თბილისში 34 წლის ბიჭი მოკლეს - რა მოხდა "ქალაქპროექტის" შენობაში - კვირის პალიტრა

თბილისში 34 წლის ბიჭი მოკლეს - რა მოხდა "ქალაქპროექტის" შენობაში

"საწყალი ძირს ეგდო. ხელები სულ სისხლიანი ჰქონდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ადგილზე გარდაიცვალა... ამბობენ, რომ საქმის გასარჩევად მოუყვანა ეს მოკლული ბიჭი"

"ქალის განწირული კივილის ხმა რომ გავიგეთ, გარეთ გამოვედით, დავინახე თათია კიოდა. ადრე ეს გოგო, მკვლელობაში ეჭვიმტანილ ნოდარ ნასარიძესთან ტექსტების ამკრეფად მუშაობდა"

"ნოდარი წესიერი ადამიან და კარგი ინჟინერია, წლებია ამ შენობაში მუშაობს..."

11 დეკემბერს, დღის 4 საათზე თბილისში "ქალაქპროექტის" შენობაში ტრაგედია დატრიალდა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, 55 წლის ნოდარ ნასარიძემ შელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის ალექსანდრე გოცირიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ამ შენობაში უამრავი ორგანიზაციაა განთავსებული, თუმცა მომხდარზე ღიად არავინ ლაპარაკობს.

"4 საათი შესრულებული იყო ქალის განწირული კივილის ხმა რომ გავიგეთ, გარეთ გამოვედით, დავინახე თათია კიოდა. მისი გვარი არ ვიცი. ვიცი, მხოლოდ ის, რომ ადრე ეს გოგო, მკვლელობაში ეჭვიმტანილ ნოდარ ნასარიძესთან ტექსტების ამკრეფად მუშაობდა. ვკითხე, რა ხდება-მეთქი, ხმა არ გამცა, ისტერიულად კიოდა. მასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი იყო, მან უხეშად მიპასუხა, თავი დაანებეთო. ამ დროს პოლიცია და სასწრაფოც მოვიდა. სავარაუდოდ, სამართალდამცავებს მომხდარი თათიამ შეატყობინა. როგორც გავიგეთ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. რაც დავინახე, საწყალი ძირს ეგდო. ხელები სულ სისხლიანი ჰქონდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილს ჩვენ ახლოს არავინ გვაკარებდა, პოლიცია იცავდა. ნოდარი მოგვიანებით გამოიყვანეს ოთახიდან, ხელბორკილი ედო, შენობიდან ისე გაიყვანეს, ხმა არ ამოუღია... რა იყო მკვლელობის მიზეზი, ნამდვილად არ ვიცი." - გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. როგორც შევიტყვეთ, ნოდარ ნასარიძე წლების განმავლობაში "ქალაქპროექტის" შენობაში, მეშვიდე სართულზე მუშაობდა. მომხდარზე ლაპარაკი არც მისმა კოლეგებმა ისურვეს. მისმა კოლეგა ქალბატონმა მარინამ ბრალდებული დადებითად დაახასიათა: "რა მოხდა იქ, არავინ იცის. ნოდარი წესიერი ადამიან და კარგი ინჟინერია, წლებია ამ შენობაში მუშაობს. 4 წელია "თბილქალაქპროექტი" დაიშალა და ამ ორგანიზაციაში აღარ არის, თუმცა მერე გააკეთა თავისი ფირმა, "ინჟინერკონსტრუქტორი," საინჟინრო დასკვნებს აკეთებდა, დანარჩენი რა მოხდა, არ ვიცი."

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობას ყველა ერიდებოდა, მომხადრის ვერსია ერთ-ერთი თანამშრომლისგან მაინც გავიგეთ. როგორც გავარკვიეთ, ალექსანდრე გოცირიძე ამ შენობაში არ მუშაობდა, ის სიტუაციის გასარკვევად ნოდარ ნასარიძესთან ყოფილმა თანამშრომელმა თათიამ მიაგზავნა.

აი, რას მოგვიყვა ნოდარ ნასარიძის თანამშრომელი, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვამჟღავნებთ:

- ოთახში ვიყავით, გასროლის ხმა არ გაგვიგია. ნოდარმა ახალგაზრდა რომ მოკლა, პოლიციის მოსვლის შემდეგ გავიგეთ. მე და ნოდარმა წლების განმავლობაში ერთად ვიმუშავეთ. იმ დღესაც ვნახე, დილით შემხვდა. აღელვება, ან ნერვიულობა არ შემინიშნავს. თათია ნოდართან მუშაობდა, პატარა გოგოა, ტექსტების ამწყობად ჰყავდა, კურიერის ფუნქციასაც ასრულებდა. მაგრამ ორი თუ სამი თვის წინ ეს გოგო სამსახურიდან დაითხოვა, რადგან დროზე არ მოდიოდა სამსახურში და არ ასრულებდა თავის საქმეს. როგორც ვიცი, ამ გოგომ მერე სხვაგან დაიწყო მუშაობა და იქიდანაც იგივე მიზეზით გამოუშვეს. მერე ისევ ნოდართან მოსულა და უთქვამს, სახლში გამომიგზავნე ტექსტები და იქ ავკეფო, რაზეც ნოდარმა. უარი უთხრა. ამბობენ, რომ ამის შემდეგ საქმის გასარჩევად მოუყვანა ეს მოკლული ბიჭი, ოთახში რა მოხდა და რატომ მოხდა ეს ტრაგედია, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, მოხდა. ნოდარი იარაღით ადრე არასოდეს მინახავს. სამწუხარო ფაქტია, რომ იმ გოგოს გამო თავიც დაიღუპა და ახალგაზრდაც დაღუპა. მანამდე თუ იცნობდა გარდაცვლილს, არ ვიცი. ფაქტია, ის საწყალი საქმის გასარჩევად მოვიდა.

ირკვევა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი იყო. თანამშრომლების თქმით, მას დალევა უყვარდა. იმასაც ამბობენ, ემოციური ადამიანი იყოო. "იარაღი საიდან ჰქონდა, არ ვიცი. დალევა ვის არ უყვარს საქართველოში. ნოდარს გაქცევა არ უცდია. კაბინეტში იჯდა და ელოდა პოლიციას, იქვე დააკავეს. ემოციური ადამიანი იყო. საქმის გარჩევისას ალბათ გაღიზიანდა". - ამბობს ბრალდებულის თანამშრომელი.

სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). რა ჩვენება მისცა მან სამართალდამცავებს, ჯერჯერობით უცნობია. არც ის არის ცნობილი, რა თქვა ბრალდებულის ყოფილმა თანამშრომელმა თათიამ დაკითხვაზე.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)