ვინ არის ვაზაგაშვილის საქმის იდუმალი მოწმე და რისთვის მოიხადა მან ბოდიში?! - კვირის პალიტრა

ვინ არის ვაზაგაშვილის საქმის იდუმალი მოწმე და რისთვის მოიხადა მან ბოდიში?!

"ეს ის მოწმე იყო, რომლის ჩვენების შემდეგ ზურა ვაზაგაშვილი და მანქანაში მასთან ერთად მსხდომნი ყაჩაღებად გამოცხადდნენ."

"იქვე ვკითხე კიდეც, ამ ადამიანს ხომ არ გულისხმობთ-მეთქი? ჩაიცინა, მაგრამ მაშინვე პირობა შეგვახსენა "

თქვენთვის უმჯობესია მოწმის ვინაობა არ იცოდეთო. ამის შემდეგ ამ ადამიანის პოვნა არ მიცდია, არ მინდა მის სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნა."

ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილთან გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ისაუბრა - გადაცემისთვის მოწმე უნდა ჩაეწერათ, რომელსაც უნდა ეღიარებინა, რომ თავის დროზე ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. ვინ არის ეს მოწმე და როდის გამოჩნდება ის, "კვირის პალიტრასთან" ლია ტოკლიკიშვილი საუბრობს:

- კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გადაცემის მომზადება გადაწყვიტე, რადგან რამდენიმე დღის წინ, მაია ნიკოლეიშვილისა და იური ვაზაგაშვილის პრესკონფერენციის შემდეგ მივხვდი, რომ მათ იმაზე მეტის თქმა სურდათ, ვიდრე ბრიფინგზე ილაპარაკეს. იმავე დღეს იური ვაზაგაშვილს დავურეკე, რომელიც შეხვედრაზე მაშინვე დაგვთანხმდა. მეორე დღეს კი, კლუბ "ჯაზუში" შევხვდით და ორ საკითხზე შევთანხმდით - გადაცემისთვის მოწმე უნდა ჩაგვეწერა, რომელიც აღიარებდა, რომ ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენება აიძულეს, თუმცა ბატონმა იურიმ პირობა დაგვადებინა, რომ მის სახელს არ გავახმაურებდით. მოწმე ტელეფონით ან "სკაიპით" უნდა ჩაგვეწერა, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა. გვითხრა, რომ ეს ის მოწმე იყო, რომლის ჩვენების შემდეგ ზურა ვაზაგაშვილი და მანქანაში მასთან ერთად მსხდომნი ყაჩაღებად გამოცხადდნენ.

- მარტივი დასადგენია, ვინ არის ეს მოწმე, ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ბევრს არ მიუცია.

- ბატონ იურისთან შეხვედრაზე სამი ჟურნალისტი ვიყავით და სამივე მივხვდით, ის ვის გულისხმობდა. იქვე ვკითხე კიდეც, ამ ადამიანს ხომ არ გულისხმობთ-მეთქი? - ჩაიცინა, მაგრამ მაშინვე პირობა შეგვახსენა, -

"თქვენთვის უმჯობესია მოწმის ვინაობა არ იცოდეთო". ამის შემდეგ ამ ადამიანის პოვნა არ მიცდია, არ მინდა მის სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნა. საუბარი რომ უნდოდეს, ამას აქამდეც გააკეთებდა. სხვათა შორის, ბატონმა იურიმ მას ჩვენი თანდასწრებით დაურეკა, ჩვენ კი მისი ხმა გვესმოდა - მუხლის ჩოქზე ვდგავარ და ბოდიშს გიხდი, რომ ზურას და საშას წინააღმდეგ ჩვენება მივეციო.

- არ ფიქრობთ, რომ პროკურატურას უკვე აქვს ინფორმაცია ამ მოწმის შესახებ?

- დარწმუნებულო ვარ, პროკრუატურა მისი ვინაობა იცის. თანაც, ბატონი იური საკმაოდ ფრთხილი და გონებამახვილი ადამიანი იყო. არამგონია, მას პროკურატურასთან შეუთანხმებლად ეს ნაბიჯი გადაედგა და გამოძიებისთვის ხელი შეეშალა. შესაძლოა, პროკრუატურაში უკვე დაკითხეს კიდეც.

როგორც "კვირის პალიტრასთან" სოსო რობაქიძე ამტკიცებს, დასახელებული "მოწმის" ვინაობის შესახებ მისთვისაც ცნობილია და იური ვაზაგაშვილის დაწყებული საქმის ბლომდე მიყვანას აპირებს: "ბუნებრივია, იურის გარდაცვალების შემდეგ, ეს მოწმე შეშინებულია, თუმცა ვიცი მისი ვინაობის შესახებ და როცა დრო დადგება მას აუცილებლად გამოვაჩენ. ამისთვის რამდენიმე დღე მჭირდება".

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)