მიმიქარავს კოლუმბია! – ზუგდიდში მომხდარი ამაზრზენი მკვლელობა - კვირის პალიტრა

მიმიქარავს კოლუმბია! – ზუგდიდში მომხდარი ამაზრზენი მკვლელობა

"დედას დაუძახა, - კაცი მოვკალი, წადი, აქვე გდია და ნახეო…" - პოლიციას მომხდარი მკვლელის დედამ შეატყობინა

"3 პატარა ბავშვის მამას 15 ლარისთვის ღორივით გამოჭრა ყელი"

"6-7-ჯერ დაარტყა დანა - ერთხელ რომ მოახერხა და ჩაარტყა, მერე ურტყა და ურტყა…"

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში სასტიკი მკვლელობა მოხდა, - 3 მცირეწლოვანი შვილის მამა. ტაქსისტი გოდერძი შამუგია მგზავრმა დანის რამდენიმე დარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს. შემდეგ მიცვალებული მანქანიდან გადმოათრია და მიწაზე დააგდო, თავად კი საჭესთან გადაჯდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ვიდრე სასურველი მიმართულებით წავიდოდა, მკვლელმა მანქანა საკუთარ სახლთან გააჩერა და დედას დაუძახა, - კაცი მოვკალი, წადი, აქვე გდია და ნახეო… პოლიციას მომხდარი მკვლელის დედამ შეატყობინა.

ლ. მ, სოფელ დარჩელის მკვიდრი:

- მკვლელი ჩვენს სოფელში გაიზარდა და დაიბადა. საზიზღარი ვინმეა, 22 წლის არის მაგრამ თავიდანვე ეტყობოდა, რაც დადგებოდა. მისი ლოთობით და აყალმაყალით სიცოცხლე აქვს სოფელს გამწარებული; არც ქურდობაზე ამბობს უარს. ბოლო წლებში ყაჩაღობისთვის დაიჭირეს, ვიფიქრეთ, მოვისვენეთო, მაგრამ რა გინდა, ამნისტია შეეხო და ძველებურ გულზე დაბრუნდა, - ამ სოფელში მე ვარ უფროსი, ვინც არ დამემორჩილება, იმას ასე და ასე ვუზამო… ძალიან ბევრჯერ ცემეს ამისთვის, მაგრამ სულ ხომ არ იჩხუბებ, შარს ყველა ერიდება, კაცს სულ დანა ჰქონდა ჯიბეში.

- კანონით დანის ტარებისთვის ჯარიმაა დაწესებული, ამისთვის არავის დაუჯარიმებია?

- რა ჯარიმაზეა საუბარი! პოლიციამ მშვენივრად იცოდა ეგ ამბავი, მაგრამ მაგისთვის ბუზი არავის აუფრენია. სოფელში ყველა ვხვდებოდით, რომ ეგ რაღაც საშინელებას ჩაიდენდა., ამისთვის ემზადებოდა. და ჩაიდინა კიდეც, 3 პატარა ბავშვის მამას ღორივით გამოჭრა ყელი, დაღუპა მთელი ოჯახი, ახლა დაიჭერენ, მოიხდის ამ სასჯელს, ისევ გამოვა და კიდევ ვიღაცას მოკლავს. მაგისთანები ციხიდან არ უნდა გამოდიოდნენ!

- მკვლელობა რა ვითარებაში მოხდა?

კ.კ. :

- თვითონაც არ მალავს თურმე, რომ მძღოლი იმიტომ მოკლა, რომ მან ფული მოსთხოვა, ამ ნაძირალამ კი არ გადაუხადა. გადააგდო! ალბათ შელაპარადნენ, - სახლში რომ სამი შვილი ელოდება კაცს, ღამე იმისთვის მუშაობს, რომ მის შვილებს საჭმელი მიუტანოს და შენ მისი შვილების ლუკმას "აწერ", იჩხუბებს, აბა რა იქნება. 6-7-ჯერ დაარტყა დანა - ერთხელ რომ მოახერხა და ჩაარტყა, მერე ურტყა და ურტყა… ღამის 2 საათი იყო და იმ უბედურს მშველელი ვინ გამოუჩნდებოადა… კაცი სისხლისგან დაიცლებოდა და წინააღმდეგობას როგორღა გასწევდა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენი ლარის გამო ჩაიდინა მკვლელმა ეს სისასტიკე?

- ეს ნაძირალა ზუგდიდიდან წამოიყვანა ტაქსმა დარჩელში. თუ მანქანა გაზზეა 10 ლარი ღირს; თუ საწვავზე, -15. არ ვიცი რაზე იყო იმ საწყალი ტაქსისტის მანქანა, მაგრამ სამი შვილის მამა ამ თანხისთვის მოკლა იმ არაკაცმა და ბავშვები გაააუბედურა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)