75 წლის ქალი 38 წლის ნათლულს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

75 წლის ქალი 38 წლის ნათლულს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

რატომ დასჭირდათ ვანელ როხვაძეებს დედის პატივისა და ღირსების დასაცავად აქციის გამართვა?!

"ეგ კაცი ჩვენი სახლიდან 200 მეტრში ცხოვრობს. სულ ჩვენთან იყო, დედაჩემის გაზრდილია, დედაჩემი ასმევდა და აჭმევდა, ბოლოს მონათლა კიდეც. ამის მერე ადგა და მაგ ბინძურმა საწყალი ქალი გააუპატიურა!"

"ის ზეწარი წავიღეთ ექსპერტიზაზე, რომელზეც დედაჩემი გააუპატიურეს. ვნახოთ, რას იტყვის ახლა ექსპერტიზა."

ძმებმა როხვაძეებმა, დასთან ერთად, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან 75 წლის დედის გაუპატიურება გააპტოტესტეს და საქმის გამოძიება აქციით მოითხოვეს. მათი თქმით, დანაშაული ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთში 21 სექტემბერს მოხდა. დაზარალებულმა ქალბატონმა სირცხვილისა და შიშის გამო მომხდარი შვილებს მოგვიანებით გაუმხილა. დანაშაულში ეჭვიმტანილი აღიარებს, რომ როხვაძეების სახლში შუაღამისას ნამდვილად შეიჭრა, მაგრამ არა გაუპატიურების, არამედ იმ მიზნით, რომ მეზობლისგან გაეგო ამ უკანსკნელმა ცულით რატომ დაუჩეხა საახალწლო ღორი. საქმის წარმოება ორივე მხარის ადვოკატებს აქვთ მინდობილი.

გოჩა როხვაძე, დაზარალებული ქალბატონის ვაჟი:

- ეგ კაცი ჩვენი სახლიდან 200 მეტრში ცხოვრობს. სულ ჩვენთან იყო, დედაჩემის გაზრდილია, დედაჩემი ასმევდა და აჭმევდა, ბოლის მონათლა კიდეც. ამის მერე ადგა და მაგ ბიძურმა საწყალი ქალი გააუპატიურა!

- სანამ ამ ფაქტზე ისაუბრებდეთ, იქნებ განგვიმარტოთ ამ უბედურებამდე საქმე რამ მიიყვანა?

- იმან, რომ ეგ კაცი 38 წლის არის, მაგრამ არცერთი ქალი არ ეკარება, იმიტომ, რომ აყროლებული, მახინჯი და ბინძური ადამიანია. მენახირედ მუშაობს, ღორებს და ძროხებს მწყემსავს და როგორც ნახირიდან ბრუნდება, ისე წვება და დგება... თანაც მაგას რა ხანია ბებრები მოსწონს, - სანამ დედაჩემთან ასე მოხდებოდა, სოფელმა იცის, რომ მანამდე კიდევ ერთ ბებერ ქალს მიუვარდა, მაგრამ იმ ქალთან სქესობრივი აქტი არ მომხდარა, იმ ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და ჯოხის ცემით გამოაგდო.

- თქვენი თქმით, ბრალდებული გერონტოფილი ყოფილა.

- არ ვიცი, რა არის, მარა - ან ბებრებზე იწევს, ანაც 14-15 წლის გოგოებს ხვდება გზაზე და ეუბნება, ცოლად გამომყევითო... იმათი პატრონები კიდევ, სცემენ. მეც ვცემე ერთხელ, როცა მომხდარამდე დედაჩემთან მივიდა. მაშინ არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც ვცემე... მაშინ მითხრა, - ბოდიშიო.

- ე.ი. მას დედათქვენზე ძალადობის მცდელობა ადრეც ჰქონია; ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ზომები რატომ არ მიიღეთ?

