"ახლახანს მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... პატრულმა კი ხელი მკრა.ეს დაინახა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია" - კვირის პალიტრა

"ახლახანს მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... პატრულმა კი ხელი მკრა.ეს დაინახა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია"

22 წლის გიგა ზარხოზაშვილსა და პოლიციელებსა და  შორის, გორის ცენტრში მომხდარი ინციდენტის გამო, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ზარხოზაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

10 სექტემბერს გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავარიაში მოყოლილმა გიგა ზარხოზაშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

გიგა ზარხოზაშვილის სასამართლო პროცესზე, პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ ზარხოზაშვილი არ დაემორჩილა პატრულის კანონიერ მოთხოვნას და მომხდარის შემდეგ მიმალვას ცდილობდა.პროკურორის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს გიგა ზარხოზაშვილის დედა

მარინა გაგლოშვილი:

- როდესაც ჩემმა შვილმა ავარია მოახდინა, მეც იქვე ვიყავი. გორის ბაზრობაზე ვმუშაობ. გარემოვაჭრე ვარ... როგორც კი ჩემი შვილის მანქანა დავინახე, მაშინვე მივვარდი, მაგრამ მანქანაში აღარ იჯდა, - თურმე მეგობარი ბიჭისთვის 2 ლარი გამოურთმევია და სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში შესულა.

- სამი მანქანის დამტვრევის შემდეგ?

- დიახ, როგორც კი სიგარეტი იყიდა, პატრულის მანქანა თავად გაუჩერებია. თავისი ფეხით, პატრულთან ერთად იუსტიციის ეზოში შესულა და უთქვამს, რომ ავარია მომივიდაო. გიგა შემთხვევის ადგილზე პატრულის მანქანით მოვიდა, იქვე მდებარე აფთიაქის კამერაზე ამის ამსახველი კადრებიც არის. ამიხსნან ერთი, რანაირად აპირებდა ჩემი შვილი გაქცევასა და ადგილიდან მიმალვას, როდესაც მანქანა იქვე ჰყავდა დატოვებული?.. მეც იქ ვიდექი, გიგა პატრულმა რომ მოიყვანა. უამრავი ადამიანი ვიყავით გარშემო შეკრებილი, რადგან მანქანას დაჯახების შემდეგ, გაზის ბალონი დაზიანდა და ჟონავდა. გარშემომყოფებს შეეშინდათ, არ აფეთქდესო... ვიცოდი, რომ გიგა ნასვამი იყო და პატრულს ვუთხარი კიდევ, ნასვამია და არაფერი დაუშავოთ, თავისით ჩაჯდება მანქანაში-მეთქი. თავად ახალი ნაოპერაციევი ვარ, მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... ამ სიტყვების დასრულება ვერც კი მოვასწარი, რომ ერთ-ერთმა პატრულმა ხელი მკრა. ამას თვალი მოჰკრა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია... ამ სურათის შემყურე მისი მეუღლეც ცუდად გახდა და გული წაუვიდა. გიგამ მისკენაც გაიწია, მაგრამ არ გაუშვეს. ამ გაწევ-გამოწევაში, თუკი ვინმე მოხვდათ ხელში, ყველას დაერივნენ, რათა მაქნანაში ჩაეგდოთ. სასოწარკვეთილი ვკიოდი, - სხვებს რაღას ერჩით, თავი დაანებეთ, ჩემი შვილი იჯდა მხოლოდ მანქანაში და ის წაიყვანეთ-მეთქი.

- რატომ ამბობდით, ამას, კიდევ ვის ემუქრებოდა დაკავების საფრთხე?

- მეშინოდა, იმ არეულობაში ვინმე უდანაშაულო არ წაეყვანათ. საშინელება ტრიალებდა. ჩემი შვილი ნასვამი იყო და ვერ მოზომა, ისე გამოიქაჩა ჩემსკენ. პატრულის თანამშრომლები რომ ვეღარ მოერივნენ, ოთხი ერთად მივარდა, ძირს დააგდეს და რამდენჯერმე ელექტროშოკიც დაადეს. მე დღემდე მეტყობა დალურჯებები. ამის კადრებიც არსებობს. შემდეგ კარგად ნაცემ-ნაბეგვი პატრული მანქანაში ჩააგდეს. ერთ-ერთმა დანარჩენებს ჩემზეც უთხრა, - ესეც ჩააგდეთ მანქანაშიო, მაგრამ როგორღაც ხელიდან დავუსხლტი და საპატრულოს შენობისკენ გავიქეცი, სადაც ჩემი შვილი უნდა მიეყვანათ. იქ შესული, ნერვიულობისგან ცუდად გავხდი და სპაზმები დამეწყო. თანამშრომლებმა ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს, სადაც როგორც მივხვდი, ისვენებდნენ ხოლმე. მის უკან იდგა მანქანა, სადაც ჩემი შვილი იჯდა. მისი ხმა გავიგე და მივხვდი, რომ გიგა იქ იჯდა. მერე კი, ოთახის ფანჯრიდან, ჩემი თვალით დავინახე, როგორ სცემდა პატრულის თანამშრომელი ჩიტაშვილი ჩემს ბორკილდადებულ შვილს. ეს ყველაფერი მის "კაპეზეში" შეყვანამდე ხდებოდა. ამის ნახვის შემდეგ, რა მოხდა, აღარ მახსოვს, რადგან ისე ცუდად გავხდი, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა.

- ამჟამად თქვენი შვილი დაკავებულია?.

- დიახ. გლდანის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი... შემდეგ, პოლიციის უფროსის მოადგილემ მითხრა, თქვენ უზრდელი, გაუზრდელი შვილი გყავთო. მე მარტოხელამ, უმამოდ გავზარდე ჩემი შვილი და აქამდე ისე მოვედით, მასზე აუგი არავის უთქვამს. გიგამ სავალდებულო სამხედრო სამსახური სამთავრობო დაცვაში მოიხადა. არ გვინდოდა, რომ სამსახური თბილისში გაეგრძელებინა, ოჯახს მოსცდება და მისი ცოლ-შვილი მის გარეშე ცოდვაა-მეთქი. ამიტომ გორში მუშობდა, მანქანის ხელოსანია. შევიდნენ და ნახონ ერთი მისი ხელები, ახლაც რა დღეში აქვს მუშაობისგან, გადაყვლეფილი აქვს ხელის გულები. შუაღამემდე მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. მეუღლე და 3 წლის გოგონა ჰყავს... ახლა კი მისთვის პატიმრობის მისჯას ითხოვენ, ავადმყოფი ქალი ვარ, მაგრამ არ გავჩერდები. არსებიბს კადრები, სადაც ჩანს, რომ პატრული ჯერ მე მკრავს ხელს და ჩემი შვილი ჩემს დასაცავად იწევს...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)