”შვილებიც და ცოლიც მისი მონები უნდა ყოფილიყვნენ.”- ყაზბეგზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზები - კვირის პალიტრა

”შვილებიც და ცოლიც მისი მონები უნდა ყოფილიყვნენ.”- ყაზბეგზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზები

”ასეთო გარეწარი უნდა გამორთო სუნთქვის აპარატიდან და მორჩა!”

”ფსიქიკური აშლილობის გამო მკურნალობდა კიდეც, ე.წ. ”თეთრი ბილეთი” ჰქონდა.”

ტრაგედიით დამთავრდა ცოლ-ქმრის მორიგი კონფლიქტი თბილისში, - ყაზბეგის ქუჩაზე ცოლისთვის დამიზნებული რევოლვერი 50 წლის ბიძინა მურადაშვილმა პატრულის თანამშრომელს დააცალა, რის შემდეგაც საპატრულო სამსახური იძულებული გახდა თავდამსხმელისთვის საპასუხოდ ესროლა. ორივე დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

ბიძინა მურადაშვილსა და ლელა ბაჟანაშვილს 26-წლიანი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავთ; ამ წლების განმავლობაში იშვიათად იყო დღე, როცა ბიძინა მურადაშვილი ცოლსა და შვილებზე არ ძალადობდა, თუმცა ამას ბოლო წლებამდე ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია.

ლ. შ; მურადაშვილების ახლობელი:

- ეს არ იყო ბედნიერი ოჯახი. ბიძინას ისეთი მშვიდი და წყნარი ცოლი ჰყავს, როგორსაც ნებისმიერი კაცი ინატრებდა. თუმცა მისი ქმრისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მისი ცოლი კარგი იყო თუ ცუდი, ის მისთვის ჯავრის ამოსაყრელი არსება იყო და ბოღმას მასზე ანთხევდა. ეს კაცი წლების განმავლობაში მაღაზიების დირექტორი იყო, ფული ჰქონდა და რაკი ფული შეჰქონდა ოჯახში, მისი ჭკუით, შვილებიც და ცოლიც მისი მონები უნდა ყოფილიყვნენ. სხვა ამ დამცირებას არ მოითმენდა, მაგრამ მისმა ცოლმა მოითმინა, რადგან შვილების გაზრდაზე ფიქრობდა, - ორი ვაჟის უქმროდ გაზრდა ხუმრობა არ არის. ბავშვებს მარტო ჭამა ხომ არ ჰყოფნით, განათლებაც სჭირდებათ; ამდენი რამ ქალს საიდან უნდა მოეტანა!

ისე, ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა ბევრს უკვირდა. კაცი რაც უფრო ასაკში შევიდა, უფრო და უფრო დაუნდობელი გახდა. ბოლოს, როცა შვილები გაიზარდნენ, დააყენეს საკითხი, რომ დედ-მამას ერთად აღარ ეცხოვრათ და კაცი იძულებული გახდა, სახლიდან წასულიყო. დაახლოებით 5 წელიწადია, სოფელში ცხოვრობს, მაგრამ როცა მოეპრიანებოდა, ცოლ-შვილთან მაშინ ჩამოდიოდა. ცოლი ამბობდა, - რა ვქნა, საკუთარი შვილების სანახავად მოდის და როგორ დავუშალოო. ის კი მოდიოდა და ცოლს ეჩხუბებოდა, - ეს ჩემი ბინაა და ყველა გარეთ გაეთრიეთო. დილიდანვე მათი სახლიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, რომ მთელ კორპუსს ეღვიძებოდა. იმ დღესაც, დილის 7 საათზე დაიწყო ჩხუბი და საქმე იქამდე მივიდა, რომ რევოლვერი ამოიღო და ცოლს დაუმიზნა. ეს რომ მათმა ვაჟმა დაინახა, დედას მიეშველა და ახლა მას დაუმიზნა რევოლვერი. საწყალმა ქალმა, შვილი მართლა არ მომიკლასო, კარი გააღო და მეზობელთან გავარდა პატრულის გამოსაძახებლად. პატრული რომ მოვიდა, იმ ნაძირალამ კარი გამოაღო და რევოლვერი პოლიციელს დააცალა, უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს. ბიჭი იქვე, კარებთან ჩაიკეცა. საწყალს მუცლიდან სისხლი თქრიალით მოდიოდა. ისე გავმწარდი, მეორე პოლიციელს რომ არ ესროლა მაგ ნაძირალა ბიძინასთვის, მე მივიდოდი და ყელს გამოვჭრიდი.

ჟ. მ; მურადაშვილების მეზობელი:

- მურადაშვილები პირველ სართულზე ცხოვრობენ, სადარბაზოში ფეხი რომ შევდგი და ახალგაზრდა პოლიციელი წაქცეული დავინახე, პატარა ასაკის არ ვარ, მაგრამ ბავშვივით დავიბენი, თან სასწრაფოს ვურეკავდი და თან წყლისთვის დავრბოდი, რომ დაჭრილი პოლიციელისთვის დამელევინებინა. წყალი რომ მივიტანე და წაქცეული მურადაშვილი დავინახე, სულ ამებნა თავგზა. მეორე პოლიციელი ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით, - გამოაღო თუ არა მურადაშვილმა, ეგრევე გვესროლა, მეწყვილე რომ გვერდით წამექცა, იძულებული გავხდი, მეც სროლით მეპასუხაო. ეს რომ არა, მურადაშვილი მეორე პოლიციელსაც ესროდა, შეიძლება მოეკლა კიდეც ... უდანაშაულო ბიჭი რომ სულს ღაფავდა, ჭკუაზე გადავედი; კაცს ცოლ-შვილი ჰყოლია, რომ მომკვდარიყო, მის შვილებს მამას ვინ დაუბრუნებდა! ეგ გარეწარი, ვინაც მაგას ესროლა, უნდა გამორთო სუნთქვის აპარატიდან და მორჩა!

- მურადაშვილს საიდან ჰქონდა იარაღი?

- ეგ იარაღი წლებია ჰქონდა, რადგან მაღაზიების დირექტორი იყო და დიდ ფულს შოულობდა. როგორც გავიგე, მურადაშვილი ფსიქიკურ პრობლემებზეც მკურნალობდა და ე. წ. "თეთრი ბილეთი” ჰქონდა. ეს შესაბამის ორგანოებს უნდა სცოდნოდათ და იარაღი ჩამოერთმიათ, თუმცა სხვა რა არის მოწესრიგებული ჩვენს სახელმწიფოში, ეს რომ იყოს მოწესრიგებულიყო!

პ.ს. ოფიციალური მონაცემებით 2014 წელს მოძალადე ქმრების მიერ 23 ქალია მოკლული, რაც აუცილებლად მოითხოვს კანონის მოწესრიგებას ოჯახურ ძალადობაზე. რაც, ჯერჯერობით, არარეალური ჩანს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)