პეკინის ქუჩაზე მძარცველებმა 20 წლის გოგო "სკოჩით" გაკოჭეს… - კვირის პალიტრა

პეკინის ქუჩაზე მძარცველებმა 20 წლის გოგო "სკოჩით" გაკოჭეს…

"ბავშვს ორი საყურისთვის და ბეჭდისთვის კლავდნენ… მთავრობის ახლობლებს რომ დაემართოს ასეთი რამ, მაშინ მიხედავენ თუ არა ხალხს?"

"ნაძირალებმა ისეთი რამ გაუკეთეს, 100 წელიც რომ იცოცხლოს, სულ შიშში იქნება, იმხელა სტრესი გადაიტანა"

თბილისში, პეკინის გამზირზე # 72-ბ კორპუსის მცხოვრებნი კარს სტატისტიკური აღწერის მონაწილეებსაც არ უღებენ, -ძარცვა-ყაჩაღობის შემთხვევამ, რომელიც აქ დილაადრიან მოხდა, აქ მცხოვრებნი საკმაოდ დააშინა. - კარს არავითარ შემთხვევაში არ გავაღებ, პირველ სართულზე ვცხოვრობ და თუ უნდათ ფანჯრიდან მელაპარაკონ, აქედანაც მშვენივრად ჩავაწერინებ, ოჯახში რამდენი წევრი ვართო! განაცხადა გაძარცვული რ. ს-ს ახლობელმა და კორპუსში მომხდარი ძარცვის შესახებ გვიამბო:

მარინა. ლ. დაზრალებულის მეზობელი:

-ყაჩაღები ისეთ გოგონას დაესხნენ დილაუთენია თავს, მთელ კორპუსს რომ უყვარდა, -თუ შეამჩნევდა, ვინმეს რაიმე დახმარება სჭირდებოდა, გაჩერდებოდა, დაეხმარებოდა და მერე გააგრძელებდა გზას. ძალიან განვიცდით ეს სტრესი რომ დარჩება, ნაძირალებმა ისეთი რამ გაუკეთეს, 100 წელიც რომ იცოცხლოს, სულ შიშში იქნება, იმხელა სტრესი გადაიტანა. როცა კოჭავდნენ, გული წაუვიდა და გონება დაკარგა. გონს რომ მოვიდა, ის ნაძირალები უკვე წასულები იყვნენ, იმ კაცისმკვლელებმა გაზი სპეციალურად დატოვეს მოშვებული. ასე რამ უნდა გააბოროტოს ადამიანი, რომ 2 კაცი მიუვარდეს 20 წლის გოგოს გასაკოჭად და მოსაკლავად! სკოჩი რა თქმა უნდა, წინასწარ ჰქონდათ მომზადებული -ესე იგი, ძარცვა დაგეგმილი იყო, -მძარცველებმა იცოდნენ, როდის გავიდოდნენ ოჯახის წევრები სახლიდან და გოგონა მარტო როდის დარჩებოდა…

- ეს ოჯახი არ არის შეძლებული და მიკვირს, მაინცდამაინც მათ რატომ მიაკითხეს - ბავშვს ორი საყურისთვის და ბეჭდისთვის კლავდნენ. ამ გოგოს მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა, ახლა ოჯახში მარტო დედა, ბებია და 2 შვილიშვილი ცხოვრობს. ბებია მატყლის საბნებს კერავს და იმით ირჩენენ თავს. როცა ძარცვა მოხდა, იმ დილით მთელი ოჯახი ამ გოგოს გარდა, ლილოში იყო წასული მატყლისთვის. კარზე ვიღაც ქალმა დარეკა თურმე ზარი, მატყლი მოვიტანეთო… ეს საწყალი გოგო რას იფიქრებდა, რა მოუვიდოდა. საბნის შეკერვით ცხოვრობენ და ქალს კარს როგორ არ გაუღებდა!

- ესე იგი, ძარცვაში ქალიც მონაწილეობდა?!

- ძარცვაში ქალიც მონაწილეობდა, მაგრამ გოგო ქალს არ გაუკოჭავს. იმის უკან კაცი ყოფილა დამალული და გოგომ კარი რომ გაღო ბინაში ის კაციც შევარდა და ბავშვი გაკოჭა. აი, ეგ გვაკლდა, რაც მთელი კრიმინალები ქუჩაში გამოყარეს. ეს ნაძირლებიც ალბათ კრიმინალები იყვნენ.

- თქვენ რა იცით ახალგაზრდები რომ არ იყვნენ, მძარცველებს ნიღაბი არ ეკეთათ?!

- ნიღაბს რატომ გაიკეთებდნენ, ახლა მაგათ პოლიციის აღარ ეშინიათ და ხელისუფლების! საცოდავი ბავშვი ამ სიცივეში, გაზის სუნით გაჟღენთილ ოთახში. ფეხშიშველა ეგდო გაკოჭილი. კიდევ კარგი, დედამისმა და ბებიამისმა მოუსწრეს, თორემ ახლა მკვდარი ეყოლებოდათ. გაზით იქნებოდა გაგუდული.

- ბინიდან რაიმე წაიღეს?

- რაღაც ბეჭდები წაიღეს, მოძებნეს და თავად ნახეს… მაგაზე უფრო მე ის მაინტერესებს, მთავრობის ახლობლებს რომ დაემართოს ასეთი რამ, მაშინ მიხედავენ თუ არა ხალხს? ისე, იმდენი ხალხი გამოყარეს ციხიდან, უნდა მოუვიდნენ და მაშინ ისწავლიან ჭკუას!

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)