"სახელის გამხელის მეშინია, შვილები მყავს და წურწუმიები ახლა მათ დამიხოცავენ" - კვირის პალიტრა

"სახელის გამხელის მეშინია, შვილები მყავს და წურწუმიები ახლა მათ დამიხოცავენ"

"წურწუმიებმა რამდენჯერმე შემოუთვალეს ჯემალის დედას, შენ ადგილზე მოჯექი, თორემ ჩვენ მთავრობაში ისეთი კაცი გვყავს, მაინც სასამართლო დარბაზიდან გამოგვიშვებსო"

"აწი სულაც ჩვენ თვალწინ რომ კლავდნენ ვინმეს, პატრულის გამომძახებელი არ ვართ"

"10 წელიწადი შვილი არ ჰყავდა, მერე უფალმა აჩუქა, ის იყო, გზაზე დააყენა, რომ წიწილასავით დაუკლეს"

2013 წლის დეკემბერში, გლდანის მეორე მიკრორაიონში 20 წლის ჯემალ შელია ჯგუფური ცემის შედეგად გარდაიცვალა. ინციდენტის მიზეზი ჯემალ შელიასგან ჯიხურში მოვაჭრე მეგობრის დედის გამოქომაგება გახდა, რომელსაც დაახლოებით 50 წლის ორი პიროვნება, - აკაკი გვასალია და ზურაბ წურწუმია(ორივე ნასამართლებია) აიძულებდა, ჯიხურში არსებული ხილის მთლიანი მარაგი სულ 5 ლარად მიეყიდა. იქვე მდგომი შელია კამათის გაგონებისთანავე ჯიხურთან მივიდა და კლიენტებს სთხოვა, ქალბატონს ჩამოხსნოდნენ. საპასუხოდ ერთ-ერთი მათგანი ახლობლებს დაუკავშირდა, რის შემდეგაც მათ დასახმარებლად ადგილზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზურაბ წურწუმიას დისშვილები, ტარიელ (ნასამართლებია ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის) და კახაბერ წურწუმიები მოვიდნენ. მათ ჯემალ შელია მეგობართან ერთად ადგილობრივ პარკში იძულებით წაიყვანეს, სადაც ორივე დაუნდობლად ცემეს. შელიას თავის ქალაზე მრავალჯერადი ჭრილობები აღენიშნებოდა, მიუხედავად ოპერაციისა, გარდაიცვალა. აღნიშნული ჩხუბი, სასამართლოზე, რომელიც 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რამდენიმე მოწმემ დეტალურად აღწერა:

"წაქცეულებს ერთდროულად რამდენიმე კაცი წიხლებით გამეტებით ურტყამდა. დროდადრო ჯემალი წამოდგომას ახერხებდა და ხელებს სწევდა, გნებდებით, თავი დამანებეთო. ამ დროს მას ხელს სტაცებდნენ, იქვე მდგომ შენობასთან მიჰყავდათ და ზურგით მთელი ძალით ანარცხებდნენ".

ამის მიუხედავად, მოსამართლე გიორგი დარახველიძის განჩინებით, ჩხუბის ოთხივე მონაწილე სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა. პროცესის შემდეგ შინდაბრუნებულმა შელიას დედამ, ირა ფიფიამ (სურათზე) ახლობლებს წინ გაუსწრო და წინასწარმომარაგებული საწვავით თავის დაწვა სცადა. თუმცა ნერვიულობისაგან ასანთის ანთება ვეღარ მოასწრო, რის გამოც საწვავი მისაშველებლად მისულ ახლობლებს გადაესხა. ამ მდგომარეობის გამო ლოგინად ჩავარდნილი ირა ფიფიას გამო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მისი ახლობლები საუბრობენ.

ტ. კ; ირა ფიფიას ახლობელი:

