"სახე დაჩეხილი ჰქონდა... ისეთი ნაცემი იყო, რომ ლაპარაკის ნაცვლად ხროტინებდა" - წამების შემზარავი ფაქტი - კვირის პალიტრა

"სახე დაჩეხილი ჰქონდა... ისეთი ნაცემი იყო, რომ ლაპარაკის ნაცვლად ხროტინებდა" - წამების შემზარავი ფაქტი

"არც ერთი ნიღაბს არ იხსნიდა და ერთი ხმასაც კი არ იღებდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ახლობელი იყო."

"საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემოვლითი გზით, გადმოასვენეს."

გალის რაიონის სოფელ თაგილონში 52 წლის მამაკაცი გამოსასყიდის მოთხოვნით, ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი სასტიკად ნაცემი სახლთან დატოვეს... ვიდრე, ოჯახმა გამოსასყიდი თანხა არ მიიტანა, ემზარ ეთერიამ 4 დღე გამტაცებლების გარემოცვაში გაატარა. 5 ათასი რუბლის მიტანის შემდეგ კი, გამტაცებლებმა ოჯახს სასტიკად ნაცემი ემზარ ეთერიას ადგილსამყოფელის შესახებ აუწყეს. 52 წლის მამაკაცი ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავამყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

როგორც ჩვენთან საუბარში, გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, თაგილონის

მკვიდრი, 38 წლის ემზარი აცხადებს, მსგავსი ქმედება ენგურს გაღმა იშვიათობას არ წარმოადგენს...

-შემოსავლიანი ოჯახი არ ჰქონდათ, თხილი ჰქონდათ, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, ტონობით-მეთქი, მაგაზე მეტი თხილიც აქვს აქაურებს. სიმინდი და ბოსტნეულიც ჰქონდა საცოდავს, მაგრამ ამით აქ ვერავის გააკირვებ... ემზარმა ახლახანს 2 თუ 3 ათას დოლარად მანქანა იყიდა და ეგონათ, რომ კიდევ ჰქონდათ ფული.

-ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შინაურები იყვნენ?

-ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ შინაურები იყვნენ, ადგილობრივი ქართველები და აფხაზები. ეთერიებს, სახლიდან ცოტა მოშორებით ნაკვეთი ჰქონდათ, ანუ ყანა, სადაც ხბო ჰყოლიათ დაბმული. ასე, საღამოს 5-6 საათისთვის, ის ხბო მოჰყავდა თურმე სახლში ემზარს, როდესაც ეს ნიღბიანები დახვედრიან, გზად, კიდევ ერთი, მეზობლის ბიჭი აუყვანიათ, მაგრამ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ დაუტოვებიათ, ეზმარი კი წაუყვანიათ. არც ერთი ნიღაბს არ იხსნიდა და ერთი ხმასაც კი არ იღებდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ახლობელი იყო.

-რა თანხა მოითხოვეს ოჯახისგან?

-თავდაპირველად, საწყისი თანხა მილიონი რუბლი, შემდეგ ცოტა ჩამოაკლეს. როდესაც სახლში დაურეკავთ და ემზარი ოჯახის წევრებს ალაპარაკეს, ისეთი ნაცემი ყოფილა ის საცოდავი, რომ ხროტინებდა... არ ვიცი, რატომ სცემეს ასე, ასეთი რამ პირველად კი არ ხდება ჩვენთან, ყოველთვის თხილის სეზონზე ვიღაცას კლავენ, იტაცებენ, ფულს აწერენ... ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, ოღონდ ახლობლის, ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ თანხას ვიხდით შესაძლებლობის ფარგლებში...

-ემზარ ეთერიას ოჯახმა რა თანხა გადაიხადა?

-5 ათასი რუბლი. ის მანქანა სასწრაფოდ გაყიდეს და კიდევ მიამატეს. გამტაცებლებს ეგონათ, რომ კიდევ ჰქონდათ ემზარის ოჯახს ფული და ამის გამო აწამეს ეს საბრალო კაცი... სახე დაჩეხილი ჰქონდა. სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით, ალბათ ავტომატის კონდახით მიაყენეს. თავის ქალა და სახის ძვლები სულ ჩამსხვრეული ჰქონდა... ძალიან პატიოსანი, მშრომელი და ალალ-მართალი კაცი იყო. შენიანი რომ გაგიმეტებს ის მოგიკლავს გულს, თორემ მტერი იცი, რომ მტერია და მისგან ტყვიასაც ელოდები და სიკვდილსაც, ხომ ყველამ ვიცით, რომ ამაში და მსგავს საქმეებში აფხაზების ხელი ურევია? ხომ ყველამ ვიცით, რომ ამას ისევ ჩვენები აკეთებენ, მაგრამ ვის უნდა მიმართო დახმარებისთვის? სრული განუკითხაობაა..

-როგორ იპოვეს ოჯახის წევრებმა გატაცებული, ითქვა, რომ სახლთან ახლოს დატოვეს...

-არა, აქ ერთი ადგილია, სადაც გატაცებულების გამოსახსნელ ფულს ტოვებენ, -ჩემი მტერი მოხვდა იქ, -იქ მიუტანიათ გამოსასყიდი ფული და შემდეგ წასულან იმ ადგილისკენ, სადაც ემზარი ეგულებოდათ. ტელეფონით უთქვამთ იმათ, ემზარის ადგილსამყოფელი, ორი სოფლის, ბარღებისა და სოფჩარას გადაკვეთაზეა უკაცრიელი ადგილი, ბუჩქნარივით, იქ დაუტოვებიათ. კიდევ კარგი ფანარი დარჩენიათ ჩართული, თორემ ცოცხალს ვერც მიუსწრებდნენ და ახლა ოჯახს ცხედარიც არ ექნებოდა დასატირებელი. ისე სასტიკად იყო ნაცემი, უგონოდ ყოფილა, სახე დახეთქილი და თვალები დასიებულ-ჩალურჯებული...

-ოჯახის წევრები ხომ დარჩა დაღუპულს?

-დიახ. მეუღლე და ერთი ბიჭი დარჩა, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ორ წლამდე შვილიშვილი, კიდევ კარგი შვილიშვილი მაინც ნახა იმ საცოდავმა... საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემოვლითი გზით, გადმოასვენეს. არ ვიცი, ცხოვრება თუ ჰქვია ამას,..

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)