"ვიტყვი, როგორ ჩამივარდა ხელში ფირი" - ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა დაიწყო - კვირის პალიტრა

"ვიტყვი, როგორ ჩამივარდა ხელში ფირი" - ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა დაიწყო

"მოითხოვდნენ, ექსპერტიზის დასკვნები შემეცვალა, რაზეც უარი ვთქვი..."

რა გახმაურდება სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს მოკლული ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. "კვირის პალიტრასთან" ყოფილი ძალოვანები საბედისწერო ღამეს იხსენებენ.

შალვა ნიქაბაძე, პროკურატურის ყოფილი გამომძიებელი: - შინ მიმავალი შევესწარი ამ ამბავს... ბუტა რობაქიძე უკვე გარდაცვლილი იყო. ერთი კალაშნიკოვის ავტომატი იდო გარდაცვლილთან, მეორე - ავტომანქანაში (რომელიც ამოიღეს წინა სავარძლის ქვემოდან), დანარჩენი დაკავებული ბიჭების მანქანის საბარგულში ეწყო - დოლურიანი კოლტი, 2 ცალი ხელყუმბარა და 330 ავტომატის ტყვია. ზურაბ მიქაძით დაწყებული, რიგითი საპატრულო პოლიციელით დამთავრებული, ყველა გურამ დონაძის ბრძანებას ასრულებდა. შემთხვევის ადგილზე გავიგე, რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და რომ ინსპექტორ ბაშალეიშვილს ტყვია გაუვარდა... ყველაფერი გავაკეთე, რომ ის უდანაშაულო ბავშვები გარეთ გამომეყვანა, ტყუილად ისხდნენ ციხეში. არც ერთი არ იყო წარსულში ნასამართლევი...

ადეიშვილისგან მოდიოდა მითითება, რომ ისინი დასჯილიყვნენ და გამოძიებას უნდა გაეზიარებინა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები - რობაქიძემ გვესროლა და ის საპასუხო სროლით მოკლესო.

არადა, არც ერთ ექსპერტიზას არ დაუდასტურებია, რომ რობაქიძემ გაისროლა, მეტიც, ავტომატიც კი არ სჭერია ხელში. მას ტყვია იღლიაში აქვს მოხვედრილი, გამორიცხულია, ავტომატი სჭეროდა. მოითხოვდნენ, ექსპერტიზის დასკვნები შემეცვალა, რაზეც უარი ვთქვი... დონაძეს შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოფირი ვთხოვე. მითხრა, შავი მასალა განადგურებულია, შემიძლია ის ფირი მოგცე, რომელიც "ვიდეოპატრულში" გადასცესო. ის მასალა რომ განადგურებული ყოფილიყო, ირაკლი ფირცხალავა ახლა ვერაფერს წარმოადგენდა... თუმცა, ძველ მასალაში ისმის პოლიციელის ხმა, "ბიჭებს არაფერი აქვთ", ფირცხალავას ფირზე კი ის კადრი საერთოდ გამქრალია(?!)...

- საქმის გაყალბებას ირაკლი ფირცხალავასაც ედავება გამოძიება.

- ვფიქრობ, კრიმინალურ პოლიციას არავინ არაფერს ეკითხებოდა, ყველაფერს გურამ დონაძე აკონტროლებდა...

ახალწარმოდგენილ ფირში მხოლოდ გასროლის კადრს და დაკავებული ბიჭების განლაგებას ვეთანხმები... მქონდა სასწრაფოდან ამოღებული დოკუმენტები, სადაც წერდნენ, გარდაცვლილთან ავტომატი არ დაგვინახავსო. პოლიციის თანამშრომლებმა აიძულეს ექიმები, მალე წასულიყვნენ და ამის შემდეგ გადაიღეს სასურველი ფირი. იქ თითქმის ყველაფერი მონტაჟია. დასაწყისში, პირველ 3 წუთში, კადრში უამრავი პოლიციელი ჩანს, იმ დროს კი ოთხის მეტი არ ყოფილა. მეორე - როცა ფირში ჩანს, რომ მაიზერ ლიპარტელიანი სასწრაფოს იძახებს, ესეც არასწორია. მან მისცა ჩვენება, რომ გვიან მივიდა შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე საწვავს ასხამდა და რაციით გაიგონა ხმა, კაცია დაჭრილი და სასწრაფო გამოუშვითო. საქმის მასალებით სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახებიდან 3 წუთშია მისული, 12-წუთიან ფირში კი არსად ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა. ასევე 12-წუთიან კადრში არ ჩანს მეორე ავტომატი, ყუმბარა” და 330 ტყვია...

...ჩემთან საუბარში ადეიშვილს არ დაუმალავს, რომ პატრული პრეზიდენტის თაოსნობით შექმნილი უწყება იყო და მას ჩირქი არ უნდა მოსცხებოდა...

