"ეს კაცი სვამდა, თორემ ძალიან კეთილი კაცი იყო" - რატომ მოკლა მეუღლე 70 წლის მოხუცმა - კვირის პალიტრა

"ეს კაცი სვამდა, თორემ ძალიან კეთილი კაცი იყო" - რატომ მოკლა მეუღლე 70 წლის მოხუცმა

"რომ თქვა, - ცოლი მოვკალიო, არც კი დავიჯერეთ, გვეგონა, - "ბელაია გარიაჩკა" დაეწყო"

"არასოდეს დამავიწყდება შვილის შეშლილი თვალები..."

"მაგიდაზე პარკებიდან ამოულაგებელი საკვები ელაგა. ამოღება ვერ მოუსწრია, იმ უბედურს"

გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში 73 წლის მამაკაცმა 68 წლის მეუღლეს დანით ყელი გამოჭრა. მკვლელობის დროს მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ადგილობრივთა ინფორმაციით, ცოლის მოკვლის შემდეგ მამაკაცი ქუჩაში გამოვიდა და მეზობელს უთხრა, რომ მეუღლე მოკლა და პოლიციაში დაერეკათ.

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ჩხუბი არც გაუგიათ...

მ. რ. :

- ეს კაცი ხშირად სვამდა, ცოლ-შვილთან უსიამოვნება ჰქონდა და ამის გამო, ცოლიც და შვილიც სახლიდან წასული იყვნენ და თბილისში ცხოვრობდნენ. ეს კაცი მარტო ცხოვრობდა და გამუდმებით სვამდა. როდესაც გამოვიდა და თქვა, - ცოლი მოვკალიო, არც კი დავიჯერეთ, გვეგონა, - "ბელაია გარიაჩკა" დაეწყო, რადგან იმ ქალის ჩამოსვლა არავის გაუგია... ის კი, თავისას ამბობდა, - ცოლი მოვკალი, პოლციას გამოუძახეთო. ნასვამი იყო... როდესაც

სახლში შევედით, მუხლები მომეკვეთა, ისეთი სურათი დამხვდა...

- გარდაცვლილს მეუღლე უკვე ნასვამი დახვდა?

- დიახ, ის ყოველდღე სვამდა. სავარაუდოდ, როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე კამათი მოუვიდათ, რადგან ოთახში რომ შევედით, ვნახეთ, რომ მაგიდაზე პარკებიდან ამოულაგებელი საკვები ელაგა. ამოღება ვერ მოუსწრია იმ უბედურს. იქვე, მაგიდასთან ტახტი იდგა და ეტყობა, იქ იჯდა ნათელა. ჩხუბი რომ დაიწყეს, ეტყობა, იური აფექტის მდგომარეობაში ჩავარდა და დანას წამოავლო ხელი... ტახტი სულ სისხლიანი იყო. ზედ ესვენა საცოდავი ქალის ცხედარი... მეზობლებმა გავიტანეთ ეს ტახტი და დავწვით.

- რატომ სვამდა ამდენს?

- ეს კაცი სვამდა, თორემ ძალიან კეთილი კაცი იყო. ნამდვილად არ ვიცი, რის გამო დაიწყო დალევა. რომ გითხრათ, ძალიან უჭირდათ და ამიტომ წავიდა ცოლ-შვილი თბილისში-მეთქი, ასე არ იყო, ჩვეულებრივი, უბრალო, პატიოსანი ოჯახი იყო. ქალი ძალიან წესიერი და მშრომელი ადამიანი იყო. იშვითადად ჩამოდიოდა, მაგრამ ძალიან საყვედურობდა კაცს დალევის გამო, ამიტომაც წლებია ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ... არასოდეს დამავიწყდება შვილის შეშლილი თვალები...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)