ცოლისძმამ სიძე სამზარეულოს დანის ერთი დარტყმით მოკლა - კვირის პალიტრა

ცოლისძმამ სიძე სამზარეულოს დანის ერთი დარტყმით მოკლა

"ციხეში რომ გაეჩერებინათ და ამნისტიით არ გამოეგდოთ გარეთ, ამ ბოროტებას ხომ არ ჩაიდენდა"

"ჩვენი ცხოვრების უკუღმართობა ნახეთ, უცხოეთში ოჯახის სარჩენად წასული ცოლი მეუღლის დაკრძალვაზეც ვერ ჩამოდის...  წარმოიდგნეთ ის საწყალი რა შავ დღეში იქნება, ძმამ ქმარი მოუკლა"

"შვილი ასე ამბობს, - მამაჩემის სისხლი ბიძაჩემს არ შერჩება, ნეტავ ორმოცამდე უკან მიჰყვებოდეს მამაჩემსო!"

სასტიკი მკვლელობა მოხდა კასპში, სადაც 39 წლის მერაბ მანსურაშვილმა სიძე 47 წლის ვაჟა ბითაროვი დანით მოკლა. როგორც მეზობლები ყვებიან, ცოლისძმა სიძეს ადრიანად ესტუმრა. მანსურაშვილი მარტო ცხოვრობდა, ამიტომაც დის ქმართან მანამდეც საკმაოდ დიდ დროს ატარებდა, ნათესავები ერთად ხშირად სვამდნენ და კონფლიქტებიც მოსდიოდათ. ამჯერად კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა, თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს ხმამაღალი ლაპარაკი არ გაუგონიათ.

ვაჟა ბითიროვიც იმ დღეს შინ მარტო იყო, მისი მეუღლე ოჯახის სარჩენად თურქეთშია წასული, და კი - იმ დღეს საავადმყოფოში მორიგე იყო. მეორე დილით სამსახურიდან დაბრუნებულ ბითაროვის დას სახლში შემზარავი სურათი დახვდა, - იატაკზე ჩაჩოქილ მსხვერპლს ხელი გულზე მიედო და იატაკზე ტკივილისგან ჩაკეცილი, სამუდამოდ ასე დარჩენილიყო. ჭრილობიდან წამოსულ სისხლს კი გარდაცვლილის ქურთუკი მთლიანად გაეჟღინთა და იატაკი შეეღება.

სწორედ დის კივილზე შეყრილმა მეზობლებმა გაიხსენეს, რომ წინა დილით გარდაცვლილთან მისი ცოლის ძმა მივიდა.

ოთარ ბედოიძე, გარდაცვლილის ახლობელი:

- ვაჟა სტუმართმოყვარე კაცი იყო. ცოლისძმა კი არა, ვინც უნდა მისვლოდა სტუმრად, შეიპატიჟებდა და პურმარილს გაუშლიდა. ეს მერაბი მასთან ხშირად დადიოდა, მიუხედავდ იმისა, რომ მეზობელ სოფელში ცხოვრობს. რაც ციხიდან გამოვიდა, მით უფრო მოუხშირა სიარულს. წასასვლელი ალბათ არსად ჰქონდა და დილაუთენია დაადგებოდა ხოლმე თავზე. 39 წლის კაცი 3-ჯერ იყო ნასამართლები ქურდობისა და ყაჩაღობისთვის, მაგისთანები, თან რომ გადაჰყვე, პატივისცემას მაინც ვერ ხედავენ, ჰგონიათ, რომ ეს პატივისცემა ეკუთვნით...

კაცი, რომელსაც მთელი სიცოცხლე ციხეში აქვს გატარებული, მორიგი დანაშაულისთვის მიზეზს ადვილად იპოვის ალბათ... უკვე ხელი აქვს გავარჯიშებული ბოროტებაში. ციხეში რომ გაეჩერებინათ და ამნისტიით არ გამოეგდოთ გარეთ, ამ ბოროტებას ხომ არ ჩაიდენდა, ერთი კაცი კიდევ იცოცხლებდა ამ ქვეყანაზე. ახალგაზრდა კაცი მოკლა. საწყალი შვილიშვილს ელოდებოდა ერთადერთი ქალიშვილისაგან და სიხარულით აღარ იყო, ამბობდა, ამ ბედნიერებას როდის მოვესწრებიო! ვერ მოესწრო... ცოლისძმამ ქათამივით დააკლა, სამზარეულოს დანით, ერთი დარტყმით მოათავებინა სიცოცხლე. მაგათ იციან, როგორ უნდა დარტყან, რომ ადამიანი მაშინვე მოკვდეს! ის არაკაცი თან მაშინვე გაქცეულა, - დანის დარტყმით ჩაკეცილი კაცი დატოვა და გაიქცა; მერე კი ალბათ ელოდებოდა, როდის გაიგებდა ვაჟას სიკვდილის ამბავს.

- ეჭვიმტანილი პოლიციამ უკვე დააკავა, ხომ არ იცით, რას ამბობს?

- გარდაცვლილის ოჯახს ეუბნებიან, არაფერს არ ლაპარაკობს, ამბობს, უბრალოდ შევკამათდით, მერე არ ვიცი ეს რატომ მოხდაო. ჩვენი ცხოვრების უკუღმართობა ნახეთ, უცხოეთში ოჯახის სარჩენად წასული ცოლი მეუღლის დაკრძალვაზეც ვერ ჩამოდის, - ვერ ვახერხებო. წარმოიდგნეთ ის საწყალი რა შავ დღეში იქნება, ძმამ ქმარი მოუკლა... ოჯახი მიატოვა, ფიქრობდა, დავეხმარებიო, ახლა კი სულ დაექცა. თანაც ძმა მაინც ძმაა, - 3-ჯერ ნასამართლები არის, თუ რაც არის, მაინც გიყვარს ადამიანს... გოგოც ძალიან გვეცოდება, საწყალი, აღარ იცის მამა იტიროს, თუ ის იტიროს ბიძა რომ არაკაცი ჰყავს. შვილი ასე ამბობს, - მამაჩემის სისხლი ბიძაჩემს არ შერჩება, ნეტავ ორმოცამდე უკან მიჰყვებოდეს მამაჩემსო!

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)