"შვილზე მეტად რძლის სიკვდილს ვგლოვობ" - კვირის პალიტრა

"შვილზე მეტად რძლის სიკვდილს ვგლოვობ"

ილიას უნივერსიტეტში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა, - გასროლის ხმაზე აუდიტორიიდან გამოცვენილი სტუდენტები შოკში ჩავარდნილები შესცქეროდნენ როგორ ებრძოდა უნივერსიტეტის დერეფანში, მათ თვალწინ , სიკვდილს ორი ადამიანი, - მათივე ინგლისური ენის ლექტორი მაკა წივწივაძე და მისი ყოფილი მეუღლე ლაშა მაღრაძე. ახალგაზრდა ლექტორი მათ სულ რამდენიმე წამის წინ უკითხავდა ლექციას, რომელიც აუდიტორიის კარზე ყოფილი ქმრის კაკუნმა შეაწყვეტინა. ქალმა სცადა სტუდენტებისთვის უსიამოვნება აერიდებინა, კარი გამოაღო და დერეფანში გავიდა. სტუდენტებს არ უეჭვიათ, რომ რამე ცუდი მოხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ლექტორთან მეგობრობდნენ და კარგად იცოდნენ, რომ ყოფილი ქმარი მუქარის მესიჯებს წერდა... ლაშა მაღრაძემ ყოფილ მეუღლეს და თანაკლასელს რამდენიმე ტყვია აუდიტორიის კარის მიხურვისთანავე დაახალა, მერე იარაღი საკუთარი თავისკენ მიმართა და რამდენჯერმე ამჯერადაც გაისროლა.

მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ როგორც სტუდენტებმა, ასევე გარდაცვლილი ლექტორის მშობლებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მაკა წივწივაძე ქმარს გასცილდა, ყოფილი მეუღლისგან ამაზრზენ მესიჯებს იღებდა, - ქმარი ყოველ მესიჯში სიკვდილით ემუქრებოდა, თუკი მას არ დაუბრუნდებოდა. ამის გამო ქალი რეგულარულად დადიოდა პოლიციაში და შექმნილ სიტუაციას აცნობდა. ამის მიუხედავად პოლიციას სიტუაციის განსამუხტად არაფერი გაუკეთებია. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ გარდაცვალების დღეს მაკა დედამ მიაცილა ილიას უნივერსიტეტში, რათა შვილისთვის მოსალოდნელი საფრთხე აეცილებინა. თუმცა მან ეს ვერ შეძლო.

რამ აიძულა 34 წლის კაცი, მოეკლა მეუღლე, რომელიც მისი ყოფილი თანაკლასელი იყო და რომელზეც, როგორც თავად ამბობდა უგონოდ იყო შეყვარებული? ადამიანები, რომლებიც მათ იცნობდნენ, ამ შემზარავი სიკვდილის მიზეზებს ერთსა და იმავე პრობლემაში ხედავენ, - ლაშა მაღრაძე ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო, რის გამოც დაპატიმრებულიც იყო, თუმცა ამნისტიით გაათავისუფლეს. რუსთავში, ტურგენევის ქუჩაზე, სახლში, სადაც ლაშა მაღრაძე და მისი მშობლები ცხოვრობენ, იმის მიუხედავად, რომ ამ სახლში ლაშა მაღრაძის ცხედარია დასვენებული, მაკა წივწივაძეზე საუბარი ბევრად ურჩევნიათ.

ლევან. ნ. მაღრაძეების ოჯახის ახლობელი:

- რა გვაქვს სათქმელი, სანათესაო და მეზობლები კი არა, ლაშას მამაც იმას ამბობს, შვილზე მეტად რძლის სიკვდილს ვგლოვობო; ჩემმა შვილმა ქალი ასე დაუნდობლად როგორ მოკლა, თავად რაც მიიღო, ღირსი იყოო. ლაშა, კარგისკენ რომ არ მიდიოდა, დიდი ხანია ეტყობოდა, მშობელ დედასაც კი უკვირდა, ჩემს შვილს როგორ გამოყვა ისეთი ანგელოზივით გოგო ცოლად, როგორიც მაკააო. ალბათ 7-8 თვის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად და მათი ურთიერთობა უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ბოლოს საწყალ გოგოს სულ დანით დასდევდა სახლში, იმან ასე რატომ შემოგხედა, ამან ასეო. საცოდავ ქალს დილით სამსახურში წასვლისას ჯოჯოხეთი ჰქონდა გამართული. ყველას გვიკვირდა, მაკა სახლში რატომ არ მიდიოდა, მაგრამ ამას იმით ვხსნიდით, პირველ ქმართან რომ არ გაუმართლა, ალბათ ცდილობს, რომ მეორესთან განშორება არ იჩქაროს, იმედი აქვს, რომ ქმარს გამოასწორებსო. თუმცა ბოლოს მაინც იძულებული გახდა ქმარს დაშორებოდა, ეჭვიანობის გამო ისე სცემა ქმარმა, მთელ სხეულზე დალურჯებული იყო; ნარკოტიკებით გაბრუებულმა კაცმა მთელ სახლშიც დალეწა ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ. ოჯახი იძულებული იყო პატრული გამოეძახა, მაკა პოლიციამ წაიყვანა თავის სახლში, თბილისში. გოგო ადამიანს აღარ ჰგავდა. მის ქმარს კი თურმე ის ჩაუდევს გულში, - რას ჰქვია წავიდა, უნდა მოვკლაო და წარამარა უგზავნიდა მესიჯებს, - მოგკლავო. სანამ გოგოს მოკლავდა, წინა დღეს ისეთი ნასვამი იყო, ქუჩაში წაიქცა. ენას ვეღარ ატრიალებდა პირში. მაგრამ ვინც აააყენა იმას ძლივს გააგებინა, - ხვალ თბილისში უნდა წავიდეო. ისიც უთქვამს თავის თავზე, - კუზიანს მარტო სამარე გაასწორებსო. შეიძლება წინათგრძნობაც ჰქონდა ... მაკა კი ბოლოს ცოცხალი მიცვალებულივით დადიოდა. ხანდახან აღარფერზე აღარ ჰქონდა რეაქცია, - რომ ვეუბნეოდით, გაშორდი მაგ კაცს, თავს უშველეო, არაფრისმთქმელი თვალებით გვიყურებდა, თითქოს არ გვისმენსო...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)