დედა შვილის ცხედრის დასაბრუნებლად იბრძვის - დაუსრულებელი კრიმინალი და მკვლელობები გალის რაიონში - კვირის პალიტრა

დედა შვილის ცხედრის დასაბრუნებლად იბრძვის - დაუსრულებელი კრიმინალი და მკვლელობები გალის რაიონში

"დღესაც ხშირად ხდება, რომ ქართველები და აფხაზები ერთად საქმოსნობენ და კრიმინალობენ."

"შვილის ცხედრის დასაბრუნებლად ახლა დედამისი იბრძვის"

"ბოლო დღეებში გალის რაიონში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია... დე ფაქტო ხელისუფლება კრიმინოგენულ ვითარებას ვერ აკონტროლებს არა თუ გალის რაიონში, არამედ სოხუმშიც"

აფხაზური ე.წ. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, გალის რაიონში, 12 იანვარს ჩატარებული "სპეცოპერაციის" დროს, 3 ქართველი მოკლეს... მალევე გალის რაიონის სოფელ სიდაში რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა ე.წ სპეცრაზმელებმა აქუბარდიების კარ-მიდამო გადაწვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი სოხუმის პროზექტურიდან, გალის რაიონში მოკლული ჯაკო აქუბარდიასა და ლევან ხარგელიას ცხედრების გატაცება გახდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჭირისუფალებმა, პროზექტურის თანამშრომლის დახმარებით, ცხედარები მალულად გადაასვენეს და სიდაში დამარხეს. აფხაზური მედია წერდა, რომ დე ფაქტო კანონმდებლობით, შეიარაღებული დაპირისპირებისას გარდაცვლილთა ცხედრები ნათესავებს არ გადაეცემათ და მათი დასაფლავების ადგილიც საიდუმლოდ რჩება.

ადგილობრივთა ინფორმაციით, გადამწვარია ჯაკო აქუბარდიას საცხოვრებელი სახლი. როგორც აქუბარდიას, ასევე ლაევან ხარგელიას ოჯახებმა სოფელი დატოვეს. გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრს დავუკავშირდით და მომხდარის შესახებ ვკითხეთ:

- ქართველ მედიაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა, გთხოვთ, ნუ ავრცელებთ გადაუმოწმებელ ან ზოგ შემთხვევაში მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას, ამით ჩვენ, აქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას დიდი ზიანს გვაყენებთ. რეალურად კი ის მოხდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ხურცილავამ (ოფიციალური სახელი ნუკრი) და მისმა მეგობრებმა სოფელ ჭუბურხინჯიდან, ადგილობრივი მკვიდრი გელა გერგედავა გამოსასყიდის მიღების სანაცვლოდ გაიტაცეს... ეს მართლაც კრიმინალური დაჯგუფება იყო, რომლის წევრების ნაწილი

გალში ცხოვრობდა, რამდენიმე კი ენგურსგაღმა და გალში საყაჩაღოდ გადმოდიოდა. მსგავსი და კიდევ უარესი ამბები, ჩვენებისა და აფხაზების ერთობლივი ავტორობით, საკმაოდ ხშირად ხდება. ქართული მედია კი, როგორც წესი, ყველაფერს უკუღმა აშუქებს და ჩვენ გვაგდებს საფრთხეში. მოკლედ, გამტაცებლებს გელა გერგედავა, ჭუბურხინჯში, მიტოვებულ სახლში, ხელფეხშეკრული მიუყვანიათ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მან იმარჯვა, ხელები გაითავისუფლა და ერთ-ერთი, რომელიც, სავარაუდოდ, მას მეთვალყურეობდა, ადგილზე მოკლა, მეორეს კი, - სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამ ჯგუფში ერია სწორედ ბაჩო ხურცილავა, რომელსაც, როგორც გავრცელდა სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ერთ-ერთი, მოკლული, გერგედავას მეზობელი აღმოჩნდა. იქიდან გამოქცეულმა გერგედავამ აფხაზ ე.წ. სამართალდამცველებს მიმართა დახმარებისთვის..

