"მნიშვნელობა არ ჰქონდა რას მომისჯიდნენ, მე ის მოვკალი..." - ქალი, რომელმაც ქმარი მოკლა - კვირის პალიტრა

"მნიშვნელობა არ ჰქონდა რას მომისჯიდნენ, მე ის მოვკალი..." - ქალი, რომელმაც ქმარი მოკლა

"წამოდგომა სცადა, მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა, - რას შვრები, მკლავო და ისევ წაიქცა. ეს ხმა ახლაც მესმის თითქოს, ძალიან უბედური ვარ"

"ციხიდან რომ გამოვედი, მესამე დღეს მის საფლავზე წავედი, დაღამებამდე იქ მარტო ვიყავი. ბევრი ვიტირე, ჩემს თავსაც ვტიროდი და მასაც. ორივეს დაგვენგრა ცხოვრება."

"მინდა, ქალებს ვურჩიო თუ ოჯახში ჩხუბია, თუ მათზე ძალადობენ, ჯობია დაასრულონ ქორწინება და ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელონ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩემსავით მკვლელად ან მსხვერპლად იქცნენ"

2014 წლის განმავლობაში 28 ქალი ემსხვერპლა ოჯახურ ძალდობას. ისტორია, რომელსაც მოგიყვებით, მძიმეა, თუმცა მეტად დასაფიქრებელი. ნინა 25 წლის იყო, როცა ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თბილისში მოხდა. მან მეუღლეს დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელად ქცეულ ცოლს სახლიდან გაქცევა არ უცდია, პოლიცია მალე მოვიდა, ნინას ხელბორკილი დაადეს და პოლიციაში წაიყვანეს. მართალია ბრალდებული აცხადებდა, რომ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, ის სასამართლომ მაინც 108-ე -განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლა. წაყენებული მუხლი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლემ ნინას სასჯელის მინიმუმ - 7 წელი მიუსაჯა. ნინამ სასჯელი სრულად მოიხადა, ამნისტიიით არ უსარგებლია, დღეს უკვე თავისუფალია. ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა ციხის კედლებს გარეთ ყოფნა, რადგან, ფაქტობრივად, თავიდან იწყებს ცხოვრებას. "რთული ურთიერთობების თავიდან დაწყება, ბევრმა ახლობელმა ზურგი მაქცია." - გვითხრა დანანებით ნინამ, რომლის გვარსაც არ ვასახელებთ.

ნინა:

- ციხიდან გამოსული ადამიანისთვის ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან რთულია. მიდიხარ ახლობლებთან და გრძნობ, რა ეჭვის თვალით გიყურებენ. ამიტომ კარგა ხანს სახლიდან საერთოდ არ გავდიოდი. ვიჯექი ჩემს ოთახში და ვტიროდი. ერთადერთი, ვინც გვერდიდან არ მშორდებოდა, დედაჩემი იყო. და არ მყავს, რამდენჯერ მინატრია რომ მყოლოდა, რადგან ძმებთან ყველა წვრილმანზე ვერ ილაპარაკებ. ისინი დღემდე მსაყვედურობენ მომხდარს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა, კაცი მოკალი და თავიც გაიუბედურეო... სამსახურის დაწყებაც ვერ მოვახერხე. ძნელია სხვის კისერზე ცხოვრება. ქსოვა ვიცი, ვქსოვ ქუდებს, კაშნეებს, წინდებს და ბაზრობაზე ვაბარებ. ცოტაა შემოსავალი, მაგრამ ჯიბის ფული მაინც მაქვს.

- მესმის გიმძიმთ, მაგრამ, იქნებ, გაიხსენოთ, რა მოხდა იმ ავბედით დღეს?

- მე და თენგოს ერთმანეთი სკოლიდან გვიყვარდა, მოგვიანებით ოჯახიც შევქმენით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე ცხოვრება სულ აგვერ-დაგვერია. თენგომ სამსახური დაკარგა, ქუჩაში ჯართის შეგროვებით ვირჩენდით თავს. დალევა დაიწყო, საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, ფიზიკურადაც კი ისე ციუდად ხდებოდა, ძლივს გამომყავდა მდგომრეობიდან. ვთხოვდი, ვემუდარებოდი, არ დაელია, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. რომ გამოფხიზლდებოდა, მპირდებოდა, რომ აღარ დალევდა, მაგრამ მაინც იგივეს იმეორდებდა. რაც ყველაზე საშინელება იყო, ეჭვიანობა დაიწყო. ყველაზე ეჭვიანობდა, ჩემს ძმაზეც კი. ამის გამო დაიწყო ჩვენი კონფლიქტები, რომელიც იქამდე მივიდა, რომ სასიკვდილოდ მცემდა. რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, ამდენის ატანა აღარ შემეძლო. ერთხელ სახლიდანაც წამოვედი, მაგრამ მომაკითხა ჩემებთან და შერიგება მთხოვა. დამპირდა, რომ აღარ დალევდა, მეც ისევ შევურიგდი, ნეტავ არ შევიგებულიყავი, ისიც ცოცხალი იქნებოდა და მეც მკვლელად არ ვიქცეოდი.

- ნამდვილად თქვენ მოკალით?

