იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთთა წრე პროკურატურისთვის უკვე ცნობილია?! - კვირის პალიტრა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთთა წრე პროკურატურისთვის უკვე ცნობილია?!

რატომ დაიბარეს პროკურატურაში მამუკა არეშიძე?

"ბიძინა ივანიშვილისა და იური ვაზაგაშვილის შეხვედრით ბევრი აფორიაქდა, მიხვდნენ, რომ ყულფი მათ გარშემო ვიწროვდებოდა და დაგეგმეს ეს მკვლელობა"

მას შემდეგ, რაც კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განცახადა, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა, ის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვიდან გამოსულს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ:

- პროკურატურაში დაინტერესდნენ იმ განცახდებებით, რაც მე იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გავაკეთე და რომელიც ჩვენმა ჟურნალისტებმა საზოგადოებას თავისებური ინტერპრეტაციით მიაწოდეს, ანუ ჩემი ნათქვამი აქციეს სენსაციად. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მკითხა, ვიცოდი თუ არა ის, რომ იური ვაზაგაშვილის შესაძლო მკვლელმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია, რაზეც ვუპასუხე, რომ ამგვარი ინფორმაცია ნამდვილად მქონდა მეც. იქვე ვივარაუდე, რომ მან საქართველო შესაძლოა თურქეთის ტერიტორიიდან დატოვა-მეთქი. ეს იყო ვარაუდი, რომელიც რამდენიმე საინფორმაციო წყაროს ეყრდნობოდა. მე ნამდვილად არ ვიცი, არც მკვლელის და არც მკვლელობის შემკვეთების გვარ-სახელები. სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა ჩემი დაკითხვა პროკურატურაში.

- ანუ ფიქრობთ, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო?

- დიახ. ვფიქრობ, რომ შემკვეთთა შორის არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ოღონდ ისევ მუშაობენ ამ სტრუქტურებში, თუ – არა, არ ვიცი. ის, რომ ამის დაგეგმვასა და განხორციელებაში პროფესიონალები მონაწილეობდნენ, ეს ჩანს როგორც დანაშაულის ფორმაში, ასევე ამ დანაშაულის კვალის დაფარვაშიც. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და იური ვაზაგაშვილის შეხვედრით ბევრი აფორიაქდა, მიხვდნენ, რომ ყულფი მათ გარშემო ვიწროვდებოდა და დაგეგმეს ეს მკვლელობა.

- ისმის კითხვა, თუ იური ვაზაგაშვილმა ყველაფერი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და ამ უკანასკნელმაც გადაწყვიტა გარკვეული ზომების მიღება, ვაზაგაშვილის მკვლელობა რატომ გახდა საჭირო?

- საქმე ისაა, რომ იური ავაზაგაშვილი იყო მებრძოლი ადამიანი, რომელიც არასდროს დაიხევდა უკან და ახლა მით უფრო აღარ გაჩერდებოდა, ამიტომაც გადაწყვიტეს მისი მოშორება, თუმცა ვფიქრობ, რომ ბატონმა იურიმ რაც სიცოცხლეში შეძლო და გააკეთა, იმაზე მეტს გააკეთებს სიკვდილის შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ყველასთვის ცხადად გამოჩნდა ძალოვან სტრუქტურებში ჩაბუდებული მე-5 კოლონა, რომლისგან გათავისუფლება აუცილებელია, რის პროცესიც დაიწყო.

- ბევრი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელის გახსნაც საუთოოა.

- ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია კარგა ხანია, საჭირი იყო პოლიტიკური ნება რათა ბოლომდე მისულიყო საგამოძიებო პროცესი. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის საქმეს, შეიძელბა უშუალოდ მკვლელი ვერ იპოვონ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შემკვეთების ვინაობა აუცილებლად გახდება ცნობილი და ისინი აგებენ პასუხს. ვფიქრობ, პროკურატურისთვის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შეკვეთაში ეჭვმიტანილთა სავარაუდო წრე, უკვე ცნობილია.

ანა გიორგაძე (სპეცილაურად საიტისთვის)

პ.ს. შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.