"ჩემს ბიჭს დანა ათჯერ დაარტყეს" - შვილმკვდარი დედა სამართალს ეძებს - კვირის პალიტრა

"ჩემს ბიჭს დანა ათჯერ დაარტყეს" - შვილმკვდარი დედა სამართალს ეძებს

"გიგის ერთი კაცი ვერ მოერეოდა. ვფიქრობ, გიგი სხვებს ჰყავდათ დაჭერილი და ისე ურტყა ნოზაძემ დანა. დარწმუნებული ვარ, სხვა ბიჭებიც ახლდნენ მკვლელს. ჩემს შვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა, ფუძის ძვალი ჩამტვრეული, არტერია გადაჭრილი, თავში, გულმკერდში ჭრილობები, როგორ შეიძლებოდა ის ასე ერთ ადამიანს დაეზიანებინა?"

"მკვლელობის შემდეგ ხალხს მიგზავნიდნენ, ფულს მთავაზობდნენ გაჩუმების სანაცვლოდ... მკვლელისთვის სინანული რომ შემემჩნია. ასე გამწარებული და განადგურებული არ ვიქნებოდი."

"წელიწადია მე და ჩემი მეუღლე ეკა ბესელიასთან შეხვედრას უშედეგოდ ვითხოვთ, გვინდა საქმის აუდიო და ვიდეო ფაილებს გაეცნოს და დადოს დასკვნა"

შვილმკვდარი ოჯახი ერთი წელია სამართალს ეძებს. ტრაგედია გასული წლის 30 ნოემბერს, ხაშურში მოხდა. იმ ღამით მეზობელმა, 19 წლის იური ნოზაძემ 21 წლის გიგი ხვედელიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა საკუთარ ეზოში მიაყენა, ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ძალოვნებმა იური ნოზაძე კახეთში დააკავეს. ნოზაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობდა. ამბობდა, რომ გიგისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ადრე ფული ასესხა, მაგრამ ამ თანხის უკან დაბრუნება ვერ შეძლო. თანაც გიგი პერმანენტულად აიძულებდა, რომ მისთვის ფული ან სხვა ფასეულობა გადაეცა. იმ დღესაც გიგიმ სიგარეტის მიტანა სთხოვა. მის ზარს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა რეკვას. გადაწყვიტა მისულიყო და სიგარეტის კოლოფი მიეცა, კოლოფში რამდენიმე ღერი სიგარეტი იდო. "მივედი გიგის სახლთან, მივეცი სიგარეტი და მოვტრიალდი, მან მითხრა, შენთვის წასვლის ნება არ მომიციაო და შემაგინა. ამის გამო ხვედელიძეს ხელი დავარტყი, მან ამ დროს დანა მომიქნია. შევძელი მისთვის დანა წამერთმია, ამ დროს გავიჭერი მარჯვენა ხელის ორი თითი. ამის შემდეგ გიორგიმ დამიწყო მუშტების რტყმა. მოგერიების მიზნით ორივე ხელს ვიქნებდი, მათ შორის იმ ხელს, რომელშიც დანა მეჭირა. მას შემდეგ გავჩერდი, რაც გავიგონე გიგის ხმა, - რა ქენი ბიჭო, დამჭერი?... დავინახე სახლში შევიდა, მე იქიდან წამოვედი. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს გიორგი გელაშვილს და ნოდარ თედიაშვილს. რომ მოვრიდებოდი დაზარალებულს, იმავე ღამით ჩემი მანქანით თბილისში წამოვედით. გზაში დანა გადავაგდე. მერე კი წავედი კახეთში, იქ დამაკავეს~. – ამონარიდი ბრალდებულის ჩვენებიდან. ნოზაძის ადვოკატი პროცესზე ირწმუნებოდა, რომ იური ნოზაძემ დანაშაული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა და განზრახ მკვლელობის ბრალდებაში მის გამართლებას ითხოვდა, რასაც არ დაეთანხმა პროკურატურა და არც სასამართლო. მოსამართლემაც მიიჩნია, რომ იური ნოზაძემ მკვლელობა განზრახ ჩაიდინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ნოზაძეს 10 წელი მიუსაჯა, ეს განაჩენი მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შედეგად მოსამართლე მაია თეთრაულმა 2 წელი მოაკლო, საბოლოოდ ნოზაძეს 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, სწორედ ასეთ პატარა სასჯელს აპროტესტებს შვილმკვდარი ოჯახი.

