"პატრული ითხოვდა, მარტო მოშარდვას კი არა, მეორე ბუნებრივ მოთხოვნილების პროცესსაც უნდა დავესწრო და დავინახოო" - კვირის პალიტრა

"პატრული ითხოვდა, მარტო მოშარდვას კი არა, მეორე ბუნებრივ მოთხოვნილების პროცესსაც უნდა დავესწრო და დავინახოო"

2014 წლის 8 ოქტომბერს 14 საათზე მიყვანილი მოქალაქე პატრულის თანამშრომლებს შუაღამემდე"ტყვეობაში" ჰყავდათ. ისინი მისგან მოითხოვდნენ, მოეშარდა, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ დაკავებული ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ჩვენ დავუკავშირდით მის ადვოკატს, ზაზა გიგაურს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ჩემი კლიენტის დაკავების საფუძველი იყო ის, რომ პატრულს ეჭვი გაუჩნდა, თითქოსდა ის იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ. გადაიყვანეს ექსპერტიზის ბიუროში (სადაც მერე მივედი მეც), იქ მისულს მოსთხოვეს, რომ მოეშარდა, რაზეც მე განვაცხადე, რომ ადამიანს სრული უფლება აქვს, თავის ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს მაშინ, როცა მას მოესურვება და როცა ამას ორგანიზმი მოსთხოვს. ყველა მოქალაქეს აქვს ამის უფლება და დაუშვებელია ამ უფლების უგულვებელყოფა. დაკავებულის ერთ-ერთი უფლებაა, რომ ის მოთავსდეს წინასწარი დაკავების საკანში, სადაც იქნება შესაბამისი პირობები და სხვა ადგილას 12 საათით დაყოვნება იგივეა, სადმე ღობეზე გამოაბა.

- ანუ იქ აჩერებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მოეშარდა?

- დიახ, სწორედ ამიტომ. იცით, ყველაზე საშინელება რა იყო (მეუხერხულება კიდეც ამაზე საუბარი), ადამიანს მოშარდვის გარდა აქვს სხვა, უფრო მძიმე ბუნებრივი მოთხოვნილებაც და როცა ეს უთხრა ჩემმა კლიენტმა, პოლიციის წარმოადგენლებმა უთხრეს, რომ თავზე უნდა დაგადგეთო.

- ანუ პატრული მოშარდვის პროცესს თვითონ ესწრება?

- არა მხოლოდ მოშარდვის პროცესს, მეორე ბუნებრივ მოთხოვნილების პროცესსაც უნდა დავესწრო და დავინახოო.

- და ეს არ უქმნიდათ უხერხულობას?

- მე მეგონა, რომ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო და აღმოჩნდა, რომ ეს ყველასთან ასე ყოფილა. ნადირობის სეზონი როცა იხსნება და მონადირეები გამოეფინებიან ხოლმე, ეგრე არიან პოლიციელებიც, რომლებიც გადიან ქუჩაში და ნებისმიერ პირს აკავებენ და მიყავთ შემოწმებაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პრინციპულად არ შარდავდა, რადგან ის უკვე მეშვიდედ მიიყვანეს შემოწმებაზე და პოლიციის ტერმინი რომ გამოვიყენოთ შვიდჯერვე "სუფთა" იყო. სხვათაშორის, მეც ისეთი პროტესტის განცდა მქონდა, რომ მიუხედავად იმისა რომ დალეული მქონდა 4 ბოთლი კოკა-კოლა მოშარდვის სურვილიც არ გამჩენია. როცა ადამიანი გაძალებს - მოშარდე, მოშარდეო, ძალიან რთულია, ამ დროს რამე მოგინდეს.

- სასამართლომ რა გადაწყვეტილება გამოიტანა?

- სასამართლომ მაშინვე მოუხსნა ნარკოტიკული თრობის ბრალი, რაც შეეხება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობას, ამაზე მხოლოდ შენიშვნა მისცეს და სასამართლოს დარბაზიდანვე გაანთავისუფლეს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)