"ძმა სამსახურიდან წამოსვლას და ჰიჯაბის ტარებას სთხოვდა" – პანკისში ძმამ და "თანამედროვეობისთვის" 7-ჯერ დაჭრა - კვირის პალიტრა

"ძმა სამსახურიდან წამოსვლას და ჰიჯაბის ტარებას სთხოვდა" – პანკისში ძმამ და "თანამედროვეობისთვის" 7-ჯერ დაჭრა

"მუდმივად საყვედურობდნენ მის ძმას, - გოგოს ვერ პატრონობო..."

"ხალისიანი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰყავდა მეგობრები და ისე იცვამდა, როგორც თავად მოსწონდა"

"რატომ ვიარო ისე, როგორც ეს სხვებს უნდათ, რას ვაშავებ, თუ მოკლე კაბას, ან შარვალს ჩავიცმევო..."

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ძმამ საკუთარი და ცივი იარაღით დაჭრა. 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. ადგილობრივების თქმით, ინციდენტი და- ძმას შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა.

- ახლაც სუსტად არის რუსუდანი, თუმცა, გადარჩა... ოთხი და-ძმანი არიან. რუსუდანს კიდევ ერთი ძმა და და ჰყავს, მაგრამ ის გამოირჩეულად განათლებული იყო. იმ ძმაზე რამდენჯერაც ჩამოვაგდეთ ლაპარაკი, ყოველთვის თავი აარიდა. მერე თქვეს, მკურნალობს, რაღაც პრობლემები აქვსო, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ასე მისი ცხოვრების წესის და რელიგიის გამო ამბობდნენ ამბობდნენ ამას – ვაჰაბიზმის მიმდევარია მისი ძმა – ყვება ჩვენთან ოჯახის ახლობელი.

- დედ-მამა ჰყავს?

- კი, ძალიან პატიოსანი და წესიერი ხალხია. ძმის ამბავს განიცდიდა ყველა. არ ვიცი რის ნიადაგზე, არ ამბობდნენ, მაგრამ სულ მესმოდა ფსიქიური პრობლემებიც აქვსო... ასკეტური ყაიდის ადამიანია, ძალიან მორწმუნე, ოჯახის წევრების მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. სხვები უთმენდნენ. რუსუდანი, განათლებული, გამოსული გოგოა. ისეთი გახსნილი გონება აქვს, პანკისის ხეობის მცხოვრებისთვის თეთრ ყვავად იქცა. ძმისთვის კი, განსაკუთრებით... პირველი კონფლიქტი მაშინ მოუვიდათ, როდესაც რუსუდანმა ნორმატივები ჩააბარა და ადგილობრივი პოლიციის ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. რუსუდანის ამ გადაწყვეტილებას ოჯახში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და მუდმივად კამათის საგანი იყო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ რუსუდანის სამსახური არც მის ახლობლებს მოსწონდათ და ამას მუდმივად საყვედურობდნენ მის ძმას, - გოგოს ვერ პატრონობო...

- რაში გამოიხატებოდა, რომ ვერ პატრონობდა, მუშაობაში?

- იმაში, რომ რუსუდანი თვითრეალიზაციას ცდილობდა. ძალიან განათლებული გოგოა და სახლში ვერ დაჯდა, მქსოველი და საქონლის მომვლელი ვერ გახდა, რაც აქ ტრადიციულია გოგონებისთვის. ამიტომ, უყურებდა მას ბევრი ამრეზით. რუსუდანი კი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალისიანი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰყავდა მეგობრები და ისე იცვამდა, როგორც თავად მოსწონდა.

- მეუღლე არ ჰყავს?

- არა ჯერ, გასათხოვარია... ქალის ცხოვრების ასეთი წესი, მისი ოჯახის წევრი მამაკაცების უპატივცემლობად ითვლება აქ და ამიტომ, რუსუდანი მუდმივად ძმის ზეწოლის ქვეშ იყო. მის ბუნების ადამიანს ეს, აქაური მკაცრი კანონების ატანა უჭირდა და სულ ამბობდა, - რატომ ვიარო ისე, როგორც სხვებს უნდათ, რას ვაშავებ თუ მოკლე კაბას, ან შარვალს ჩავიცმევო... გრძელი კაბის გარეშე გარეთ გამოსვლა აქ ცუდ ტონად ითვლება. რუსუდანი კი, თავისი თავისუფალი და ხალასი ბუნებით, ხეობის კანონებს ებრძოდა... პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ, სკოლაში დაიწყო მუშაობა. საგანმათლებლო დაწესებულებაში ისე დადიოდა, როგორც მის სამსახურს შეეფერებოდა, - მოვლილი და კარგად ჩაცმული. ძმა კი მეორე სამსახურიდან წამოსვლას, ტრადიციული სამოსისა და ჰიჯაბის ტარებასაც სთხოვდა. ანუ სარწმუნოების ნიადაგზე საკმაოდ ხშირად ჰქონდათ შელაპარაკება.

- ჰიჯაბს ატარებენ დუისელი ქალები?

- ვაჰაბიტთა ოჯახის ქალები – კი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)