"მასთან ერთად კანიბალები, მანიაკები იხდიან სასჯელს" - " ბელი ლებედის"ქართველი ტყვე - კვირის პალიტრა

"მასთან ერთად კანიბალები, მანიაკები იხდიან სასჯელს" - " ბელი ლებედის"ქართველი ტყვე

"კაზინოს დაწვისას, რაც პაატას ბრალდება, 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდა გოგონა - მოლარე"

"ამოცნობაზე მოწმეებს წარუდგინეს სამი კაცი წარუდგინეს – ორი კორეელი და პაატა... შედეგს თავადაც მიხვდებით..."

რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, სოლიკამსკის სიკვდილმისჯილთა კოლონიის, ე.წ. ”ბელი ლებედის” კამერაში ქართველი ტუსაღი ზის. სამუდამო პატიმრობამისჯილი ქართველი მოკრივის, 42 წლის პაატა გვასალიას ბედი, მისი დაპატიმრებიდან 11 წლის შემდეგაც გაურვეველია...

სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც ცნობილი ქართველი მოკრივე, საქართველოს, რუსეთისა და ევროპის ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დააპატიმრეს, ასეთია, - 2003 წლის 11 აპრილს, პეტროპავლოვსკში, კამჩატკაზე კაზინო "პალადა" დაიწვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. რუსულმა სასამართლომ დამნაშავედ პაატა გვასალია ცნო, თუმცა, საქმეში დღემდე არსებობს უპასუხოდ დარჩენილი კითხვები. დაკავებული ქართველი მოკრივის ახლობლები დღემდე ამტკიცებენ, რომ პაატა უდანაშაულოა და სხვადასხვა ბიზნესჯგუფების ინტერესებს შეეწირა.

ცნობილი მოკრივის ძმის, კახა გვასალიას თქმით, წლებია, რაც პაატა მძიმე სასჯელს სასტიკ დამნაშავეებთან ერთად იხდის.

- პაატა 90-იან წლებში წავიდა რუსეთში. იმ პერიოდში საქართველოში ისეთი რთული სიტუაცია იყო, სპორტისთვის არავის ეცალა. მისთვის კი სპორტი ყველაფერს ნიშნავდა... პაატა რამდენჯერმე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. 1990 წელს ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო და ევროპის ჩემპიონიც გახდა. ხშირად რინგზე გასვლა ტრავმებით უწევდა... 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი ბრძოლა ჩაატარა მოტეხილი ხელით და ვერცხლის მედალი აიღო... შემდეგ კი ხელის ოპერაცია გაიკეთა, ძვლის მაგივრად პლასტმასი ჩაუსვეს. ერთი სიტყვიოთ, ძალიან ადრე მოუწია აქტიური სპორტიდან წასვლა. მას შემდეგ, რაც სპორტს ჩამოშორდა, ბიზნესში ჩაერთო.

- რისი ბიზნესი ჰქონდა?

- კამჩატკელი ბიზნესმენები დაუკავშირდნენ, ჭირდებოდათ კაცი, ვინც გემთმშენებელი ქარხნიდან გემების შესყიდვაში დაეხმარებოდა. აქედან დაიწყო პაატასა და კამჩატკელების საქმიანი კავშირი. პეტროპავლოვსკში ჰქონდათ სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი. ასევე, კაზინო. მათ პაატას შეპირებული თახნა ვერ გადაუხადეს და ამის სანაცვლოდ, დროებით კაზინოში დაასაქმეს, მას წესრიგის დამყარება ევალებოდა.

- პაატას 2003 წელს კაზინოს დაწვა ედება ბრალად...

- კაზინო "პალადა", რომლის დაწვასაც პაატას აბრალებენ, მათი კონკურენტი არ ყოფილა, ბევრად პატარა იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სავენტილაციო სისტემაში დიზელის საწვავის ჩასხმის შედეგად დაიწვა. ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის დაიწვა ახალგაზრდა მოლარე, გოგონა, რომელიც გარედან დაკეტილ სალაროში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, კაზინოს კარი უცებ არ გახსნეს, რომ ხალხს ფული არ გაეტანა... წერილში, რომელიც ჩემმა ძმამ რუსეთში ერთ-ერთ ცნობილ გამოცემას გაუგზავნა, წერს, რომ არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც მისი ბიზნესში ყოფნა არ აწყობდა. ის კაზინოს დაწვიდან ორი თვის შემდეგ დააკავეს.

