"ასლანის შვილს ვინ გააჩერებდა და ეტყოდა, კაიფში ხარო და დააკავებდა?" - კვირის პალიტრა

"ასლანის შვილს ვინ გააჩერებდა და ეტყოდა, კაიფში ხარო და დააკავებდა?"

ბათუმში სამართალდამცავებმა ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე დააკავეს. ბრალად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება წაუყენეს, რაც დაუმტკიცდა კიდეც. ამ ფაქტზე კომენტარი ასლან აბაშიძის პრეს-სამსახური ყოფილ ხელმძღვანელს თამაზ ბაკურაძეს ვთხოვეთ:

- გიორგის დაკავებაზე ვიცი მხოლოდ ის, რაც მედიის საშუალებით გავრცელდა. გავიგე, რომ ის დაუკავებიათ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო.

- თქვენ ამ ოჯახთან გქონდათ ახლო ურთიერთობა და როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია ეს ბრალდება?

- ადრე რომ მოიხმარდა გიორგი ნარკოტიკს, ეს არავისთვისაა უცხო და მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა ამაზე, მაგრამ ახლა ისევ მოიხმარს და მართლა იყო თუ არა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ადრე რომ მოიხმარდა, ამის გამო სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია ან როგორ უნდა ჰქონოდა, ადრე ასლანის შვილს ვინ გააჩერებდა და ეტყოდა, კაიფში ხარო და დააკავებდა? ეს ხომ წარმოუდგენელი იყო.

- ამბობენ, გიორგის დაკავება პოლიციაში ჩარჩენილი ძველი ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან შურისძიება იყოო...

- შესაძლებელია ასეც იყოს, რადგან პოლიციაში მრავლად არიან "ნაციონალების" მომხრეები, ხოლო "ნაციონალები" იყვნენ აბაშიძის ოჯახის მტრები. როგორც გითხარით, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა იცის, რომ ის მოიხმარდა ნარკოტიკს და ამიტომ სწორედ ამ სუსტ წერტილში დაარტყეს და მოუძებნეს ისეთი საბაბი, რომელიც ყველასთვის იოლად დასაჯერებელია. ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, არაფერია გამორიცხული. შესაძლებელია, ის დღეს აღარაა ნარკოტიკის მომხმარებელი, მაგრამ ასე ვთქვათ "გაუჩალიჩეს".

- თუ გაქვთ ინფორმაცია ასლან აბაშიძეც ხომ არ აპირებს ჩამოსვლას?

- ასლანთან ურთიერთობა არა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ასლან აბაშიძის საქმე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ "ნაციონალები" ზერელედ მიუდგნენ და ზედაპირულად კერავდნენ საქმეს, არაა გამორიცხული, მის მიმართ სტრასბურგმა მოითხოვოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. "ნაციონალების" არასრული ბრალდებების გამო შესაძლოა ასლან აბაშიძე გაამართლონ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)