"ერთი ძმა - ქამრით, მეორე კი ხელით მოახრჩვეს" - შემზარავი დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

"ერთი ძმა - ქამრით, მეორე კი ხელით მოახრჩვეს" - შემზარავი დანაშაულის დეტალები

"მეზობლებს ხმაური კარგა ხანს ესმოდათ, თურმე უკაკუნებდნენ კიდეც კარზე ისეთი ხმაური გამოდიოდა, მაგრამ კარი არავინ გაუღო, ალბათ მაშინ კლავდნენ ბიჭებს."

"ჯერ დენისია მოკლული, საშა გვიან მისულა სახლში და მერე ისიც მოუკლავთ."

სამწუხაროდ, მკვლელობების გარეშე ახალი წლის დღეებსაც არ ჩაუვლია. 2 იანვარს, ბედობას, შემზარავი დანაშაული თბილისში, დიღმის მასივში მოხდა. ძმები ალექსანდრე( საშა) და დენის ატარშიკოვები საკუთარ ბინაში სადისტურად მოკლეს. სტატიის მთავარ ფოტოზე ძმებისგან ერთ-ერთი საშა ატარშიკოვია. მათი ცხედრები დეიდამ და კომპანია"ჯეო ლიფტის" თანამშრომლებმა მეორე დღეს ბინაში აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, დამნაშავეებმა ამ შემზარავი მკვლელობის შემდეგ მორიგი დანაშაული ჩაიდინეს. ბინიდან"ჯეო ლიფტის" ოფისის გასაღები წაიღეს, ოფისი იქვე ახლოს მდებარეობს, იქ შეაღწიეს და იქიდან 500 ლარის რკინის მონეტები წაიღეს. როგორც ჩანს, დამნაშავეებმა არ იცოდნენ, ოთახში, სადაც ხურდები ინახებოდა, ვიდეოთვალი რომ იყო დამონტაჟებული. 3 იანვარს დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისი გატეხილი დახვდათ, პოლიცია გამოიძახეს. ძალოვნებს დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებიათ. ვიდეოთვალზე აღბეჭდილი იყო დამნაშავის სახე და პირდაპირ მიადგნენ"ჯეო ლიფტის" ერთ-ერთ ყოფილ თანამშრომელს, 20 წლის გიორგი ხითარიშვილს, რომლის ფოტოს მოპოვებაც შევძელით.

მოგვიანებით ხითარიშვილის ორი მეგობარიც დააკავეს, რომელთაგან ერთ - 1995, მეორე კი - 1991 წელსაა დაბადებული სამივეს ბრალი 109-ე მუხლით - დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობა, წარედგინათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ძმებს სხეულზე დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს და შემდეგ ორივე გაგუდეს. საშა კომპანია ,,ჯეო ლიფტის" ხელმძღვანელი იყო, იმავე ოფისში მუშაობდა მისი ძმა დენისიც. სამართალდამცველებმა ფულადი თანხა და გასაღებები ნივთმტკიცებად დამნაშავეებისგან ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ძმები ატარშიკოვები ბინაში მარტო ცხოვრობდნენ. ობლობაში გაზრდილებმა თურმე ცხოვრება თავიანთი შრომით აიწყვეს. დედა ადრე გარდაეცვალათ, მამა მოსკოვში ცხოვრობდა და პერიოდულად ჩამოდიოდა. ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა მოსკოვიდან. საშინლად განიცდის მომხდარს.

"ჯეო-ლიფტის" თანამშრომელი ილია:

- 3 იანვარს ოფისის კარი ღიად დაგვხვდა. ბუნებრივია მაშინვე დავიწყეთ რეკვა ჩვენს უფროსებთან. არც საშა იღებდა ყურმილს და არც - დენისი. მათი ბინის კარიც დაკეტილი დაგვხვდა. დიდხანს რომ არ გვიპასუხეს, მერე ბიჭების დეიდას დავუკავშირდით. მას ბინის გასაღები ჰქონდა. დღის 2 საათზე რამდენიმე თანამშრომელი მასთან ერთად შევედით ბიჭების ბინაში. იქ საშინელება დაგვხვდა. თავის საძინებელ ოთახში ვიპოვეთ მოკლული დენისი, აბაზანის კარი რომ შევაღე, ცუდად გავხდი, საშა იქ ძირს ეგდო. ორივეს სახეზე საშინელი ტკივილი ჰქონდათ აღბეჭდილი. მეზობლები ამბობენ, ღამით 12-დან 2 საათამდე სახლიდან ხმაურის ხმა გამოდიოდაო. მეორე დღეს გავიგეთ, რომ მკვლელობის მონაწილე, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი გიორგი ხითარიშვილი დააკავეს. გიორგი ჩვენთან მუშაობდა, 5-6 თვეა, რაც საშამ გაუშვა სამსახურიდან.

