ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავის მოკვლა სცადა - მორიგი ოჯახური ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავის მოკვლა სცადა - მორიგი ოჯახური ტრაგედიის დეტალები

ეკა მოლაშვილი 28-ე ქალია, რომელიც წელს ქმარმა გამოასალმა სიცოცხლეს

ექიმებს საშინელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ქალი სისხლში ცურავდა. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქნდა მიყენებული

"ქმარი ბირჟაზე მდგარი არავის უნახავს, დილიდან საღამომდე შრომობდა. ისე დალევა უყვარდა და ეს ეტყობოდა კიდეც ვიზუალურად"

16 დეკემბერს, გვიან ღამით 112-ში ზარი გაისმა, - მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში სასწრაფო დახმარების მისვლას ითხოვდა. მითითებულ მისამართზე მისულ ექიმებს საშინელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ქალი სისხლში ცურავდა. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქნდა მიყენებული, დაჭრილი იყო მისი მეუღლეც. მამაკაცს გონზე იყო. ორივე სასწრაფოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე ისე გარდაიცვალა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ექიმებმა სათანადო დახმარება მამაკაცს აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მალე გაირკვა, რომ ტრაგედიის მიზეზი ამ შემთხვევაშიც ეჭვიანობა იყო. იმ ღამით ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულებულა. სამწუხაროდ, უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს ოჯახებში მომხდარი მკვლელობები. ეკა მოლაშვილი უკვე 28-ე ქალია, რომელიც წელს ქმარმა გამოასალმა სიცოცხლეს. სამართალდამცავებმა 58 წლის თენგიზ არჩვაძეს ცოლის მკვლელობაში ბრალი უკვე წაუყენეს. დადგენილია, რომ მან დანით სასიკვდილო ჭრილობა ცოლს მთვრალმა მიაყენა, ამის შემდეგ თავის მოკვლა სცადა. შემდგომ უთქვამს, რომ გავიაზრე რა ჩავიდინე, ამის მერე მინდოდა თავი მომეკლა, მაგრამ ვერ შევძელიო. სამართალდამცავთა თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მან გამოძიებას დეტალური ჩვენება უკვე მისცა, თუმცა არ ხმაურდება დეტალები. ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები რამდენიმე საათი მუშაობდნენ. ბინიდან მკვლელობის იარაღი -სისხლიანი დანა ამოიღეს. როგორც ირკვევა, მკვლელობის დროს სახლში მათი 5 წლის გოგონაც იყო. ბავშვს ეძინა და საბედნიეროდ ამ ტრაგედიის თვითმხილველი არ გამხდარა.

მოკლული ეკა მოლაშვილი 22 წლით იყო ქმარზე უმცროსი. 36 წლის ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ დედის სახლში გადაასვენეს. ეკას დედა მეუღლესთან და ქალ-ვაჟთან ერთად, იმავე სოფელში, რუისპირში ცხოვრობს. იქვე ახლოს ცხოვრობს ეკას მეორე ძმაც, თავის ცოლ-შვილთან ერთად. სწორედ ისინი იზრუნებენ ეკას პატარაზე. ამბობენ, უდედმამოდ დარჩენილ პატარას სითბოს და სიყვარულს არ მოვაკლებთო.

თემურ გიგაური, გამგებლის წარმომადგენელი, სოფელ რუისპირში:

- მკვლელობა გვიან ღამით მომხდა, ამიტომ თვითმხილველი არავინაა. მკვლელობის დროს, ცოლ-ქმრის გარდა, სახლში მათი 5 წლის გოგონაც იყო. ქმარს სოფელში ვიცნობდით როგორც თენგიზ არჩვაძეს, თუმცა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონია. ამბობდა, რომ დევნილი იყო. მის წარსულზე ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენს სოფელში 6 წლის წინ გამოჩნდა და დევნილებისთვის განკუთვნილ შენობაში დასახლდა. მშრომელი კაცი იყო. ფიზიკურად ბევრს შრომობდა, შეშის საჭრელად დადიოდა და სხვა ფიზიკურ სამუშაოსაც არ თაკილობდა. ბირჟაზე მდგარი არავის უნახავს, დილიდან საღამომდე შრომობდა. ისე დალევა უყვარდა და ეს ეტყობოდა კიდეც ვიზუალურად. კახეთში ჩამოსვლის შემდეგ გაიცნო ეკა მოლაშვილი და მასზე დაქორწინდა. რადგან პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა, ამიტომ თავის გვარზე ბავშვიც ვერ დაარეგისტრირა. მათი პატარა გოგონა დედის გვარზეა, ისიც მოლაშვილია. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. 2 წელია რაც ამ სოფელში რწმუნებულად ვმუშაობ და მათ ოჯახურ კონფლიქტზე არაფერი მსმენია. არასდროს გამიგია, რომ ეჩხუბოთ, ჩვენთან საჩივრით არც ქალი მოსულა არასოდეს.

ეკა მოლაშვილს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, ბავშვები ამჟამად მამის სახლში ცხოვრობენ. ეკას ყოფილი ქმარიც ხშირად სვამდა, საბოლოოდ კი გალოთდა. როგორც ჩანს, მათი დაშორების მიზეზი სწორედ ეს იყო. ეკას პირველი ქმრიდან კარგი, მშრომელი შვილები ჰყავს. როცა პატარები იყვნენ, ბავშვებს მამიდა და ბიძა უვლიდნენ. ახლა მისი უფროსი ბიჭი 17 წლისაა, ახლახანს ცოლიც შეირთო, ხელობაც აქვს და ოჯახს თავისი შრომით არჩენს. პირველად ეკა, როგორც ჩანს, პატარა ასაკში გათხოვდა. ყოფილ ქმართან ერთად ის აქვე ახლოს, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა.

ტრაგედიის დღესვე საქმეში სოცმუშაკებიც ჩაერთვნენ. თელავის სოცმუშაკმა ქალბატონმა თინა გოგიაშვილმა მშობლების გარეშე დარჩენილი პატარა გოგონა მაშინვე მოინახულა, რათა გაერკვია, ხომ არ დრაჩა პატარა მზრუნველობის გარეშე.

თინა გოგიაშვილი:

- სულ რამდენიმე საათის მომხდარი იყო ეს ამბავი, ეკას დედის სახლში რომ მივედით. ოჯახთან ტრაგედიაზე ლაპარაკი არც გვიცდია, რადგან მომხდარით შეძრულები იყვნენ. ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია ბავშვის ბედი. გადაწყვეტილია, 5 წლის გოგონა ბებიის ოჯახში იქნება. იმ სახლში ცხოვრობს ბავშვის ბიძა, დეიდა და პაპაც. პატარას მზრუნველობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, ამიტომაც არ საჭიროებს სოციალური სამსახურის ჩარევას. როცა მივედით, ამ დროს ბავშვი, გვერდით მდებარე ბიძის სახლში იყო. იქ ცხოვრობს ბიძა ცოლ-შვილთან ერთად და ისინი ზრუნავდნენ პატარაზე. პატარა გოგონამ მაშინ არც იცოდა, რომ დედა გარდაცვლილია. ბებიის ოჯახი სოციალურად დაუცველია. დაკრძალვის შემდეგ ჩვენ ისევ მივაკითხავთ მათ და თუ დახმარება დასჭირდათ სახელმწიფოსგან, დავეხმარებით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით საავამდყოფოში რჩება ბრალდებული თენგიზ არჩვაძე, რომელსაც ჯანმრთელობის დასტაბილურების შემდეგ ციხეში გადაიყვანენ.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)