,,მე მოვკვდები იმაზე ლამაზად, ვიდრე თქვენ ცხოვრობთ" - რატომ ჩამოიხრჩო 21 წლის ნინიმ თავი - კვირის პალიტრა

,,მე მოვკვდები იმაზე ლამაზად, ვიდრე თქვენ ცხოვრობთ" - რატომ ჩამოიხრჩო 21 წლის ნინიმ თავი

გორში, კომბინატის დასახლებაში 21 წლის ნინო ბაბუციძემ თავი ჩამოიხრჩო. სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოზე ამ შინაარსის სიტყვები დატოვა: - ,,მე მოვკვდები იმაზე ლამაზად ვიდრე თქვენ ცხოვრობთ" ... ახლობლების თქმით, ჩამომხრჩვალი გოგონა მამამ იპოვა.

"ნინო სიცოცხლით სავსე გოგო იყო, სულ ცეკვავდა, მღეროდა... წლებია ვიცნობ, ბავშვობიდან. გაოგნებული ვარ... გორში, სუხიშვილების სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა. ძალიან კარგად ცეკვავდა..." - ასე იხსენებს გოგონას თავისი მეგობარი.

- ამ ტრაგიკულ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. კარგ ხასიათზე იყო, მხიარული, მომღიმარე. თავის გეგმებსა და დასვენებაზე მელაპარაკა. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა, სხარტი და ცოცხალი. საერთოდ, გარშემო სიხარულსა და სითბოს აფრქვევდა. ძალიან ლამაზი იყო და ღიმილი ძალიან უხდებოდა. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და რომ მოდიოდა, ეზოდან იწყებდა სიცილს. რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავით, მაშინვე გაგახალისებდა... შოკში ვართ ყველანი... ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, რომ ეს გაეკეთებინა, რადგან სიცოცხლეზე უსაზღვროდ შეყვარებული იყო...

- "ფეისბუქის" სტატუსმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა...

- მესმის, მაგრამ მაინც მგონია, რომ უბრალოდ დაემთხვა. ვინც ბოლოს ნახა, ყველამ თქვა, რომ მოწყენილობის კვალიც არ არტყობოდა, თორემ რამე რომ ყოფილიყო, უახლოეს მეგობრებს გაუზიარებდა. იმათ ვკითხე, ვინც მასთან ჩემზე ახლოს იყო, ისინი ჩემზე უარეს დღეში არიან. მამამისის სახე არასოდეს დამავიწყდება, - ნინის ცხედარს დაჰყურებდა და თავისთვის ამბობდა, - რატომ შვილო, რატომო...

- მომხდართან დაკავშირებით, არაერთი ვერსია გავრცელდა...

- დიახ, მაგრამ ის, რომ ვითომ შეყვარებულის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ტყუილია და დანამდვილებით შემიძლია ამის თქმა. ნინი არ იყო ის ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. ზუსტად ვიცი... ნინოზე, ამას სრულიად გამოვრიცხავ. ყველას მინდა ვთხოვო, ნუ ავრცელებენ საზიზღარ ჭორებს, ამით მის ოჯახსა და ახლობლებს უარეს დღეში გვაგდებენ. არ შეიძლება, მიცვალებულზე შენი ვერსიით ილაპარაკო.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)