- სახელის გამხელის იმიტომ მეშინია, რომ შვილები მყავს და მეშინია, რომ წურწუმიები ახლა მათ დამიხოცავენ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხმა გაავრცელეს, - ხომ ხედავთ, რა მოხდა, აწი ყველას შელიას გზას გავუყენებთ, ვინც ბევრს ილაპარაკებსო. ასეც იზამენ. ხალხი გარშემო ძალიან შეშინებულია. ამბობენ, ის დრო დაბრუნდა, როცა შვილების გარეთ გაშვების გვეშინოდა, რადგან არ ვიცოდით, ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ მკვდრებიო. ზოგმა ისეც თქვა, აწი, სულაც ჩვენ თვალწინ რომ კლავდნენ ვინმეს, პატრულის გამომძახებელი არ ვართ, რადგან თუ კაცისმკვლელებს ასე იოლად უშვებენ ციხიდან, რა გარანტია გვაქვს, იმას არ გაიგებენ, პატრული ვინ გამოიძახა და ჩვენ არ დაგვხოცავენო. წურწუმიებმაც რამდენჯერმე შემოუთვალეს ჯემალის დედას, შენ ადგილზე მოჯექი, თორემ ჩვენ მთავრობაში ისეთი კაცი გვყავს, მაინც სასამართლო დარბაზიდან გამოგვიშვებსო. ამას ვინ იფიქრებდა, რაც მოხდა, თავად პროკურორი გვეუბნეოდა, დამნაშავეებს 12 წელიწადს მინც მიუსჯიანო, მაგრამ ეტყობა, საცოდავ ქალს მაინც ჰქონდა ეჭვი და იმიტომ მოიმარაგა ბენზინი თავის დასაწვავად. კიდევ კარგი, რომ გადაარჩინეს. ვინც გადაარჩინა, იმათაც უთხრეს და მეც ვუთხარი: - არ უნდა მოკვდე, შენ ახლა გირგვლიანის დედასავით უნდა იბრძოლო, შენი შვილის სიკვდილი არავის შერჩეს, შვილს კი ვეღარ გააცოცხლებ, მაგრამ სხვის შვილებს მაინც უშველი, - ქვეყანას თუ შეძრავ, მთავრობას შეეშინდება და დამნაშავეების გათავისუფლებას ვერავინ ჩააწყობს-მეთქი. მართლა გირგვლიანის დედასავით თუ არ მოიქცა, მაშინ დავიღუპებით.

- მოსამართლისთვის აშკარა დამნაშავეების გათავისუფლება რეპუტაციის განადგურების ტოლფასია, იქნებ მას მართლაც ჰქონდა რეალური საფუძველი, რომ ეს ხალხი გაეთავისუფლებინა. განჩინებაში რა დაასახელა ამ გადაწყვეტილების მიზეზად?

- შესაბამისი დოკუმენტაციის უქონლობა. ეს ქალბატონმა კერძო ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა დაუდასტურა, - წურწუმიებმა ის დაიქირავეს. "დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ რა ვიცით, რომ შელიას თავის ქალაა ცემით ჰქონდა ჩამტვრეული და გახლეჩილი, იქნებ ქუჩაში წაიქცაო?" - ამას რომ ამბობდა, სასამართლოს მანდატურებიც კი გაოგნებულები შეჰყურებდნენ. სხვა რა "დოკუმენტაცია" უნდოდა მოსამართლეს, - რამდენიმე მოწმემ დეტალურად აღუწერა, 20 წლის უდანაშაულო ბიჭი ცემით როგორ მოკლეს და კიდევ რა დოკუმენტაციას მოითხოვდა? მისი უბედური დედა ჩხუბს სურათს ხომ ვერ გადაუღებდა და ზედ ხომ არ დაურთავდა?! მისთვის ახლა ყველაფერი დამთავრებულია, - ისეთი შვილი მოუკლეს, ენა ვერ აღწერს მის ღირსებებს, სიონში მსახურობდა სტიქაროსნად, მეზობლები შვილებს ანდობდნენ, - ჩვენ არ გვიჯერებს და იქნებ შენ დაგიჯეროს, გზაზე დააყენეო. ადამიანის ენა ვერ იტყვის, რა წვალებით გამოზარდა ასეთად - 10 წელიწადი შვილი არ ჰყავდა, მერე უფალმა აჩუქა, რამდენიმე დღის ჩვილი იშვილა, რაც გააჩნდა, ყველაფერი შესწირა, - საჭმელსაც კი იკლებდა, რომ მისთვის განათლება მიეცა; ის იყო, გზაზე დააყენა, რომ წიწილასავით დაუკლეს; მერე კი ეს მისი შვილის მკვლელები მოსამართლემ გარეთ გამოუშვა, - თურმე კაი ბიჭები ყოფილხართო. ამის შემდეგ რომელმა დედამ უნდა დაისვენოს ამ ქვეყანაში, - ისევ ის დრო ბრუნდება, ხალხს ქუჩის ყოველ კუთხეში რომ ხოცავდნენ."

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)