" მე-8 კლასელ გოგონას დაუსახლებელ ადგილას, ფარდულში აუპატიურებდნენ…"- ძალადობამ კახეთის სკოლაშიც შეაღწია - კვირის პალიტრა

" მე-8 კლასელ გოგონას დაუსახლებელ ადგილას, ფარდულში აუპატიურებდნენ…"- ძალადობამ კახეთის სკოლაშიც შეაღწია

"საცოდავ გოგოს ყველა ერთად რომ დაესია, გული წაუვიდა და ერთმა შეშინებულმა ბიჭმა სასწრაფოში დარეკა…"

"მამამისმა ოჯახი რომ მიატოვა, დედა თურქეთში წავიდა სამუშაოდ... ასეთ უპატრონო ბავშვებს ემართებათ მსგავსი უბედურება."

ჩვენში ძალადობა საშინელ ფორმებს იღებს, განსაკუთრებით შემზარავია, როდესაც მოძალადეები ბავშვები ხდებიან. ქვეყანა შეძრა ამბავმა, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა - მე-8 კლასელ გოგონას თანასკოლელი მე-7 და მე-8 კლასელი ბიჭები 2 თვის განმავლობაში ჯგუფურად აუპატიურებდნენ.

მომხდარის შესახებ, მოძალადე ბავშვების სკოლის დირექტორი შემდეგ კომენტარს აკეთებს: - "აღნიშნული ფაქტი სკოლიდან მოშორებით ხდებოდა. ოღონდ დარწმუნებული არ ვარ, ნამდვილად ხდებოდა, თუ - არა, სხვას ვერაფერს ვიტყვი". ხოლო სოფლის მოსახლეობა ხსენებულ ფაქტს შემდეგნაირად ჰყვება.

ჟ. ლ; სოფლის მცხოვრები:

- ამ ამბის გამო მთელი სოფელი შეწუხებულია. შვილები ყველას გვყავს და თუ სკოლაში ასეთი ამბები ხდება, მაშინ ჩვენი შვილების გამო შიშით ვეღარ უნდა დავიძინოთ. ამისთვის ვზრდით შვილებს, რომ ბავშვობაშივე გაუბედურდნენ და გზა აერიოთ? ეს ამბავი თურმე 2 თვე ხდებოდა, ამდენ ბიჭს ეს ერთი გალეული გოგო რომ მიჰყავდა, ერთ მასწავლებელსს მაინც რატომ არ მოუვიდა აზრად უკან გამოჰყოლოდა და გაეგო, ეს გოგო სად მიჰყავდათ?!

კ. შ;  სოფლის მცხოვრები:

- ბავშვების ვინაობის გაგების შემდეგ, იმის თქმა შეგვიძლია, რომ მაგათი მშობლები შვილების წასვლა-წამოსვლის ამბით არც დაინტერესდებოდნენ; იმიტომ, რომ შვილი ისეთი გამოდის, როგორადაც მშობელი გაზრდის. ეს საცოდავი გოგო ერთი პატიოსანი, მაგრამ უპატრონო ოჯახიდან არის, მამამისმა ოჯახი რომ მიატოვა, დედა თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ახლა რა გამოვიდა? თვითონ თურქებს ემსახურება, შვილი კი დაეღუპა. ასეთი რამ სწორედ იმ ბავშვებს ემართება, უპატრონოდ რომ მიიჩნევენ, ამიტომ ყველა ყველაფერს უბედავს… გარდატეხის ასაკში ბავშვი რომ უდედოდ დარჩება, იმას რომ გზა აერიოს, რა გასაკვირია? მით უფრო, რომ პაპა ახლახანს მოუკვდა, ბიძამ და ბებიამ ყურადღება ვეღარ მიაქციეს.

- იმის თქმა გნებავთ, რომ გოგონა სქესობრივად მომწიფებული იყო და ესეც არის მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი?

- როგორც გავიგეთ, ეგ ამბავი თავიდან ამ ბავშვის ჯგუფური გაუბედურებით არ დაწყებულა. პირველად მაგასთან ერთი მეშვიდეკლასელი ბიჭი ყოფილა… გოგონას დაუსახლებელ ადგილას მდგარ ფარდულიში აუპატიურებდნენ… მერე ამდგარა ეს ცოდვის შვილი და სხვა ბიჭებისთვის უთქვამს, ქალი მყავს და თქვენც მიდითო. გაუპატიურებისას სურათები გადაუღიათ და საწყალ გოგოს აშანტჟებდნენ, ეუბნებოდა, - თუ ხმას გაიღებ, ყველას ყველაფერს მოვუყვებითო. ისიც ჩუმად იყო და ყველა დაესია, ერთი მისი კლასელიც ყოფილა; ზოგი ამბობს ხუთნი იყვნენო, ზოგი - ცხრანიო.

- ეს ამბავი როგორ გახმაურდა?

- როგორც გავიგეთ, საცოდავ გოგოს ყველა ერთად რომ დაესია, გული წაუვიდა და ერთმა შეშინებულმა ბიჭმა სასწრაფოში დარეკა…

- დედამ თუ გაიგო თურქეთში ეს ამბავი?

- ჯერჯერობით ვერ ეუბნებიან, რა უთხრან, შენი შვილი ასე და ასეაო? ეშინიათ, რომ საცოდავი ამას ვერ გადაიტანს.

- თვითონ გოგონა როგორ არის?

- საბრალო გოგო ხალხთან არ გამოდის, ამბობენ, ცუდად არისო. ახლა მაგას მკურნალობა სჭირდება, ეს ამბავი რომ დაივიწყოს, მაგრამ როგორ დაივიწყებს ბავშვი ამხელა შეურაცხყოფას? ან მაგის სამკურნალო ფული მაგის ოჯახს საიდან ექნება?

პ.ს ასეთია სოფლის მოსახლეობის მონათხრობი, იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხი არ არსებობს. ძალადობამ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გახშირდა, სკოლაშიც შეაღწია. ეს კი ძალზე სახიფათოა…

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)