"ქართულად მითხრა, მიშველეო" - სტამბულში 28 წლის ქართველი მოკლეს - კვირის პალიტრა

"ქართულად მითხრა, მიშველეო" - სტამბულში 28 წლის ქართველი მოკლეს

13 იანვარს, სტამბულის სახელწიფო საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს, რომლის გადაჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი ქართველი 28 წლის თემურ კ. (გვარს არ ვასახელებთ. - ნ.ბ.), რომელიც  "აკსარაიში" (უბანი სტამბულში) შემთხვევით გამვლელმა ქალმა იპოვა.

ირმა, სტამბულში მცხოვრები ქართველი:

- სამსახურიდან გამომიშვეს და ავტოსადგურში იმ მიზნით მივდიოდი, იქნებ, დამსაქმებელმა რამე სხვა საქმე მიშოვოს-მეთქი, საღამო იყო, მოულოდნელად ჩემს წინ, დაახლოებით 100 მეტრში მანქანა გაჩერდა და საიდანაც რაღაც გადამოაგდეს. ვიფიქრე, ალბათ ნაგვით სავსე პარკია-მეთქი, როცა მივუახლოვდი დავინახე, რომ ეს "რაღაც" ფართხალებდა, მივვარდი და დავინახე, რომ ახალგაზრდა ბიჭი იყო, სულ მთლად სისხლში ამოსვრილი. პულსი გავუსინჯე და ცოცხალი იყო, ამ დროს ქართულად მითხრა - მიშველეო, - ქართული რომ გვიგონე, თავზარი დამეცა. დავიწყე ყვირილი, დახმარებას ვითხოვდი, ერთი თურქი გამოვიდა მაღაზიიდან - რა გაყვირებსო. პოლიციაც მალევე მოვიდა, წაიყვანეს ის საწყალი და მერე აქ სადგურში ლაპარაკობდნენ, გარდაიცვალაო.

როგორც გავარკვიეთ, პოლიციამ საქმეზე ძიება დაიწყო. მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვცელდება ვერსია, რომ გარდაცვლილი შეიძლება კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა, მკვლელები კი შეიძლება ისევ ჩვენი თანამემამულეები იყვნენ. როგორც ირკვევა, პოლიციამ დააკავა ორი ქართველი, რომლებმაც საავადმყოფოში გადარცვლილის პირადობის მოწმობა მიიტანეს...

ჯამალი, "აკსარაის" ავტოსადგურის თანამშრომელი:

- 17 იანვარს აქ იყო პოლიცია მოსული, გვაჩვენებდნენ ახალგაზრდა კაცის სურათს და გვეკითხებოდნენ, - ხომ არ იცნობდით ან აქ ხომ არ გინახავთო, რომ დავხედე თემური ეწერა. მივხვდი, ლაპარაკი იმ ბიჭზე იყო, აქ რომ მოკლეს. 18 იანვარს " აკსარაის" ავტოსადგურში მორიგი პოლიციური რეიდი ჩაატარეს. პოლიციელები ავტოსადგურში მაშინ გამოჩნდნენ, როცა ავტობუსებმა საქართველოს მიმართულებით გასვლა დაიწყეს, შეამოწმეს ყველა მგზავრი და წავიდნენ, როგორც მათი ლაპარაკიდან შევიტყვეთ, სტამბულში ბანკი გაუძარცვავთ და დამნაშავეებს ეძებენ, პოლიციის ინფორმაციით მძარცველები, სავარაუდოდ, ქართველები არიან.

ნინო ბურჭულაძე სტამბულიდან