ფირცხალავა, დალაქიშვილი, მირზოევი, ცააძე - ვინ დაასახელა იური ვაზაგაშვილმა უკანასკნელ ინტერვიუში - კვირის პალიტრა

ფირცხალავა, დალაქიშვილი, მირზოევი, ცააძე - ვინ დაასახელა იური ვაზაგაშვილმა უკანასკნელ ინტერვიუში

"დაგინახავთ სადმე გუბაზ სანიკიძე? ან სად არიან ძიძიგური, ძმები გაჩეჩილაძეები? სად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ პლაკატებით და ყვიროდნენ, დაისაჯონ მკვლელებიო?!"

"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც იური ვაზაგაშვილისთვის, სამწუხაროდ, უკანასკნელი გამოდგა, მან კითხვაზე თუ როგორ მიმდინარეობდა ე.წ. კორტების სოეცოპერაციის გამოძიება, რომლის დროსაც მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა, უპასუხა: "რომელ გამოძიებაზე მელაპარაკებით? პროკურატურაც და შსს-ც გაძეძგილია ძველი კადრებით. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო (ახლახან გაათავისუფლეს), მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანს და სხვებს 3.000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს. დაგინახავთ სადმე გუბაზ სანიკიძე? ან სად არიან ძიძიგური, ძმები გაჩეჩილაძეები? სად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ პლაკატებით და ყვიროდნენ, დაისაჯონ მკვლელებიო?!"

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ოჯახს ზურაბ ვაზაგაშვილის მკველობაში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად მიაჩნდა, შესაბამისად, ბევრმა მისი სახელი ახლა უკვე იური ვაზაგაშვილის არაადამიანურ მკვლელობასაც დაუკავშირა:

"ჩვენ ვთქვით, რომ კომენტარს არ გავაკეთებდით გამოძიების დამთავრებამდე. საზოგადოებას მოვუწოდეთ, რომ თავი შეეკავებინათ. ეს რატომღაც ყურად არ იღეს პოლიტიკოსებმა და ზოგიერთმა მინისტრმა. შესაბამისად, უკვე გააკეთეს განცხადებები. პირდაპირ ხაზს უსვამენ, რომ რაღაც კავშირს ხედავენ ამ საქმეებს შორის. მინდა მოვუწოდო მათ, თუ მათ რამე აქვთ მსგავსი ინფორმაცია, ვალდებულები არიან მივიდნენ და საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცენ, თუ არადა, ხალხის ნერვებზე თამაშს და ხალხით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ყველამ თავი დაანებოს. პრესკონფერენციებით არ იხსენება საქმეები. პოლიტიკოსები გუშინდელიდან დაწყებული, დღევანდელით დამთავრებული რაღაც საქმეებს აკავშირებენ. ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა ახლა. თუ ვინმეს რამე კონკრეტული ინფორმაცია გააჩნია ამ ქვეყანაში, გინდა პოლიტიკოსი და გინდაც მინისტრი იყოს, მივიდნენ და გამოძიებას მისცენ ჩვენება, რომ რაც შეიძლება უსწრაფესად მოხდეს ამ საქმის გახსნა"