რედაქციაში გიგი ხვედელიძის თვალცრემლიანი დედა ხათუნა დევდარიანი გვეწვია, აი, რას მოგვიყვა ქალბატონი ხათუნა:

- თბილისში ვიყავი, ღამის 2 საათზე დამირეკეს, გიგი ცუდად არისო, ხაშურში ჩასულს, შვილი სადისტურად მოკლული დამხდა. მეორე დღეს გავიგე მკვლელი პარალელურ ქუჩაზე მცხოვრები იური ნოზაძე რომ იყო. ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. კარგი შვილი მყავდა. 19 წლიდან მუშაობდა. მკვლელმა თავი რომ ემართლებინა გიგის ცილი დასწამა. სასამართლოზე თქვა, მავიწროვებდაო. ეს ტყუილია. მომიყვანონ ერთი ადამიანი, ვისაც ფული დააწერა გიგიმ და თუ უნდათ მკვლელი გამოუშვან. ჩემი შვილი ტანსაცმელს იხდიდა და სხვას აცმევდა. კარგი ხელფასი ჰქონდა. ყველას გვერდში ედგა. იმ ღამით ბიძაშვილი ჰყავდა სტუმრად. თურმე სიგარეტი გამოელია, მაღაზია დაკეტილი იყო. მანქანა იური ნოზაძეს ჰყავდა, თან იქვე, ახლოს ცხოვრობენ. მისთვის დაურეკავს, მაღაზიები დაკეტილია, თუ მანქანით ხარ, სამი ღერი სიგარეტი შემომაწოდეო. ცოტა ხანში თურმე დაურეკა ნოზაძემ, გარეთ გამოდი, სიგარეტი მოგიტანეო. გარეთ ოთახის ჩუსტებით გავიდა. მერე დაჭრილი, სისხლში მოსვრილი კიბეებზე ამოვიდა. ბიძაშვილისთვის უთქვამს, მე ამათ მოვთხოვ პასუხსო და იქვე ჩაიკეცა. ეს სიტყვები ადასტურებს, მკვლელი მარტო არ იყო. ჩემს შვილს დანა ათჯერ დაარტყეს. ვერავინ დამარწმუნებს, ნოზაძემ 10-ჯერ დაარტყა და რომ გიგიმ ხელი არ შეუბრუნა... ჩემი ორმეტრიანი შვილი ფიზიკურად ძლიერი იყო, თუ შელაპარაკება მოხდა, ის მუშტს მაინც დაარტყამდა. გიგის ერთი კაცი ვერ მოერეოდა. ვფიქრობ, გიგი სხვებს ჰყავდათ დაჭერილი და ისე ურტყა ნოზაძემ დანა. დარწმუნებული ვარ, სხვა ბიჭებიც ახლდნენ მკვლელს. ჩემს შვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა, ფუძის ძვალი ჩამტვრეული, არტერია გადაჭრილი, თავში, გულმკერდში ჭრილობები, როგორ შეიძლებოდა ის ასე ერთ ადამიანს დაეზიანებინა? მით უფრო ადგილზე არ წაქცეულა. თედიაშვილი ჩემი შვილის თანაკლასელია, მკვლელის გვერდით ცხოვრობს. მან და გელაშვილმა გააპარეს ხაშურიდან მკვლელი... გზაში გადააგდეს დანა. უნდოდა ქვეყნიდან გაქცევა, მაგრამ დააკავეს. იმ ორს დანაშაულის დაფარვაშიც კი არ წაუყენეს ბრალი, არადა დადგენილია, რომ მომხდარი იცოდნენ. თედიაშვილმა პროცესზე თქვა, გომში გავიგე გიგი დაჭრილი რომ იყოო. სამედიცინოზე სწავლობდა, მითხრას, რატომ არ მიბრუნდა უკან კლასელის გადასარჩენად? იქნებ, შეეძლო მისი გადარჩენა?! რატომ არ ისჯებიან თუნდაც დანაშაულის დაფარვისთვის თედიაშვილი და გელაშვილი? სასამართლოზე ამბობდნენ, ნოზაძემ გვითხრა, გიგის ხელში დანა არ ჭერიაო. ნოზაძემ კი თავის მართლება სცადა.

- ქალბატონო ხათუნა, ამჯერად რას ითხოვთ?

- არ არის გამორიცხული მკვლელი გამართლდეს, რადგან მკვლელობის დამნახავი არავინ არისო. ამის შემდეგ დავიწყეთ ბრძოლა, რათა საქმე მოგვეცილებინა გორისთვის. აშკარა იყო, მკვლელს მფარველები ჰყავდა. ნოზაძის ბიძამ ალალი ბიძაშვილი სახლში ავტომატით მოკლა და მისი მკვლელობისთვის ციხეში მხოლოდ 3 წელი იჯდა. მერე ამნისტიით გამოვიდა. ალბათ ამის იმედი ჰქონდა ნოზაძესაც.

