"მკვლელ ქმარს უთქვამს პოლიციისთვის, მე და ჩემმა ცოლმა მოვილაპარაკეთ, თავი ერთად უნდა მოგვეკლაო" - კვირის პალიტრა

"მკვლელ ქმარს უთქვამს პოლიციისთვის, მე და ჩემმა ცოლმა მოვილაპარაკეთ, თავი ერთად უნდა მოგვეკლაო"

"ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და ცოლს დამიზნებით ესროლა… მაგრამ არ გავარდა. ამიტომ მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და მთელი ძალით გააქანა მეუღლისკენ."

"დანაშაულის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მტირალი კაცი დახვდა, რომელიც მოსთქვამდა: - რა გავაკეთე, ცოლი როგორ მოვკალიო!"

"ერთმანეთისთვის უფრო რომ ევნოთ რამე, მარნეულში დადიოდნენ მოლებთან."

”ელიმხანი და მისი ცოლი ბოლო ხანს ისე უცნაურად იქცეოდნენ, სოფელში ამბობდნენ ჯადო აქვთ გაკეთებულიო.”

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარის მცხოვრები ელიმხან ედიგაროვი მეუღლესთან, მალეიქა გასანოვასთან ერთად, საკუთარი ”მერსედესის” მარკის ავტომანქანით სახლიდან დაახლოებით დილის 10 საათზე გამოვიდა. დაახლოებით კილომეტრი გაიარა და ავტომანქანა სოფელ ვერხვიანთან ახლოს, ხევის მიმდებარე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გააჩერა, რაც ამის შემდეგ მოხდა, ამის თვითმხილველი არ არსებობს, თუმცა თანასოფლელები მომხდარის ამგვარ ვერსიას ყვებიან: "გაჩერებული მანქანიდან გადმოსული ცოლ-ქმარი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით რამდენიმე მეტრის დაშორებით გაჩერდნენ. კაცმა ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და ცოლს დამიზნებით ესროლა… მაგრამ არ გავარდა. ამიტომ კვლავ მანქანაში ჩაჯდა და მთელი ძალით გააქანა მეუღლისკენ. საბოლოოდ, ცოლზე მანქანით გადავლა მაინც ვერ შეძლო, მაგრამ დარტყმის ტალღამ ქალი წააქცია, თავი ქვაზე დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. ედიგაროვმა როცა ნახა, რომ ქალი გარდაცვლილი იყო, თავის მოკვლა დააპირა. მაგრამ იარაღმა ამჯერადაც ”უმუხთლა”, რის გამოც ედიგაროვი კვლავ ავტომანქანაში ჩაჯდა, მომართა და ხევში გადაეშვა, თუმცა ამჯერადაც გადარჩა, რის შემდეგაც პოლიციასა და სასწრაფოს დაურეკა და მათ მოსვლამდე იქვე დარჩა. დანაშაულის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მტირალი კაცი დახვდათ, რომელიც მოსთქვამდა: - რა გავაკეთე, ცოლი როგორ მოვკალიო!"-  ეს მონაყოლი საშინელებათა ფილმის სიუჟეტს კი ჰგავს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალურად, ჩვენს დროში მოხდა. სწორედ ასე მოკლა 1973 წელს დაბადებულმა ელიმხან ედიგაროვმა, მეუღლე, რომელთანაც 22 წელიწადი გაატარა. ოფიციალური სტატისტიკით, 2014 წელს, ეს ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის 25-ე შემთხვევაა.

რა მოხდა ედიგაროვების ოჯახში, ამაზე მათი თანასოფლელი გვესაუბრება:

მ.ო; სოფელ თულარის მცხოვრები:

- ყველაფრის მიზეზი ელიმხან ედიგაროვისა და მისი ძმის ჩხუბია. ელიმხანი კარგი კაცია, შეძლებულადაც ცხოვრობდა. სოფლის იმ 10 ოჯახიდან, რომელიც შეძლებულად ცხოვრობს, ერთ-ერთი ელიმხანის ოჯახიც იყო. იმიტომ, რომ ეგ კარგი ხელოსანია, - სახლებს ხურავს და სხვა ხელობაც ეხერხება. ქონება რომ დააგროვა, მანქანებიც იყიდა, როგორც ჩანს, მაგის ძმას შურდა ძმის წარმატება, ეუბნეოდა, შენ ჩემი ძმა ხარ და რადგან მდიდარი ხარ, მეც უნდა მომცეო, ამაზე ჩხუბობდნენ. ბოლო 5 წელიწადია ამ დღეში არიან, თან, როგორც ჩანს, ერთმენეთისთვის უფრო რომ ევნოთ რამე, მარნეულში დადიოდნენ მოლებთან. ზუსტად ვერ გეტყვით, ამის მეც დიდად არ მჯეროდა აქამდე, მაგრამ ელიმხანი და მისი ცოლი ბოლო ხანს ისე უცნაურად იქცეოდნენ, სოფელში ამბობდნენ ჯადო აქვთ გაკეთებულიო. გიჟებივით რომ იქცეოდნენ, მაგას ყველა ხედავდა. ელიმხანი ადრე ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ, ბოლო დროს, თავის ცოლთან ერთად, ისეთ რამეებს აკეთებდა, ხალხს მაგათი ეზოსკენ გავლა აღარ უნდოდა... მოკლედ, ჯადოსი არ გვჯეროდა და დავიჯერეთ…

- მაინც რას აკეთებდნენ?

- უხერხულია ამაზე ლაპარაკი. ორი ბიჭი ჰყავთ, ერთი მათგან დაოჯახებულია, ისინიც გაოცებულები იყვნენ მშობლების ქცევით. ბოლო ხანს მალეიქა სახლიდან სულ სადღაც გარბოდა, არადა, ეგეც ჭკვიანი ქალი იყო. შეშლილივით ყვიროდა, აქ აღარ მინდა, უნდა წავიდე, გამიშვითო ! გამოეკიდებოდნენ შვილები და ქმარი, დაიჭერდნენ და შეიყვანდნენ შინ. როგორც სოფელში ამობობენ, ქმარს იარაღი ქალმა აყიდვინა, აგულიანებდა, თავი ერთად მოვიკლათო. რევოლვერმა რომ არ გაისროლა,  მანქანა დააჯახა და მერე თავის მოკვლა სცადა. თვითონ ელიმხანს უთქვამს პოლიციისთვის, მე და ჩემმა ცოლმა მოვილაპარაკეთ, თავი ერთად უნდა მოგვეკლაო.

- იქნებ, ჯადო არაფერ შუაშია და ქალს თუ შინიდან წასვლა უნდოდა, ქმარმა ის ეჭვიანობის გამო მოკლა...

- სოფელში მაგასაც ამობობენ, მაგრამ ამდენი ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ, მსგავსი აქამდე არაფერი გაგონილა, ახლა უცებ დაიწყებდა ქმარი ცოლზე ეჭვიანობას?

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)