჩუკი სირბილაძეები ამავე სოფლის მკვიდრმა 44 წლის დავით კუბლაშვილმა თოფით გამოასალმა სიცოცხლეს. შემზარავი მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი, მოკლული ბაჩუკი სირბილაძის ძმა, ბექა სირბილაძეა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ახლობლების თქმით, უგონოდ მყოფი ახალგაზრდა მკვლელს მკვდარი ეგონა და ე.წ. საკონტროლო ტყვია აღარ უსვრია. დაჭრილი ახალციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი?!

"კვირის პალიტრა" ყარათუბანში  ტრაგედიიდან მეორე დღესვე ჩავიდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მარიამობის დღესასწაულზე ბიჭები ბუნებაში საქეიფოდ გასულან. უბანში საღამოს დაბრუნებულებს მოლხენა სოფლის ახლოს, პატარა შენობაში გაუგრძელებიათ. სწორედ აქ შეკამათებიან ერთმანეთს სამი ახალგაზრდა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილი. შემდეგ ნასვამი ყმაწვილები ადიგენში ლუდის დასალევად წასულან. კინკლაობა გზაშიც გაუგრძელებიათ და მირზა კუბლაშვილს მამისთვის დაურეკავს.

ერთი ვერსიით, შეიარაღებული დავით კუბლაშვილი ახალგაზრდებს მკვლელობის ადგილას ჩასაფრებია, მეორე ვერსიით, ავტომობილით ეძებდა სოფელში ბიჭებს. მესამეთა თქმით კი, გზად მიმავალ ბიჭებს შემთხვევით გადაეყარა. დავით კუბლაშვილმა მკვლელობა ვინჩესტერის ტიპის იარაღით ჩაიდინა.

"ცოდვის ადგილი"

ამ საზარელი ტრაგედიის ადგილს სოფლის მოსახლეობა დღეს "ცოდვის ადგილს" უწოდებს... შემთხვევის ადგილზე მისულებს გარდაცვლილი გიორგი სირბილაძის  ბიძა პავლე ანდღულაძე დაგვხვდა:

- არ ვიცი, რამ დაუბნელა გონება მკვლელს, რომ სამი უდანაშაულო  ადამიანი ასე უმოწყალოდ მოკლა. ჯერ შორიდან უსვრია, ოთხივე დაჭრილა, მერე მიახლოებია და  სამივესთვის თავში საკონტროლო ტყვია დაუხლია, ბექასთვის წიხლები დაუშენია და რომ არ განძრეულა, აღარ უსვრია. მერე იარაღი მიუგდია და გაქცეულა. ნახევარი სოფელი დაგვღუპა იმ არაკაცმა. ჩემს დას სიმსივნე აქვს, ეს ამბავი როგორ უნდა გადაიტანოს... გიორგის 19 წლის ძმა - გაგი დარჩა.

- გიორგი რას საქმიანობდა?

- ახალციხის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობდა.

რატომ?! ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს...

მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის დავით კუბლაშვილი ათი წელი ადიგენის საჯარო რეესტრის სერვისცენტრის ეროვნული სააგენტოს უფროსად მუშაობდა. ამბობენ, სიმთვრალეში ცუდი ხასიათი ჰქონია. პროფესიით იურისტია, მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავს. აქაურები იმუქრებიან, სახლს გადავუწვავთო, პოლიციამ მკვლელობის ღამესვე გაიყვანა მისი ოჯახი სოფლიდან.

თინა კუბლაშვილი, ადიგენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:

- გიორგი სირბილაძე უღარიბეს ოჯახში გაიზარდა. წესიერი, მშრომელი ახალგაზრდა იყო. ტყეში შეშას ჭრიდა... სამივენი ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ...