- ამ საქმეზე მხოლოდ პაატა დააკავეს?

- არა, მოგვიანებით დააკავეს მანქანის ხელოსანი, ვინმე პეტროსოვი. სწორედ პეტროსოვის ავტომანქანა დაფიქსირდა კაზინო "პალადასთან" იმ ღამეს, როცა კაზინო დაიწვა. თავიდან პეტროსოვმა განაცხადა, მანქანა მომპარესო, შემდეგ გაირკვა, რომ იმავე ღამეს ადგილობრივს ათხოვა... შემდეგ, სამართალდამცველებმა პრესასთან განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი აღმოვაჩინეთ, რომლის დნმ-ის ანალიზითაც დამნაშავის დადგენა შეიძლებაო. მოგვიანებით, ეს კვალი საქმიდან გაქრა. მაგრამ გამოჩნდა კაზინოს დაცვის ორი თანამშრომელი, რომელთა თქმითაც, ადამიანი, რომელმაც მათი აზრით, კაზინოს ცეცხლი გაუჩინა, ცნობილ სპორტსმენს, პაატა გვასალიას მიამსგავსეს. ამოცნობაზე მოწმეებს წარუდგინეს სამი კაცი წარუდგინეს – ორი კორეელი და პაატა... შედეგს თავადაც მიხვდებით... შემდეგ სასამართლო პროცესზე მათგან ერთ-ერთმა თქვა, - სანამ ამოცნობაზე შევიდოდი, პაატას ფოტო მიჩვენეს და მითხრეს, ამ კაცს დაადე ხელიო, მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

- სინამდვილეში სად იყო პაატა იმ ღამეს?

- იმავე ქალაქში, მეგობართან ერთად და კაზინოში ხანძრის გაჩენის შესახებ სხვებთან ერთად გაიგო... ამიტომაც ვამბობთ, რომ ამ წლების განმავლობაში ჩემი ძმა უსამართლოდ იხდის ასეთ სასტიკ სასჯელს. იქნებ ამდენი წლის შემდეგ მაინც მოხერხდეს მისი საქართველოში ექსტრადირება...

– როგორ მდგომარეობაშია ახლა პაატა, ბოლოს როდის ნახეთ?

- მე კარგა ხანია არ მინახავს, მამამ ნახა ორი თვის წინ. მისი მონახულების უფლება, წელიწადში ორჯერ, ოთხი საათის განმავლობაში გვაქვს და რუსულ ენაზე უნდა ვისაუბროთ... მამამ ვერ მიატოვა და ამ ამბის შემდეგ, მოსკოვში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ იყო მის სანახავად მისული. აქამდე იმედიანად იყო, ახლა უფრო მოტეხილი მეჩვენაო, მითხრა. როგორია სასჯელს იხდიდე ისეთ სასტიკ ციხეში, როგორიც ”ბელი ლებედია”, თანაც, არაფრის გამო. იქ პატიმარი არ გაჰყავთ ეზოში, სასეირნო ოთახი 20 კვ. უფანჯრებო ოთახია. მასთან ერთად კანიბალები, მანიაკები და სხვა, ძალზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს – ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. საკნიდან გამოყვანილ პატიმარს წინ გახედვის უფლება არ აქვს. ხელები ზურგზე უნდა ჰქონდეს და მარტო იატაკს ხედავდეს.

კონსულტაციისთვის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც" დავუკავშირდით, სადაც იმედი აქვთ, რომ პაატა გვასალიას სამშობლოში ექსტრადირებას მიაღწევენ.

მაია ხუციშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი:

- პაატა გვასალიას საქართველოში ექსტრადირება, შემდგომი სასჯელის აქ მოხდის მიზნით, სრულიად რეალურია. ოჯახმა წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. რუსეთთან გართულებული ურთიერთობის გამო, მათთან დაკავშირება შვეიცარიის საელჩოს საშუალებით ხდება და შესაძლებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები პატიმრის საქართველოში გადმოყვანის თაობაზე, ვინაიდან რუსეთის ფედერაციასთან ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულება არსებობს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)