"მიშველეთ, დედა მოვკალი" - შემზარავი დანაშაული ფონიჭალაში - კვირის პალიტრა

"მიშველეთ, დედა მოვკალი" - შემზარავი დანაშაული ფონიჭალაში

ბლაგვი საგნით დედას არა მხოლოდ ყელი გამოჭრა, არამედ სახეც ამავე საგნით დაუსახიჩრა.

”ქალი ნამდვილად დადიოდა რომელიღაც სექტაში, სულ მკითხავებზე და ჯადოებზე ლაპარაკობდა, იმათ გადარიეს საბოლოოდ...”

ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა მკვლელობამ ნახევრად დანგრეული ე.წ. საერთო საცხოვრებლის მკვიდრნი შოკურ მდგომარეობაში ჩაყარა, - 52 წლის ვაჟმა 95 წლის დედა მხეცურად მოკლა, - მოხუცს არა მხოლოდ ყელი გამოჭრა გაურკვეველი ბლაგვი საგნით, არამედ სახეც ამავე საგნით დაუსახიჩრა. მეზობლები ამბობენ, უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ დედა-შვილს კონფლიქტები აქამდეც ჰქონდათ. ბინა, რომელშიც დანაშაული მოხდა, ფაქტობრივად, დანგრევის პირასაა და მასში ადამიანები თუ ცხოვრობდნენ, დაჯერებაც კი ძნელია. თუმცა არც ე.წ. საერთო საცხოვრებელის დანარჩენი ნაწილია უკეთეს მდგომარეობაში, სიღტაკის კვალი ყველგან, ყველა კუთხეში ჩანს.

ლია ცხომელიძე, მეზობელი: - გარდაცვლილი ქალი ეროვნებით რუსი იყო, როგორც ვიცი, ახალგაზრდობაში იქ პირველი ქმარი და შვილები დატოვა და საცხოვრელად აქ გადმოვიდა. შვილი წლებია ალკოჰოლიკია. დედაც და შვილიც, განსაკუთრებით ბოლო ხანს, საშინლად იქცეოდნენ, სულ ჩხუბი და აყალმაყალი ჰქონდათ. დედას ბოლო კვირებში განასკუთრებით დაუსუსტდა გონება, მანამდე სული ბოროტისთვის ჰქონდა მიყიდული და შვილზე უკეთ გამოიყურებოდა და აზროვნებდა.

- ჩვენში მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს... საქმესთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ.

- საქმე ის არის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ტყუილს არაფერს ვამბობთ. ქალი ნამდვილად დადიოდა რომელიღაც სექტაში, სულ მკითხავებზე და ჯადოებზე ლაპარაკობდა, იმათ გადარიეს საბოლოოდ... შვილი უშლიდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. რაღაც ცხოველის ქონს ხარშავდა და გარშემო საშინელ სუნს აყენებდა, სახლი ახლაც ყარს იმ სუნისგან. მისი ვაჟი კი სულ იმაზე ლაპარაკობდა, სანთელს რომ ვანთებ, დედაჩემი მიქრობსო. ზოგჯერ ეს კაცი გვეცოდებოდა კიდეც. ამ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს ხალხი, ვის თვალწინაც ეგ კაცი გაიზარდა, ისინი ამბობენ, რომ თავიდან არ იყო ეგეთი ლოთი და უბედური, ამ დონემდე რომ მივიდა, დედმისის ბრალია. მაგ ქალმა აქცია ასეთად, როგორც ამბობენ, ბიჭი ეგოისტურად უყვარდა... ცოლიც არ გაუჩერა, გაუგდო, მაგნირი რძალი არ მინდაო! რა "მაგნაირობა" ჭირდა არ ვიცით, ჩვეულებრივი გოგო იყო!

ვასო ლომაძე, მეზობელი:

- ნუგზარი ხომ ლოთი და უბედური იყო, დედა სახლში რომ არ დახვდებოდა, სულ დაეძებდა, - დედაჩემია და რაც არ უნდა უვარგისი იყოს, მიყვარსო, თუმცა იმასაც ამბობდა, მკითხავებთან რომ დადის და მეც მეუბნება შენც წამოდიო, ლამის არის მოვკლაო. რამდენჯერმე გამოეკიდა კიდეც დანით და ეს უბედურიც ჩენთან შემოვარდა, მიშველეთ, შვილი მომდევს მოსაკლავადო.

- თუ ასე იყო, რატომ პოლიციას არ შეატყობინეთ?!

- პოლიცია რას იზამდა, აქ დაუდარაჯდებოდა?! პოლიცია კი არა, მეზობლებიც არც ერთი არ შევდიოდით მაგათთან სახლში, ისეთი აყროლებულია იქაურობა.

- თუ მეზობელები არ შედიოდით, გარდაცვლილი ქალბტონი ვინ აღმოაჩინა?

- თავად შვილმა დარეკა ჯერ სასწრაფოში, მერე პოლიციაში, - მიშველეთ, დედა მოვკალიო... ჩვენ რომ შევედით, ქალს უკვე ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. სასწრფო დახმარების ექიმმა გვითხრა, ყელი გამოჭრილი, სახე კი დასახიჩრებული აქვსო. ისიც დაამატა, დანით გამოჭრილსაც არ ჰგავს, ისეთი ჭრილობაა ალბათ რაღაც ნაჯხისმაგვარი გამოუსვა ყელშიო. ათეული წლები ისე გავიდა, მაგათი ბინის კარზე ნათესავი არ გვინახავს, მკვდარს ალბათ სახელმწიფო დამარხავს და ბინასაც ალბათ სახელმწიფო წაიღებს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)