"მიპასუხონ, რა დაშავა ჩემმა შვილმა, რომ ორი ტყვია დაახალეს შუბლში?" - კვირის პალიტრა

"მიპასუხონ, რა დაშავა ჩემმა შვილმა, რომ ორი ტყვია დაახალეს შუბლში?"

ქუთაისში პოლიციელის მიერ მოკლული 21 წლის მირზა გოჩუაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაღუპულის მამა, ზაზა ბუჩუაძე პირადი ანგარიშსწორებით იმუქრება... 3 ოქტომბერს ქუთაისში, საღორიას ტერიტორიაზე, პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭს თავში ესროლა, რის შედეგადაც ის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა თავის არეში დაჭრილი მირზას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "შსს -ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული პირის მიმართ, რომელიც სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დასჯახებოდა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელმა მისი მანქანის მიმართულებით გაისროლა...

ზაზა გოჩუაძე, მირზას მამა:

- შვილი მომიკლეს...…რა დაშავა ჩემმა შვილმა ასეთი, რომ ორი ტყვია დაახალეს შუბლში?.. ამიხსნას ვინმემ, თორემ არ გავჩუმდები. თუ მართლმსაჯულება გაჩუმდება და მიაჩუმათებს, ჩვენ, ოჯახი არ მოვითმენთ, რომ ხვალ და ზეგ სხვებსაც არ დაუხოცონ შვილები.. თქვენს კოლეგებს საშინელებებს ეუბნებიან მირზაზე, ისინიც წერენ. ჩემი შვილი ყაჩაღი და ბოროტმოქმედი არ ყოფილა. პატიოსანი, წესიერი, თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო. ურქეთში მუშაობდა, თავისი ფული რომ ჰქონოდა. ნახონ, ხელები რას უგავს... ორი დღის ჩამოსული იყო თურქეთიდან და მისი ნახვა ვერ მოვასწარი, ისე მოკლეს.

ირაკლი, მირზა გოჩუაძის მეგობარი:

- მირზას დაღუპვის შემდეგ უამრავი ვერსია გავრცელდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის მარკეტის გაქურდვაში, რასაც ეს ყველაფერი მოჰყვა, ეჭვმიტანილი არ ყოფილა. მირზა არ იყო ხულიგანი და ყაჩაღი, ერთი უბრალო, ხალისიანი ბიჭი იყო, სიცოცხლე უყვარდა და მეგობრების გამო ყველაფერს გააკეთებდა. თურქეთში იყოს სამუშაოდ წასული და ამ რამდენიმე დღის ჩამოვოდა. კრიმინალი და თავზეხელაღებული რომ ყოფილიყო, სამუშაოდ არ წავიდოდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ბრალდები სამჯერ ნასამართლევი იყო...

- სამჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ერთხელ იყო ნასამართლევი. არ ვიცი, რის გამო... ჩვენ, აქაურმა მეგობრებმა მას შემდეგ გავიცანით, რაც ციხიდან გამოვიდა. დედ-მამა გაცილებული არიან და მირზას ერთი ძალიან კარგი ქალბატონი ზრდიდა. ანა ჰქვია, გვარი არ მახსოვს... მასთან ცხოვრობდა ქუთაისში.

- რა მოხდა იმ დღეს?

- იმ დღეს მირზა მეგობრის მანქანით სეირნობდა უბანში. თვითონ არ ჰყავდა მანქანა, ძალიან უნდოდა, მაგრამ მართვის მოწმობა არ ჰქონდა... პოლიციელს ეგონა, წინა დღეს მარკეტის გატეხვაში მირზა იყო დამნაშავე და უთვალთვალებდნენ. მთელ უბანში იყვნენ გადანაწილებული. როდესაც გამოეკიდნენ, ის ჩიხში მოექცა, რადგან იმ მხარეს გასაქცევი არ იყო, მაგრამ ჩიხამდე მისვლა არც აცალეს, შეუხვია თუ არა, მაშინვე ესროლეს, პირდაპირ თავში. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი...

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააჩერა?

- როგორც გითხარით, მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ალბათ იმიტომ. მირზა არ იყო ის ბიჭი, მარკეტში გადამძვრალიყო და შოკოლადები და სიგარეტები მოეპარა. ამას უბრალოდ არ გააკეთებდა. მით უფრო, თურქეთიდან ახალ დაბრუნებულს სხვა თუ არაფერი, სახარჯო ფული მაინც ექნებოდა. ფანჯარა, საიდანაც მარკეტში ვიღაც გადაძვრა, ძალიან პატარაა. სავარაუდოდ ვიღაც ბაშვების გაკეთებული იქნება და რახან მირზა ნასამართლევი იყო, პოლიციამ მასზე მიტანა ეჭვი. არადა, მარკეტს სიგნალიზაციაც აქვს და კამერებიც აქვს დაყენებული. თქვეს, რომ პოლიციამ კადრები ამოიღო და შენახული აქვთ. ყველას გვაინტერესებს, ვინ არის ჩანაწერებში დაფიქსირებული.

- მირზას ერთ-ერთი მეგობრის, გურეშიძის თქმით, მათ პოლიცია ურეკავდა და ემუქრებოდა. გსმენიათ ასეთი რამ?

- არა, მსგავსი არაფერი გამიგია. ჩემთვის არავის დაურეკავს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)