"მისი ქალიშვილი და შვილიშვილი უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები. კარგი ცხოვრება რომ იყოს, მისი შვილი სხვის მოხუცებს კი არ გამოუცვლიდა პამპერსებს, თავის დედას მიხედავდა..." "ფანჯარა რომ გავაღე, დავინახე მოხუცის ბინის ფანჯარაში მომვლელი კიოდა, - მიშველეთო!" "მოხუცს 2 წლის წინ თირკმელი გაუჩერდა და კვირაში სამჯერ მომვლელს ხელჩაკიდებული დაჰყავდა დიალიზზე... რომ შეხედავდი, მოყვარული დედა-შვილი გეგონებოდა" არავინ იცის, ვის რა ელის ხანდაზმულობისას, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენს ალბათ, რომ ცხოვრების დასასრულს ისე გაუსწორდებიან, როგორც შურისმაძიებელი სასტიკ დამნაშავეს, - უწყინარი ქუთაისელი მოხუცი ქალბატონი სწორედ ასეთი სისასტიკით მოკლა მომვლელმა ქალმა! მარტოხელა მოხუცს თავის სარჩენად ფულს უცხოეთში მყოფი შვილი უგზავნიდა და დედისთვის მომვლელს ქირაობდა. სწორედ მომვლელის კივილმა, - მიშველეთ, ბებო მოკლესო, შეყარა მეზობლები, რომელთაც ბინაში მოკლული ქალის ცხედარი საწოლზე დახვდათ... შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მომვლელმა მოხუცს დაზიანებები მიაყენა ბლაგვი საგნით მიაყენა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მანანა ლომთათიძე, გარდაცვლილის მეზობელი: - ეს საწყალი ქალი ისედაც ძალიან მეცოდებოდა, სიბერისას მარტო რომ დარჩა, მაგრამ ახლა ამ საშინელების შემდეგ, მასზე ფიქრს ვერ ვიშორებ. ბოლო წლები ძალიან გამწარებული ჰქონდა, - ჯერ ერთი მარტო დარჩა, ეს ჩვენი უკუღმართი ცხოვრების გამო მოხდა - მისი ქალიშვილი და შვილიშვილი უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები. კარგი ცხოვრება რომ იყოს, მისი შვილი სხვის მოხუცებს კი არ გამოუცვლიდა პამპერსებს, თავის დედას მიხედავდა... უკვე წლებია წასულია, მაგრამ დედას იქიდან არაფერს აკლებდა, ჩამოსვლითაც როცა ახერხებდა, ჩამოდიოდა... მომვლელი ერთი რომ არ მოეწონა, 2 წლის წინ მეორე დაუქირავა.... ეს საწყალი ქალი ხშირად ამბობდა, ეს მომვლელი ძალიან მომწონს, კარგად მივლის, თან ჭკვიანიც არისო. თან დაამატებდა, ისეთი ჭკვიანია, 15 წელიწადი ადვოკატად არის ნამუშევარიო... მეცოდებოდა და ვფიქრობდი, კიდევ კარგი, რომ ასეთი ღვთისნიერი მომვლელი შეხვდა, ეგ შვება ხომ მაინც აქვს-მეთქი. მაგრამ მერე ამ მომვლელმა დაუჩეჩქვა თავი... - მომვლელი მოხუცთან 2 წელიწადი მუშაობდა, ნუთუ მანამდე არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ, ან აგრესიულობას არ ამჟღავნებდა? - არაფერი გაგვიგია, მოხუცს 2 წლის წინ თირკმელი გაუჩერდა და კვირაში სამჯერ მომვლელს ხელჩაკიდებული დაჰყავდა დიალიზზე... რომ შეხედავდი, მოყვარული დედა-შვილი გეგონებოდა; მომვლელი, ასე 50 წლის ქალია... - აბა, რა მოხდა? - გარდაცვლილი მეორე სართულზე ცხოვრობდა. ასე, საღამოს 5 საათი იქნებოდა, რომ ამ ბინდან კივილი გავიგონე. ფანჯარა რომ გავაღე, დავინახე მოხუცის ბინის ფანჯარაში მომვლელი კიოდა, - მიშველეთო! რა დრო უნდა დამჭირვებოდა მეორე სართულზე ასასვლელად ან მე ან სხვა მეზობელს, ალბათ სულ 5-6 წუთი, მაგრამ მე რომ მივედი, მომვლელი უკვე მოხუცის შვილს ელაპარაკებოდა ტელეფონით, - დედა მოგიკლეს, ბინაში ქურდები შემოსულანო. ახლა ვფიქრობ, ის საცოდავი იქ რა ცუდად უნდა გამხდარიყო, მაგრამ იმ წუთში მომვლელი გაგვიხდა მისახედი, - ვერ ვაჩერებდით, ტიროდა, - ბებომ დღის პირველ საათზე დასასვნებლად სახლში გამიშვა, მაგრამ მისმა ქალიშვილმა დამირეკა, - რა ხდება, დედას ვურეკავ და ტელეფონს არ იღებს, წადი და გაიგეო. მეც წამოვედი, კარი ღია დამხვდა, კარადები კიდევ ანგრეულიო. ბებო საწოლზე სისხლიანი იწვა, ამ სურათს ვერ გავუძელი და საბანი გადავაფარეო. მერე თქვა, - ახლა მისი ქალიშვილის ჩამოსვლამდე ამ სახლს დავალაგებ, ასე არეულს ხომ არ დავახვედრებო. ჩვენ ვუთხარით, ამ სახლის დალაგება არ შეიძლება, როგორც არის, ისე უნდა ნახოს პოლიციამო და პოლიცია გამოვიძახეთ. - ის ამ დროს რას ამბობდა? - რას და, კი, პოლიცია აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ, მარა ახლა ქურდებს ვიღა იჭერსო. თან ტიროდა, საწყალი ბებო, დღეს რამდენი ვიცინეთ ერთადო. მერე პოლიცია მოვიდა და ჩვენ გარეთ გამოვედით. ბინაში მარტო მომვლელი დარჩა. ცოტა ხანში დავინახეთ, რომ პოლიციელებმა ჩასვეს მანქანაში. ამასობაში მიცვალებულის ნათესავები მივიდნენ და ახლა მათ ატეხეს კივილი, მომვლელს მოუკლავსო. საბანი რომ გადახადეს, საწყალ ქალს ცხვირი მოტეხილი, კეფა კი გაჩეჩქვილი ჰქონდა... - რას ამბობს პოლიცა, რა რაის მკვლელობის მოტივი, ასე რატომ გაიმეტა? - როგორც ამბობენ, გამომძიებლისთვის უთქვამს, კამათი დამიწყო, 5 ლარის გამო მეჩხუბაო. ადრეც მეჩხუბებოდა, ყოველი კამათისას სულ მინდოდა, მომეკლა, მაგრამ მანამდე ვუთმენდი, ახლა კი ვეღარ მოვითმინე, ამოვიტანე ეზოდან ქვა და თავში ვურტყიო. ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)