დარეჯან ხუციშვილი, გარდაცვლილ ვაჟა ნარიმანიშვილის მეზობელი: - ვაჟას მშობლები გაყრილები იყვნენ, ბიჭი ბებიამ და დედამ გაზარდეს. სკოლის დამთავრებისთანავე ცოლი მოიყვანა, ორი პატარა გოგონა დარჩა, უფროსი მეორე კლასშია, მეორე - წელს შევა პირველ კლასში... თურქეთში  ჩაის კრეფდა და ასე ინახავდა ოჯახს. 29 აგვისტოს უკან, თურქეთში უნდა გაბრუნებულიყო.

- მკვლელობაში ეჭვმიტანილიც თქვენი მეზობელია...

- დათო ნასვამი აგრესიული ხდებოდა. ის ბაჩუკი და ბექა სირბილაძეების მამასთან მეგობრობდა, როგორ გაიმეტა ბავშვობის მეგობრის შვილები სასიკვდილოდ ვერავის აუხსნია. რატომ?! ამ კითხვაზე პასუხი არავის გვაქვს... ბიჭები შუადღისას წასულან საქეიფოდ. გაწვიმებულა, უბანში დაბრუნდნენ და გააგრძელეს ქეიფი. უმნიშვნელო შელაპარაკება მოუხდათ. ჩვენც გავძახეთ, - რას კინკლაობთო. ვაჟამ თქვა: - დღეს მარიამობაა და  ნუ ვიჩხუბებთო...

- კონკრეტულად რაზე მოსვლიათ ჩხუბი?

- არ ვიცით. ის ვიცი, რომ მერე დათოსთვის შვილს დაურეკავს - ბიჭებმა მცემეს თუ მცემენო... დათოს ჟილეტი შემოუცვამს და ისე გასულა შინიდან. სოფელი  მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

სოფელში ამბობენ, ტრაგედიის დატრიალებამდე რამდენიმე საათით ადრე დავით კუბლაშვილი მოკლული ბაჩუკი სირბილაძის მამასთან ერთად ქეიფობდაო.

ვაჟა სირბილაძე, გარდაცვლილი გიორგი სირბილაძის მამა: - 11 საათი იყო დაწყებული, შინ რომ მოვედი. შორიდან ყვირილის ხმა გავიგე. ცოტა ხანში მეუღლეს კივილი შემოესმა. უფროსი შვილი საქეიფოდ იყო წასული, მაშინვე ქვედა უბანში ჩავედით. ხალხი ხიდისკენ გარბოდა. ჩვენც მივყევით და საშინელება დაგვხვდა...

- ხომ არ იცით, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი?

- გარდაცვლილ ბიჭებსა და მკვლელის ვაჟს სუფრაზე შელაპარაკება მოსვლიათ. მაშინვე შერიგებულან, მაგრამ მას მამამისისთვის მაინც დაურეკავს, - მიშველე, მცემენო. დათოს თოფი აუღია, ბიჭები რომ ვერ უნახავს, სოფელში დაბრუნებულა და გზად გადაჰყრია. ოთხივესთვის სათითაოდ უსვრია. მერე სამისთვის თავში უსვრია. მეოთხისთვის სროლა ვეღარ მოუსწრია, გზაზე მანქანა გამოჩენილა და იარაღი გადაუგდია... ეს, ვინც გადარჩა, მან თქვა, სანამ გონებას დაკარგავდა... თურმე ჩემი გიორგი ეუბნებოდა: - რა გინდა, დათო ბიძია, რატომ გვკლავო... ფეხზე ძლივს წამომდგარა, გაქცევა დაუპირებია, მაგრამ გამოჰკიდებია და თავში უსვრია...

გიორგის მარჯვენა ხელი მოწყვეტილი აქვს, ბეჭი განგრეული... ჩემი შვილის მკვლელს არ გავახარებ...

მკვლელის შვილს  ვინმე ძმაკაცისთვის რომ დაერეკა და არა მამამისისთვის, ხომ ცოცხლები იქნებოდნენ დღეს ბიჭები... მკვლელი  მშობლებსაც არ ელაპარაკებოდა, ძმას თოფით დასდევდაო, - ამბობენ.

გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა სოფელში ალბათ არასდროს დაავიწყდებათ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

ექსკლუზიური ვიდეომასალა  იხ.www.palitratv.ge-ზე