- შესაძლოა ხითარიშვილმა ამის გამო იძია შური?

- ვერსიებზე მუშაობა პროკურატურის საქმეა. ალექსანდრე ჩვენი უფროსი იყო. ის განაგებდა ყველაფერს. გიორგი ოპერატორად მუშაობდა, შემოსულ ზარებს პასუხობდა და დაზიანებაზე გვაწვდიდა ინფორმაციას. მართალია გაუშვა სამსახურიდან გიორგი, მაგრამ საშასთან მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. კონფლიქტი არ ყოფილა მათ შორის, აგრძელებდნენ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას. როგორც ჩანს, ბინის კარი დენისმა გაუღო. ის იცნობდა გიორგის და ბუნებრივია კარს უპრობლემოდ გაუღებდა. როგორც ამბობენ, ჯერ დენისია მოკლული, საშა გვიან მისულა სახლში და მერე ისიც მოუკლავთ. საშა ძალიან კარგი ადამიანი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი, უკონფლიქტო, თუ აწყენინებდი მაშინ ისიც მყარად დაგხვდებოდა. ასე როგორ გაიმეტეს, არ ვიცი...

- სახლში ხომ არ ინახავდა ფულს. შეიძლება სახლში დიდი თანხა ეგულებოდათ მკვლელებს. 500 ლარის გამო ორი ადამიანი მოკლეს?

- სახლიდან არაფერია წაღებული. არა მგონია, საშას სახლში თანხა შეენახა. ჭკვიანი იყო, ძალიან განათლებული. რამდენიმე დიპლომი ჰქონდა. მასზე მეტად ამ საქმის პროფესიონალი, სხვა არ მეგულება საქართველოში. ძმაც მუშაობდა ჩვენთან, მას ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ისიც ძალიან თბილი და კარგი ადამიანი იყო, არ შეიძლებოდა არ შეგყვარებოდა."ჯეო-ლიფტის" ოფისში მისულს მტირალი მოხუცი ქალბატონი დამხვდა, მომხდარით იყო შეძრული. ქალბატონი ფირმის ბუღალტერი აღმოჩნდა:

- მთელი დღე აქ იჯდა გიორგი ხითარიშვილი, მაგრამ საქმე ვერ შეისწავლა, საშა სულ ეუბნებოდა ისწავლეო. როგორ გაიმეტა საშა და დენისი, როგორ?!. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა მათ შორის. ალბათ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა დანაშაული. დენისი თურმე ქამრით მოახრჩვეს, მერე მისულა სახლში საშა და ისიც ხელით მოახრჩვეს, უკვე მკვდარი შეათრიეს საშა აბაზანაში. ბიჭებს სხვა დაზიანებებიც აქვთ. ორივე ძმა ერთად რომ ყოფილიყო სახლში მათ ვერ მოერეოდნენ. საშას თავშიც აქვს დაზიანება. ძმები ყველას ეხმარებოდნენ. მოხუცი ვარ და მეც მეხმარებოდნენ. ტელევიზიით შევიტყვე ეს საშინელება, მას მერე ვტირი. ისინი უმკაცრესად უნდა დასაჯონ, სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ მათ მკვლელებს. ორი ადამიანი მოკლეს 500 ლარის გამო.

ატარშიკოვების ოჯახს მომხდარი მივუსამძიმრე. იქიდან გამოსულს საშას თანაკლასელი გოგონა თვალცრემლიანი შემხვდა:

- 10 წლის იყო საშა, დენისი კი - 5 წლის, როცა დედა გარდაეცვალათ. ობლობაში გაიზარდნენ. უნიჭიერესი იყო საშა, მას ყველაფერი გამოსდიოდა. ცხოვრება თავისით აიწყო. საშინლად ნაწამები არიან. უფრო მეტი დაზიანება დენისს ეტყობა. მეზობლებს ხმაური კარგა ხანს ესმოდათ, თურმე უკაკუნებდნენ კიდეც კარზე ისეთი ხმაური გამოდიოდა, მაგრამ კარი არავინ გაუღო, ალბათ მაშინ კლავდნენ ბიჭებს. ეტყობა ეგონათ რომ ბევრი ფული ჰქონდათ. რასაც შოულობდა ყველაფერს ისევ ბიზნესში დებდა. ყველას ხელს უმართავდა. ამოწყვიტეს ოჯახი, მათი მკვლელებიც უნდა ამოწყვიტო, ციხეში უნდა ჩალპნენ ეს მანიაკები.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)