"ნეტავ, რა დედებმა შობეს ეს კაციჭამიები?!"- "გირგვლიანი 2"-ის სკანდალური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ნეტავ, რა დედებმა შობეს ეს კაციჭამიები?!"- "გირგვლიანი 2"-ის სკანდალური ინტერვიუ

გთავაზობთ სტატიას „კვირის პალიტრის" 2014 წლის არქივიდან:

"დედა სულ იმას ამბობდა, წავალ, სანდროს დედას დაველაპარაკები, მინდა ჩემი ამბავიც ვუთხრაო..." ეს ამბავი გახმაურებული "ოქროყანის" პრელუდია აღმოჩნდა - გირგვლიანისა და ბუხაიძის გატაცებამდე სამი თვით ადრე, 2005 წლის 5 ოქტომბერს, ოქროყანის სასაფლაოზე კუდ-ის მაღალჩინოსნებმა ორი მეგობარი - ვამეხ აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი აწამეს. თბილისის საქალაქო სასამართლო გირგვლიანი-ბუხაიძის საქმესთან ერთად აბულაშვილი-დაბრუნდაშვილის საქმესაც განიხილავს. ამ ორი ეპიზოდის გაერთიანება იმიტომ მოხდა, რომ მათში თითქმის ერთი და იგივე პირები ფიგურირებენ... პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავა, ასევე ბრალი წარედგინათ ამავე დეპარტამენტის უფროსს დავით ახალაიასა (დაუსწრებლად) და მაღალჩინოსნებს: გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს.

ირაკლი ნადარეიშვილი, პროკურორი: - შემთხვევის ადგილი, დასჯის მეთოდი, ყოველივე საერთო ხელწერაზე მიუთითებს. დაბრუნდაშვილი და აბულაშვილი კუდ-ის მაღალჩინოსანმა ვალერიან მეტრეველმა დათა ახალაიას დავალებით შინიდან გაიტყუა, შემდეგ მეგობართან ერთად კუდ-ის თანამშრომლებმა ტაბიძის ქუჩიდან მოიტაცეს და ოქროყანაში აიყვანეს, სადაც მათ ახალაია, ალანია, მელნიკოვი და მეტრეველი ელოდნენ. დანარჩენი პირების ვინაობას ადგენენ... თავის დროზე, აბულაშვილმა უარი განაცხადა განცხადების დაწერაზე. მას არც ახლა შემოუტანია საჩივარი. როდესაც მიმდინარეობდა გირგვლიანის ეპიზოდის გამოძიება, პროკურატურისთვის დოკუმენტების წყალობით ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური რამ მოხდა 2005 წლის ოქტომბრის დასაწყისში. დადგინდა იმ პირის ვინაობაც, ვინც მოიტაცეს. აბულაშვილი დაიბარეს, მან გამოძიებას ჩვენება მისცა. საქმეში გვაქვს აბულაშვილის მეგობარი გოგონას, ვ.ჰ.-ს, ჩვენებაც, რომელსაც აწუხებდა დათა ახალაია და ვის გამოც გაიტაცეს აბულაშვილი. საქმეში ფიგურირებს დაახლოებით კუდ-ის 15 თანამშრომელი, თუმცა, გამოძიებით დადგენილია მხოლოდ ოთხი მათგანი. მათგან ორი (მელნიკოვი და მეტრეველი) პასუხისგებაშია მიცემული.

