4 წლის გოგონას მკვლელობის შემზარავი დეტალები - კვირის პალიტრა

4 წლის გოგონას მკვლელობის შემზარავი დეტალები

"ვინაც ამ ბავშვის გალეული უსულო სხეული დაინახა, იმას ეს სურათი მთელი ცხოვრება არ მოასვენებს"

"დედას და ძმას შემაძრწუნებელი ამბავი უამბო, - ბავშვი მე მოვკალი, როგორც კი საწოლში ჩავაწვინე, პირზე ხელი დავაფარე და მანამდე ვაჭერდი, სანამ არ მოკვდაო"

სამტრედიის პატარა სოფელი ნინიაკუთხე შუაღამისას ქალის კივილმა შეძრა. ერთ-ერთ ოჯახში დასახმარებლად მისულ სოფელს შემზრავი სურათი დახვდა, საწოლზე 4 წლის გოგონას უსულო სხეული იყო დასვენებული. ბიცოლა, რომელიც შემდგომ ბავშვის მკვლელობისთვის დააპატიმრეს, პატარას დასტიროდა. მან მეზობლებს უამბო: "ამ დღეებში სოფელ ღანირში მულთან ვიყავი სტუმრად. მისი შვილიშვილი გამომეტირა და წამოვიყვანე. საღამოს ბავშვი დავბანე, მოვუარე და დავაძინე. 2 საათის შემდეგ დასახედად მივედი და მკვდარი დამხვდა." იქ მყოფ შეძრწუნებულ ხალხს ეს ამბავი არ გაჰკვირვებია, რადგან გოგონა მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და ბიცოლასთან ხშირად რჩებოდა. ოჯახს, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, ტრაგედია 4 თვის წინაც დაატყდა - 39 წლის მზია ნინუას, რომელიც მულის შვილიშვლის მკვლელობაშია ბრალდებული, აგვისტოში მეხუთეკლასელი ვაჟი მდინარე ცხენისწყალში დაეხრჩო. გოგონას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მზია ნინუას დეპრესია დაეწყო - საწოლიდან აღარ დგებოდა, საჭმელზე უარს ამბობდა, ჭერს შეჰყურებდა და დროდადრო იმეორებდა, - პოლიცია მოვა და დამიჭერსო. ოჯახი ამან დაეეჭვა. ტრაგედიიდან 2 კვირის შემდეგ მან დედას და ძმას შემაძრწუნებელი ამბვი უამბო, - ბავშვი მე მოვკალი, როგორც კი საწოლში ჩავაწვინე, პირზე ხელი დავაფარე და მანამდე ვაჭერდი, სანამ არ მოკვდა, აბა, ჩემი შვილის საწოლში რატომ ჩაწვა, ეგ ცოცხალი უნდა ყოფილიყო, ჩემი შვილი კი მკვდარიო?!

შ.ო; სოფელ ნინიაკუთხის მცხოვრები: - რაც ჩვენს სოფელში მოხდა, ალბათ არც სმენია არავის და არც უნახავს. ხალხი თავზარდაცემული დადის, ძილი და მოსვენება დაგვეკარგა. ვინაც ამ ბავშვის გალეული უსულო სხეული დაინახა, იმას ეს სურათი მთელი ცხოვრება არ მოასვენებს… ეს რა გააკეთა, გალეულ ბავშვს მოერია, დაადო ბალიში და დაახრჩო! თანაც წინასწარ წამოიყვანა ამისთვის, რომ მოეკლა…

- დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი ამისთვის წამოიყვანა? როგორც ირკვევა, ბავშვი ადრეც არაერთხელ ყოფილა მასთან სტუმრად...

- გიჟი რომ ყოფილიყო, იმას როგორ მოიფიქრებდა და გათვლიდა, რომ ბავშვის მოგუდვის შემდეგ 2 საათში აეტეხა კივილი - არიქა, ბავშვი საწოლში მკვდარი დამხვდაო?!

ო.ზ; მკვლელობაში ბრალდებულის ახლობელი: - არ მგონია, რომ ქალი, რომელიც ბავშვს ახრჩობს, ნორმალური იყოს. როგორც ჩანს, შვილის სიკვდილმა ჭკუაზე გადაიყვანა, სულ იმას იმეორებდა, ძალიან ცუდად ვარ, ვინც ჩემი ბიჭი მდინარეში დაახრჩო, მათი ოჯახები უნდა გადავწვაო… არადა, მისი შვილი არავის დაუხვრჩია, თვითონ გაეკიდა მდინარეზე საბანაოდ წასულ ბავშვებს. აგვისტოში ცხენისწყალი არც ისე ღრმაა, საბანო ადგილზე წყალი ოდნავ არის ხოლმე დაგუბებული, მაგრამ , როგორც ჩანს, საწყალს ფსკერი რომ გამოეცალა ფეხქვეშ, შიშისგან გული გაუსკდა. ამის შემდეგ განადგურდა დედამისი, ეს ბავშვი იყო მისი იმედი, საკმაოდ ღატაკად ცხოვრობენ, მაგრამ ბიჭისთვის არაფერს იშურებდა, მასწავლებლებთან დაჰყავდა...

- ასეთი შემზარავი ტრაგედიაც ვერ უბიძგებს ადამიანს მკვლელობისაკენ, სხვა მიზეზი ხომ არ არსებობდა, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, ან, იქნებ, ფსიქიკური პროფლემები ჰქონდა?

- არა მგონია. ეს სოფელში არ დაიმალებოდა. თუმცა არა მგონია, ბედნიერი ოჯახი ჰქონოდათ. რამდენადაც ვიცი, საკუთარი ნებით არ იყო გათხოვილი, მშობლებმა აიძულეს, უფროსი შვილიც უნარშეზღუდული ჰყავს… სულ მობუზული დადიოდა. მას შემდეგ, რაც შვილი მოუკვდა, უფრო და უფრო ცუდად იყო… ის მიკვირს, ბავშვი რომ დაახრჩო, მერე თუ მიხვდა, რაც ჩაიდინა და ლოგინად ჩავარდა, როცა გალეულ ბავშვს ახრჩობდა და ბალიშს აწვებოდა, მაშინ რატომ არ გაიფიქრა, ამას რას ჩავდივარო?!

- მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახში რა მდგომარეობაა?

- მტერს არ ვუსურვებ… მკვლელის დედა ამბობს, მე შვილიშვილი მომიკვდა და უკვე შვილიც მკვდარი მყავს, ეგ ციხიდან არ უნდა გამოვიდესო, მაგრამ ეს ბავშვს გააცოცხლებს?!

პ.ს. ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)