გია სარიშვილი, ყოფილი პოლიციელი: - 2006 წლამდე ვაკის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოში ვმუშაობდი. 23 ნოემბერს მორიგე ვიყავი. 1-ელ საათს გადაცილებული იქნებოდა, როცა ეზოში პატრულის 2 მანქანა შემოვიდა. მაშინდელი საპატრულოს უფროსი ზურაბ მიქაძე თანამშრომლებთან ერთად განყოფილებაში შევიდა და ავტომატები გამოიტანეს, საბარგულში ჩააწყვეს და წავიდნენ. ნახევარი საათის შემდეგ მამაჩემმა დამირეკა, დედაა ცუდად და მოდიო. მშობლები წერეთლის პროსპექტზე ცხოვრობდნენ. ეკლესიას რომ მივუახლოვდი, დავინახე გზას კეტავდნენ. იქვე შევნიშნე ზურაბ მიქაძე, გურამ დონაძე და პატრულის ის თანამშრომლები, რომლებიც ნახევარი საათის წინ ჩვენთან იყვნენ. მეორე დღეს ტელევიზიით შევიტყვე, რაც მოხდა. ყველაფერი მოვუყევი სოსო რობაქიძეს. 2010 წელს ტელევიზიითაც გავახმაურე. ამის შემდეგ ველოდი, რომ იარაღს ან ნარკოტიკს ჩამიდებდნენ. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში "ნაციონალებს" რომ გაემარჯვათ, მომკლავდნენ...

ირაკლი ფირცხალავა, დიდუბე-ჩუღურეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი:

- ორი წელია ვკითხულობ, რაში მედება ბრალი? პასუხი ვერავინ გამცა.

- როგორ მოხვდა თქვენს ხელში ცნობილი ფირი და მისი ავთენტურობა თუ დადასტურდა?

- ფირის ავთენტურობა და უწყვეტობა დაადასტურა სამი ქვეყნის საექსპერტო ბიურომ... მოწმეების დაკითხვის შედეგად გაირკვევა, რა მოხდა იმ ღამეს. მე ის ვიცი, რა მოხდა ჩემი მისვლის შემდეგ. ის ღონისძიება პატრულმა ჩაატარა და პასუხისგებაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მისცეს, ეს ხომ აბსურდია?! სასამართლოზე ვიტყვი, როგორ ჩამივარდა ხელში ეს ფირი. რობაქიძის საქმე სამართლებრივ ჩიხშია შესული და ბევრ ცრუ მოწმეს ამხელენ სასამართლოზე. სხვა გზა არ დამიტოვეს, 19 წლის ახალგაზრდის მკერდზე ავტომატის დადება დამაბრალეს და ამას არავის ვაპატიებ!

- მიქაძე ჩვენებაში წერს, ადგილზე კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი იძლეოდა მითითებას, იარაღით გაძეძგეს ყველაფერიო. ვის გულისხმობდა?

- მიქაძე იყო იმ საპატრულო პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი, ვინც ეს ღონისძიება ჩაატარა. თქვას თვითონ, ვისაც გულისხმობდა.

ფირის გასაჯაროება არ აწყობდა იმჟამინდელ შს სამინისტროს. იქ პოლიციელების სრული არაპროფესიონალიზმი იკვეთება. გაირკვა, რომ ერთი პატრული მედოლე ყოფილა, მეორე - მომღერალი... საიდან მოხვდნენ ისინი პატრულში? პოლიციელები დარბიან, ქაოსია, გადატენილი იარაღები თავზე უდევთ, ისმის დედის გინება და ქამრებით თრევა. ფირი დადგმული რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, პოლიციელები თავაზიანად მოიქცეოდნენ.

მეგონა, იქ მართლა უიარაღო ბიჭები იყვნენ და ამ ფირის ნახვის შემდეგ, სრული შოკი მივიღე. რაც შეეხება გავრცელებულ ფრაზას, თითქოს ძველ ფირზე ისმის პოლიციელების ხმა: "ბიჭებს არაფერი აქვთო", ეს ხმა დამონტაჟებულია, კომახიძემ დაადო თავის ფილმში(?!). ეს არის ხალხის მასებზე გათვლილი ფაბრიკაცია. ეს კადრი რომ ნამდვილი ყოფილიყო, დღეს პროკურატურა მტკიცებულებად გამოიყენებდა... ერთადერთი, ვისაც შემთხვევის ადგილზე ბრძანების გაცემის უფლება ჰქონდა და ვისაც უნდა დამორჩილებოდნენ, გამომძიებელი იყო. მე იქ დონაძე არ მინახავს, ამბობენ, იმ დროს მანქანაში იჯდაო. ძაღლის თავი უნდა ვეძებოთ პროკურატურაში - ძველმა ეს საქმე მიაფუჩეჩა, ახალმა კი ჩიხში შეიყვანა.

- ამბობთ, რომ ბიჭები შეიარაღებული იყვნენ, თუმცა, ბუტას მამა ამბობდა, პირადად გითქვამთ მისთვის, რომ ისინი უიარაღონი იყვნენ.

- ასეთი რამ სოსო რობაქიძისთვის არასდროს მითქვამს. დაკავებულებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ იარაღი. ვიცი, იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ქუჩური გარჩევა "დინამოსთან", რაშიც ბუტა რობაქიძე შემთხვევით მოხვდა... მანქანაში ექვსი ბიჭიდან ორი დაჭრილი იჯდა, ამიტომაც იყო დაკავებაზე გადაცემული.

იმ მანქანაში, 2 კაცის გამოკლებით, სუფთა წარსულის ადამიანები არ მსხდარან. ერთი 12 წელია თანამშრომლობს შსს-სთან, დაკავებულია არაერთხელ. გათავისუფლების შემდეგ ქურდობისთვის დააკავეს და ჩვენებაში დაწერა, პოლიციელები ისეთი დებილები იყვნენ, მანქანაში, საფერფლის ქვეშ კიდევ ერთი იარაღი - "მაკაროვი" გვქონდა, რომელიც ვერ ამოიღესო (იგულისხმებოდა 2004 წლის 23 ნოემბრის შემთხვევა).

ნანა ფიცხელაური