- არ მინდოდა მისი მოკვლა, ნეტავ დროის დაბრუნება შეიძლებოდეს... იმ დღეს მისი მეგობარი იყო ჩვენთან სტუმრად. სუფრა გავუშალე, არაყს სვამდნენ. რომ დაითვრა, ჯერ მეგობართან მოუვიდა კონფლიქტი, იჩხუბეს, აგინეს ერთმანეთს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, ჩავერიე, ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, ჩხუბი შეეწყვიტა. მეგობართან შენიშვნა იუკადრისა, მისი თანდასწრებით დამიწყო ცემა. მალე მისი მეგობარი წავიდა, სახლში ჩვენ ორნი დავრჩით. მაგიდას ვალაგებდი სამზარეულოში, ამ დროს უცებ ისევ გინებით წამოხტა და ჩემს საცემრად წამოვიდა. ძლიერად დამარტყა, წავიქეცი, მერე არაფერი მახსოვს. გონზე რომ მოვედი, დავინახე თავზე მედგა და გინებას აგრძელებდა. ძლივს წამოვდექი. ცოტა ხანს მომეშვა და სამზარეულოდან გავიდა. მე იქვე დავრჩი, ისევ იქურობის მილაგება გავაგრძელე, ხელში პურის საჭრელი დანა მეჭირა, რაღაცას ვჭრიდი. ამ დროს ის ისევ შემოვიდა ოთახში და ისევ ჩემს საცემრად გამოიწია, შეშინებულმა ინსტიქტურად მოვიქნიე დანა, რომელიც ხელში მეჭირა... ძირს დაეცა.. შოკში ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ყვირილით მეზობლებთან გავიქეცი, დაჭრილია და დამეხმარეთ-მეთქი, ვთხოვე სასწრაფოში დაერეკათ, ისევ უკან შემოვბრუნდი, მის დახმარებას ვცდილობდი. ვტიროდი და ვეძახდი, ცოცხალი ხარ-მეთქი? მან წამოდგომა სცადა, მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა, - რას შვრები, მკლავო და ისევ წაიქცა. ეს ხმა ახლაც მესმის თითქოს, ძალიან უბედური ვარ. ვცადე წამომეწია, მაგრამ ვერ ავწიე, ვიდექი და ვტიროდი, ვცდილობდი გადამერჩინა, მაგრამ ვერ შევძელი... მერე აღმოჩნდა, რომ დანა გულში მოხვდა. მის წინ ვიდექი, როცა პოლიცია მოვიდა. ხელბორკილები დამადეს და განზრახ მკვლელობის ბრალდება წამიყენეს. ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, მე მისი სიკვდილი არ მინდოდა. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, უბრალოდ მისი გაუთავებელი ლოთობის გამო გვქონდა კონფლიქტები. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რას მომისჯიდნენ. მე ის მოვკალი... ამდენი წელი გავიდა, მაგრამ მომხდარს. დღემდე საშინლად განვიცდი.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრებს ხომ არ შეხვედრილხართ?

- არა, როგორც მითხრეს, დედამისი გარდაცვლილა. ციხეში სულ მასზე ვფიქრობდი, ძალიან მებრალებოდა... ციხეში პირველი წლები განსაკუთრებულად მძიმე იყო. ხშირად მესიზმრებოდა, ცხადშიც სულ თვალწინ მედგა ის უბედურება, რაც დატრიალდა. ვერ ვიძინებდი, წამოვჯდებოდი და სულ ვტიროდი. ვლოცულობდი მისი სულისთვის. მერწმუნეთ, ძალიან ვნანობ... იქ მოხვედრამდე, არასდროს მიფიქრია, რომ ციხეში ასე ნელა გადიოდა დღეები, საუკუნეს ჰგავდა ყოველი დღე ჩემთვის... თითქოს დრო გაჩერდაო. იქაც ვქსოვდი, ვკერავდი და გულს ამას ვაყოლებდი. ციხეში ხშირად იყო კონფლიქტები პატიმარ ქალებს შორის, მაგრამ მე არასდროს ჩავრეულვარ, კონფლიქტს ვერიდებოდი.

- მის საფლავზე ხომ არ მისულხართ?

- ციხიდან რომ გამოვედი მესამე დღეს მის საფლავზე წავედი, დაღამებამდე იქ მარტო ვიყავი. ბევრი ვიტირე, ჩემს თავსაც ვტიროდი და მასაც. ორივეს დაგვენგრა ცხოვრება.

- ახლაგაზრდა ხართ, ოჯახის შექმანზე არ ფიქრობთ??

- ჩემი ახლობლები მეუბნებიან, ოჯახი უნდა შექმნაო, მაგრამ ალბათ ვეღრ გავბედავ.. დღეს ბევრს ლაპარაკობენ, ოჯახში ძალადობაზე, ვიცი, რომ ბოლო ხანს არაერთი ქალი გახდა ამ ძალადობის მსხვერპლი, მე ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ ეს  სიცოცხლეა?! მინდა, ქალებს ვურჩიო თუ ოჯახში ჩხუბია, თუ მათზე ძალადობენ, ჯობია დაასრულონ ქორწინება და ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელონ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩემსავით მკვლელად ან მსხვერპლად იქცნენ.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)