ოია როხვაძე, დაზარალებულის ქალიშვილი:

- რა ზომები უნდა მიგვეღო? დედა მარტო ცხოვრობს, ჩემი ერთი ძმა თბილისში ცხოვრობს, მეორე ქუთაისში და მეც სხვაგან ვარ გათხოვილი! მაგას არცერთი ქალი რომ არ ეკარება, უკაცრავად და, უმწეო ქალებზე იკმაყოფილებს სურვილს, რომლებიც ვერ მოერევიან. დღე რომ ყოფილიყო, დედაჩემს იქნება ეყვირა და თავის დაცვა მოეხერხებინა, მაგრამ ღამის 12 საათზე მიუხტა და კარი შეუმტვრია.

- დედთქვენმა კარის შემტვრევის ხმა ვერ გაიგო?

- გაუგია, მაგრამ ამბობს, შემეშინდა და არ ავდექიო. ეს უსინდისო კი საწოლთან მივიდა და პირდაპირ დაახტა საცოდავს, ცალი ხელით ხელები გაუკოჭა. 75 წლის დედაჩემი იმას რას მოერეოდა, როცა პირზე აფარებდა ხელს და თან სცემდა. დედაჩემმა თქვა, მუცელი სულ დასისხლიანებული და დალურჯებული მქონდაო.

- ამ შემზარავი ძალადობისას ყვირილის ხმაზე საშველად არავინ მოვიდა?

- დედაჩემი ამბობს ვიყვირე, მაგრამ იმ შუაღამისას ვინ გაიგონებდა, თან პირზე ხელსაც მაფარებდა... თან დამუქრებია, თუ ვინმეს ეტყვი, რა გიქენი, მოგკლავო. ასე მაწვალა დილამდეო. დილასაც დამემუქრა, თუ იტყვი, მოგკლავო... რომ გათენდა დედაჩემი მაინც მივიდა მეზობელთან და უთხრა, ამან და ამან კარი შემომიმტვრია და ასე და ასე მოხდაო. მეზობლებმა უთხრეს, - ეგ ამბავი შვილებს უთხარიო. დედაჩემმა კიდევ, მაშინ არ გვითხრა - შერცხვა. მარა მერე ის უსინდისო ყოველ დღე რომ ჩაივლიდა ჩვენს ჭიშკართან, - სხვანაირად ვერ წავა ნახირში, დედაჩემს კიდევ ემუქრებდა, - ასე და ასე გიზამო. ამიტომ დედაჩემი გამგებელთან და პოლიციაში წავიდა. მაგრამ იმათაც ვერ უთხრა - გამაუპატიურესო, შერცხვა. ჩვენ გვიან ჩავედით სოფელში, როცა ყველამ ყველაფერი იცოდა და მარტო ჩვენ არაფერი ვიცოდით. ამის შემდეგ ჩემი ძმა იმ უსინდისოსთან წავიდა რომ ეცემა. მისიანები კი კეტებით გამოვარდნენ და გვიჩივლეს.

- როგორც ბრალდებული ამბობს, შუაღამისას დედათქვენთან მხოლოდ იმის გამო მივიდა რომ დედათქვენმა ღორი დაუჩეხა?!

- ეგ ღორი ჩვენი მეზობლის სახლში შევიდა, იქ გადმობურჯგნა "შკაფი", რომელიც გადმოვარდა და დაეცა, ამიტომ მოკვდა!

- საქმის კანონიერ განხილვას რა აფერხებს, აქცია რატომ დაგჭირდათ?

- ის აფერხებს, რომ გვეუბნებიან მთავარი მოწმე არ არისო.

ამ საშინელი ფაქტის დროს იქ რა მოწმე იქნებოდა?!

- ამბობენ, ექსპერტიზის დასკვნა გვჭირდება, რომ დედათქვენი ნამდვილად გაუპატიურებელიაო. ეს ამბავი 21 სექტემბერს მოხდა და ექსპერტიზა ამბობს, დედათქვენის გაუპატიურების ფაქტის დადგენა უკვე გვიან არისო. ის ზეწარი წავიღეთ ექსპერტიზაზე, რომელზეც დედაჩემი გააუპატიურეს. ვნახოთ, რას იტყვის ახლა ექსპერტიზა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)