"სააკაშვილის სახელს ვფიცავ!" - კიდევ ერთი ძარცვა ქვემო ფონიჭალაში - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის სახელს ვფიცავ!" - კიდევ ერთი ძარცვა ქვემო ფონიჭალაში

"როცა ნიღბიანები დავინახე, მეგონა, მეზობელი ბიჭები მეხუმრებოდნენ. ტელევიზორის ხმა აწეული მქონდა და კარში ისე შემოვიდნენ, ფეხის ხმა არ გამიგია. ერთმა იარაღი რომ დამადო, მაშინ შემეშინდა"

"შემეშინდა, რომ ჩემი ბიჭი შემოვიდოდა და მოკლავდნენ."

ამ რამდენიმე დღის წინ, ქვემო ფინიჭალაში, ახმედოვების ოჯახი, დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევარზე, გაძარცვეს. შინ მხოლოდ ოჯახის უფროსი, 38 წლის არაზ ახმედოვი იყო და ტელევიზორს უყურებდა. ის ის იყო სახლიდან არაზის 15 წლის ვაჟი და მეუღლე არნაზა გახმანოვა მეზობლებთან გავიდნენ, რომ საწოლზე წამოწოლილ არაზს თავს 4 ნიღბიანი დაადგა, მათ შორის, ერთ-ერთს თავზე კოლგოტი ჰქონდა წამოცმული, დანარჩენს კი თვალებთან ამოჭრილი შავი ნაქსოვი ქუდები ეფარათ. არაზს, რომელიც "ლილოს" ბაზრობაზე თავადაც მსგავსი ქუდებით ვაჭრობს, თავდაპირველად ეგონა რომ მეზობლის ბიჭები ეხუმრებოდნენ, ამიტომ საწოლიდან არც წამოწეულა, მით უფრო, რომ ხერხემალზე ოპერაცია მხოლოდ 3 კვირის გაკეთებული ჰქონდა.

არაზ ახმედოვი:

- რამდენი წელიწადია რაც ეზოს კარს არ ვკეტავთ, არ იყო საჭირო, კარგა ხანია ჩვენთან ცუდი არაფერი მომხდარა. როცა ნიღბიანები დავინახე, მეგონა, მეზობელი ბიჭები მეხუმრებოდნენ. ტელევიზორის ხმა აწეული მქონდა და კარში ისე შემოვიდნენ, ფეხის ხმა არ გამიგია. ერთმა იარაღი რომ დამადო, მაშინ შემეშინდა. თან ტუჩზე ხელი მიიდო და ქართულად მითხრა - ჩუმად იყავი და ფული და ოქრო მოგვეციო.

- ესე იგი, მძარცველები ქართველები იყვნენ?

- არ ვიცი, ვინ იყვნენ. ერთმა ქართულად კი დაილაპარაკა, მაგრამ მეორემ რუსულად მითხრა, -ახლავე თუ არ ადგები, მოგკლავთო. ვუთხარი, ოპერცია მაქვს გაკეთებული, ადგომა მიჭირს-მეთქი. ამაზე ერთმა თავი დამიქნია, მგონი, იცოდა, ოპერაცია რომ მქონდა გაკეთებული. ძლივს წამოვდექი, ფული მოვძებნე და საკუთარი ხელით ჩავაბარე. ოქრო ცოტა გვქონდა, გოგო გავათხოვე და იმას გავატანე. რომ ვუთხარი, ოქრო არ მაქვს, გოგოს გავატანე-მეთქი, ისევ დამიქნია იმ ერთმა თავი, მგონი, ესეც იცოდა. რომ მქონოდა, იმასაც მივცემდი, ოღონდ წასულიყვნენ. შემეშინდა, რომ ჩემი ბიჭი შემოვიდოდა და მოკლავდნენ.

- ფული რამდენი მიეცით?

- თითქმის 10 000 ლარი; ასევე ოქროს ბეჭდები. მთელი სამუშაო ფული წაიღეს, ამ ფულით "ლილოზე" ვვაჭრობთ, ახლა 10 ლარიც აღარ გვაქვს, როგორ უნდა ვიმუშაო, არ ვიცი. რომ მიდიოდნენ, ერთმა ჯიბიდან სკოჩი ამოიღო და პირი ამიკრა, მერე ხელები და ფეხებიც დამისკოჩეს. კიდევ კარგი, ჩემი ბიჭი არ იყო შინ...

არაზის შემდეგ საუბარი დაზარალებულის მეუღლემ, არნაზა გახმანოვამ განაგრძო:

- მე ქართული კარგად არ იცი, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია, - სააკაშვილს ვენაცვალე, მის სახელს ვფიცავ, ეგ რომ იყო, ასე არ იყო, მაგის დროს ყველა ქურდს ეშინოდა, "დაჟე," მეც კი მეშინოდა ქუჩაში ნაგვის დაყრის.

- თუმცა დანაშაული სააკაშვილის დროსაც ხდებოდა!

- რა ვთქვა, აბა?! სააკაშვილი, რომ იყოს, ვფიცავ, უკვე იპოვნიდნენ ქურდს, ესენი დამპირდნენ, ვიპოვითო, აბა, სად იპოვეს?! ეგ იმიტომ რომ ახლა ციხე სულ გახსნილია, ქურდები სულ ქუჩაშია. ქურდს ქუჩაში რა უნდა? ჩემი ძმა რომ იყოს ქურდი, ციხეში უნდა მოკვდეს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის).