"მკვლელმა ლაშასთან ერთად ლაშას დედაც მოკლა" - კვირის პალიტრა

"მკვლელმა ლაშასთან ერთად ლაშას დედაც მოკლა"

"არ მახსენდება ლაშას დაწყებული დავა, თუმცა თავსაც არავის დააჩაგვრინებდა და შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემაც შეეძლო"

"ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა, ამხელა ტრაგედია მოხდა და ამაზე წინ იმას აყენებენ, ამინისტირებული იყო თუ არა ლაშა"

თბილისში, აბაშიძის ქუჩის 50-თან წუხელ მკვლელობა მოხდა. მოკლულია 25 წლის ლაშა მახარაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავამდმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა კომენტარი შს სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა.

ინფორმაციის გადამოწმება გარდაცვლილის მეზობელთან ვცადეთ, რომელმაც გარკვეულ მიზეზთა გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- ლაშას საკმაოდ ახლოს ვიცნობდი. თითქმის ერთი ასაკის ვართ და ერთადაც ხშირად ვიყავით. ის რაც გუშინ მოხდა, სრული შოკი იყო ჩემთვის, მეგობართან ვიყავი და იქ გავიგე ეს ამბავი. უბრალოდ ვერ ვხვდები, ვის შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა. ძალიან უკონფლიქტო ბიჭი იყო. მე არ მახსენდება ლაშას დაწყებული დავა, თუმცა თავსაც არავის დააჩაგვრინებდა და შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემაც შეეძლო.

- ამბობენ, თითქოს ამინისტირებული პატიმარი იყო...

- ლაშა წვრილმან ხულიგნობაზე იყო ნასამართლევი და ეს სასჯელი მას მოხდილიც ჰქონდა. ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა, ამხელა ტრაგედია მოხდა და ამაზე წინ იმას აყენებენ, ამინისტირებული იყო თუ არა ლაშა. რაც ახლა საქართველოში ხდება, მარაზმია. ერთმანეთის სიძულვილით არის ხალხი სავსე და არაფერ შუაშია არც ამნისტია და არც იმპოტენტად ქცეული შსს. რამდენადაც ვიცი, ლაშას ძმაც ნასამართლევი იყო.

- ამბობენ, რომ სწორედ მის ძმასთან ჰქონია უთანხმოება მკვლელს...

- ძნელია ვარაუდებით ლაპარაკი. კი სამეზობლოში ეგრე ამბობენ, რომ ლაშას ძმასთან ჰქონია უთანხმოება და შურისძიების ნიადაგზე მოკლა ლაშა. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელი აქვე ახლოს ცხოვრობს, მაგრამ ვერაფერს ვერ დავადასტურებ.

- როგორც ცნობილია, ამ ოჯახს დაახლოებით ერთი წლის წინ ძალიან დიდი ტრაგედია შეემთხვა.

- დიახ, შარშან გორთან მოხდა ავტოავარია. გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა მსუბუქი მანქანა, რომელშიც ლაშას ძმა, რძალი და ძმისშვილი ისხდნენ და სამივე გარდაიცვალა. არ ვიცი, ეს ტრაგედია როგორ გადაიტანა ლაშას დედამ. ერთადერთი იმედიღა ყავდა ცხოვრებაში ლაშას სახით და ისიც მოუკლეს. ვერც ვხვდები, ამ ქალმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება. ენით რომ ვერ აღწერთ ისეთი უბედურება ტრიალებს ოჯახში. სამძიმარზე რომ მივალ, ვერც ვხვდები, რა უნდა ვუთხრა უბედურ ქალს. მკვლელმა ლაშასთან ერთად ლაშას დედაც მოკლა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)