ვამეხ აბულაშვილი, დაზარალებული: - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემს მეგობარ გოგონას ვინმე დათო აწუხებდა, ურეკავდა და მის დაყოლიებას ცდილობდა. როცა ძალიან შეწუხდა, ყველაფერი მიამბო. მეც ისევე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ქართველი კაცი, გადავწყვიტე, დათოს დავლაპარაკებოდი. ჩემი მობილურით დავურეკე, ეს გოგონა ჩემი მეგობარია და ნუ აწუხებ-მეთქი (გოგონა ვარკეთილში ცხოვრობდა და მეგონა, ბიჭიც მისი უბნელი იყო). ვიღაცამ მიპასუხა, დათო მინისტრთან არის შესულიო. ვიფიქრე, მაშაყირებს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დათომ დამირეკა, ვინ ხარ და რა გინდაო. ვუთხარი, გოგოს შეეშვი-მეთქი, მაგრამ უკმეხად მიპასუხა: ბიჭო, შენ შიგ ხომ არა გაქვსო, მეც დავუბრუნე პასუხი და ისე დაიძაბა საუბარი, რომ გინებაზე გადავედით. მეგონა, ვინმე ვარკეთილელ დათოს ვაგინებდი. მერე გავიგე, ვინც იყო. გაირკვა, რომ დათა ახალაია ვარკეთილში ცხოვრობდა, ვიდრე გადიდკაცდებოდა და ჩემი მეგობარი გოგონა ადრე მოსწონდა. ჩვენი სატელეფონო საუბარი ალავერდობას შედგა. რამდენიმე დღის შემდეგ, 5 ოქტომბერს, დამირეკეს და იმხანად უმუშევარ ადამიანს ვიღაც მეუბნება, მოდულში უნდა მობრძანდეთ, ქრთამის საქმეა გასარკვევიო. რა ქრთამი, რაღაც გეშლებათ-მეთქი. ერთი სიტყვით, მოდულში მისვლაზე უარი ვუთხარი.

ცოტა ხანში ისევ დამირეკეს და იგივე ხმა მეუბნება, შენ თუ არ მოდიხარ, მე მოვალ, რაღაცებს გკითხავ და ეგებ გაუგებრობა დასრულდესო. დავთანხმდი და შეხვედრა დავთქვით გალაკტიონ ტაბიძის

ქუჩაზე, ძველი მერიის გვერდით (იმ დროს ჩემს მეგობარ კახა დაბრუნდაშვილთან ვიყავი სახლში და იმ ქუჩაზე ამიტომ დავიბარე). დათქმულ ადგილას მე და კახა ერთად გამოვედით. ამ დროს ზარი შემოვიდა მობილურზე. ვუპასუხე და თან ვხედავ, ვიღაც მობილურით ჩემკენ მოდის (როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ვალერიან მეტრეველი, კუდ-ის მეხუთე სამმართველოს უფროსი). მომიახლოვდა და მკითხა, თქვენ ხართ აბულაშვილიო, თან ხელში ნერვიულად ათამაშებს ტელეფონს. მეტრეველმა ვიღაც ტიპებს ჩემზე ანიშნა, ეს არისო, ისინიც მეცნენ და მანქანისკენ გამაქანეს. არც მაცალეს, მეკითხა, რა გინდათ-მეთქი. მერე მეტრეველმა კახაზე ბრძანა, ესეც წამოიყვანეთო. ცემა-ტყეპით ჩაგვყარეს ძველ "მერსედესში" და წავედით. გზაში ვიმეორებდი, ვამეხი არა ვარ, მისი ძმაკაცი ვარ, თვითონ ვერ გამოვიდა, მე გამომგზავნა და რა გინდათ მისგან-მეთქი. პურის მოედანზე იმდენი იტრიალეს, პატრულმა გააჩერა. მძღოლის გარდა, წინ - ორი, უკანაც, აქეთ-იქით, ორი თანამშრომელი გვეჯდა. პატრულს უხსნიდნენ, ვინც იყვნენ, მაგრამ ის მაინც არ უშვებდა. მერე სადღაც დარეკეს და პატრულს ვიღაც მაღალჩინოსანი დაალაპარაკეს. მან ჩვენი მანქანის გაშვება უბრძანა. რომ არა ეს, იმ ტყიდან ალბათ ცოცხლები ვეღარ გამოვიდოდით...

იხ. სტატია სრულად