- ამ ვერსიას აფხაზური და რუსული სააგენტოები ავრცელებდნენ?

- ისინი რას ავრცელებენ, არ ვიცი, მე გეუბნებით იმას, რაც მოხდა. - აქ ყველამ იცის, მაგ დაჯგუფების ასეთი საქმეებისა და ყაჩაღობების შესახებ. გერგედავას გაქცევის შემდეგ, ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმა ისინი არ დატოვეს და გარდაცვლილიც და დაჭრილიც თან წაიყვანეს... სწორედ მათ ასაყვანად დაიწყო "სპეცოპერაცია," რა დროსაც, როგორც წესი, უბრალო, მშვიდობიანი და უდანაშაულო მოსახლეობა ზარალდება. ისე, როგორც ეს "პარტიზანების" დროს ხდებოდა, როდესაც ისინი ცალი ხელით აფხაზებს ებრძოდნენ, მეორე ხელით კი, მათთან ერთად ბინზესში იყვნენ ჩაბმულნი, დღესაც იგივე გრძელდება. დღესაც ხშირად ხდება, რომ ქართველები და აფხაზები ერთად საქმოსნობენ და კრიმინალობენ.

- რა შეეხება ე.წ სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ქართველებს...

- როგორც ითქვა, ე.წ. აფხაზმა სამართალდამცველებმა მათ ჯერ ჭუბურხინჯში მიაკვლიეს და შემდეგ სდიეს სოფელ რეფამდე, რა დროსაც ორმხრივი სროლები იყო და ამ დროს დაიღუპნენ აფხაზური, ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლი, ადგილობრივი სომეხი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლი ანდრეი უდალცოვი... ითქვა, რომ ხურცილავას ცხედარი ტყეში იპოვნეს, მაგრამ იქ როგორ აღმოჩნდა, არავინ იცის, თუმცა, ასევე ითქვა ისიც, რომ ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. შემდეგ გაადასვენეს სოხუმში. შვილის ცხედრის დასაბრუნებლად ახლა დედამისი იბრძვის.

როგორც ოფიციალურ წყაროებით ირკვევა, აფხაზური მხარე, ბაჩო ხურცილავას ცხედრის გადაცემაზე უარს აცხადებს. აფხაზური ე.წ სპეცდანიშნულების რაზმები კი პროზექტურიდან მოპარულ და სოფელ სიდაში ფარულად დამარხულ ცხედრებს ეძებენ.

კობა ჩახაია, ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კახათში:

- ბაჩოს დედა სოხუმში იმყოფება და მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხედრის გადმოსვენებაზე. სხვას ვერაფერს გეტყვით. გუშინ ველაპარაკეთ მათ და ასე გვითხრეს შესაძლებელია ცხედარი დღეს გადმოგვცენო...

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი:

- ბოლო დღეებში გალის რაიონში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის მოსახლეობისგან და დე ფაქტო ხელისუფლების წამომადგენლებისგან. თუ დავეყრდნობით ადგილობრივების ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა წყაროების საშუალებით მოწმდება, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის რაც გალის რაიონში ხდება არის კრიმინალებთან, იმ ხალხთან ბრძოლა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აწიოკებდნენ მოსახლეობას და გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით იტაცებდნენ ხალხს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს ჯერჯერობით ამის თქმა რთულია. თუნდაც ის ფაქტი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაედგინა ვინ გაიტაცა ადამიანების გატაცებებში ეჭვმიტანილების გვამები სოხუმის პროზექტურიდან, ადასტურებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება კრიმინოგენულ ვითარებას ვერ აკონტროლებს არა თუ გალის რაიონში, არამედ სოხუმშიც.

იმედი გვაქვს, ვითარება მალე დაწყნარდება და კრიმინოგენული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია, როგორც გალის რაიონის, ისე მთელი აფხაზეთის მოსახლეობა მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)