მანაც იცოდა, რომ ჩემი შვილის მკვლელობისთვის საკადრისად ისიც არ დაისჯებოდა. შვილის მკვლელობის შემდეგ ხალხს მიგზავნიდნენ, ფულს მთავაზობდნენ გაჩუმების სანაცვლოდ, მაგრამ არ მოვუშვი ჩემამდე. შვილი მომიკლეს და პასუხი არ უნდათ აგონ?

სასამართლო პროცესები საშინელება იყო. მარტო ქალები დავდიოდით. ამაზრზენი სიტუაცია იყო, სიცილით შემოდიოდა დარბაზში მკვლელი და დედას ეძახდა, კარგად ვარ, დედაო. მკვლელისთვის სინანული რომ შემემჩნია. ასე გამწარებული და განადგურებული არ ვიქნებოდი. მკვლელმა თქვა, 2 ლარი მასესხა, ვერ დავუბრუნე და ამის პროცენტს მთხოვდაო. 2 ლარის გამო მომიკლა შვილი?! 21 წლის ბიჭი საფლავში ჩადო და ამბობდა, თავს დამნაშავედ არ ვცნობო. ასეთ ადამიანს მოსამართლე მაია თეთრაულმა ორი წელი მოაკლო. ჯერ 10 წელი რა იყო და ისიც შეუმცირეს. იცით რა მოტივით, - კარგად ხასიათდება მკვლელიო. დანაშაულს არ აღიარებს, არ ნანობს და თურმე კარგად ხასიათდება. დარწმუნებული ვარ მაია თეთრაულს არც კი უნახავს აუდიოჩანაწერი, როგორი ირონიით და ცინიზმით იქცეოდა მკვლელი გორში, სასამართლო პროცესებზე, ისე დააკლო წლები. ეს ჩვენი სრული განადგურება იყო. არ ველოდი ამ განაჩენს. საქმეში უამრავი დარღვევაა. მითხრან, სად გაქრა მოწმე კახა ქიმერიძის ჩვენება? შეცვლილი ჩვენება დევს საქმეში. კახამ პროცესზე გარკვევით თქვა, გიგიმ მითხრა, ამათ ხვალ დილით მე მოვუვლიო, ესეც ადასტურებს, მკვლელი მარტო არ იყო. ადვოკატიც ვერ აგვყავს, რომ ჩემი უფლებები დავიცვათ. ეს კანონია? პროკურატურამ უზენაესში საქმე არც კი გაასაჩივრა, სამართლის პოვნის ეს გზაც მოგვისპეს. მითხრეს, ასეთ საქმეებს უზენაესი არ განიხილავსო. ალბათ მალე გარეთაც გამოუშვებენ მკვლელს... წელიწადია მე და ჩემი მეუღლე ეკა ბესელიასთან შეხვედრას უშედეგოდ ვითხოვთ, გვინდა საქმის აუდიო და ვიდეო ფაილებს გაეცნოს და დადოს დასკვნა.

- თქვენი აზრით, რატომ უნდა მოეკლა ნოზაძეს გიგი?

- ვფიქრობ, მათ შორის ძველი წყენა იყო. ჩემს შვილთან 50 ლარი გავატანე, თურმე არ მიუტანია. ადრეც ჰქონია ჩემი შვილის ვალი. ჩემი მეუღლის უსინათლო ბიძაშვილსაც გაუტანებია 50 ლარი გიგისთვის, როგორც ვიცი, არც ეს თანხა მიუტანა. არ არის გამორიცხული, გიგის თავისი ფულის უკან დაბრუნება მოეთხოვა... არ ვიცი, რა მოხდა, მკვლელი ტყუილებს ამბობს... ჩვენს სახლამდე აფთიაქია, იმ კამერებში დაფიქსირებულია ის მანქანა, რითაც მკვლელი მოვიდა ჩვენს სახლში. რამდენი ხანია ვითხოვთ იმ ფირების გადმოცემას, რათა დავადგინოთ, იჯდა თუ არა სხვა პირები მანქანაში. სახალხო დამცველიც თვეზე მეტია ითხოვს ვიდეო და აუდიოჩანაწერებს, მითხრან, რატომ აჭიანურებენ, რატომ არ გადასცეს ეს მასალა. დარწმუნებული ვართ, იმ დროს მანქანაში კიდევ ორი პირი იჯდა. მოვითხოვ აუცილებლად პასუხი აგებინონ ყველას, ვინც შვილი მომიკლა და ვინც მფარველობს მკვლელს. მივმართავ ხელისუფლებას დასაჯოს დამნაშავეები. 21 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ასე სადისტურად მომიკლეს და მის მკვლელს 8 წელი, ეს დაცინვაა. ამას არ შევეგუები, სტრასბურგში გავასაჩივრებ.

თეა ხურცილავა