თვითმკვლელობა სიყვარულის სახელით?! - შემზარავი ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

თვითმკვლელობა სიყვარულის სახელით?! - შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"სანადირო თოფი სპეციალურად გადაჭრა და ქურთუკში მალავდა"

"ჯერ გასროლის ხმა იყო, მერე აქაურობა ქალების კივილმა შეძრა. მთელი კორპუსი გამოვიდა გარეთ, საშინელი სურათი დაგვხვდა, გარდაცვლილი ასფალტზე პირქვე იწვა და სისხლში ცურავდა"

ამბობენ, რომ თუ ადამიანი თავის მოკვლას ერთხელ განიზრახავს, მისი შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს ლამის აქსიომად ჩამოყალიბებული მოსაზრება, რუსთავში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამაც დაადასტურა, - დღის 12 საათზე, ფაქტობრივად, გამვლელთა თვალწინ, 25 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. მომხდარით შეძრულები არიან ის ადამიანები, ვინც ამ ენითაღუწერელი ტრაგედიას შეესწრნენ. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა, იმ კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს წინ, სადაც ახალგაზრდამ ყოფილ მეუღლეს შინ მიაკითხა.

მანანა გოგოლიძე, ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრები:

- იმდენად ხშირად მესმის მსგავსი უბედურებების შესახებ, ტელევიზორის ჩართვისაც კი მეშინია, - ჩემი ნაცნობის სახელიც არ გამოაცხადიონ-მეთქი, ახლა კი ამ უბედურებამ, რომელიც ლამის ჩემ თვალწინ დატრიალდა, სულ გამთიშა, - ასეთი რა უსაშველო უნდა სჭირდეს 25 წლის ახალგაზრდას, რომ პატარა პრობლემას ვერ გაუძლოს?! ეს ფსიქოლოგებმა უნდა გამოიკვლიონ. ჩვენი გაუსაძლისი ყოფის ბრალია ალბათ ის, რომ ახალგაზრდების უმეტესობას, ფსიქიკა ასე აქვს მოშლილი, ამ გაუთავებელი სტრესების გამო ელემენტარულ ნერვიულობასაც ვეღარ უძლებენ.

- ამ კონკრეტულ ახალგაზრდას რა პრობლემები ჰქონდა?

- როგორც ვიცი, ცოლთან დაშორების გამო მოიკლა თავი, ამბობენ, რომ გოგო ძალიან უყვარდა და მასთან დაშორებას საშინლად განიცდიდა! ყოფილი ცოლი ჩვენს კორპუსში ცხოვრობს, როგორც ვიცი, არცთუ დიდი ხნის წინ, დასთან და დედასთან ერთად დაიქირავა ბინა, ამიტომ ოჯახს კორპუსში ბევრი არ იცნობს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჯერ გასროლის ხმა იყო, მერე აქაურობა ქალების კივილმა შეძრა. მთელი კორპუსი გამოვიდა გარეთ, საშინელი სურათი დაგვხვდა, გარდაცვლილი ასფალტზე პირქვე იწვა და სისხლში ცურავდა. გოგოც ძალიან შემეცოდა, საშინალდ ტიროდა საწყალი. ქმარი თუ მოკვდა, ცოლს ეს შემზარავი სურათი არასოდეს ამოუვა თვალიდან, თავის დროზე ხომ უყვარდა ეს ადამიანი და ცოლად იმიტომ გაჰყვა. ეს რა გამიკეთეო, - მოსთქვამდა, შეშლილი სახე ჰქონდა. ძალიან იყო გამწარებული, ასეთ გამწარებას ვერავინ თამაშობს.

- წყვილს ბავშვი ჰყავდა?

- არა. გოგო ამბობდა, შერიგების სათხოვნელად მოვიდა, - ვუთხარი, როცა გამოსწორდები, მაშინ შეგირიგდები-მეთქიო; მართლა შევურიგდებოდი, თუ გამოსწორდებოდა, იმდენად ბევრს სვამდა, მასთან ცხოვრება შეუძლებელი იყო, იმ მომენტშიც ისეთი გაბრაზებული ვიყავი, გასაცილებლად არც კი წამოვდექი, დედაჩემმა გამოაცილაო. მანამდეც ხშირად მოდიოდა თურმე და ისევ ერთად ვიცხოვროთო სთხოვდა, ამჯერად, როგორც ჩანს, წინასწარგანზრხული ჰქონდა თავის მოკვლა და თან იარაღი წამოიღო.

- იარაღი როგორ ვერ შენიშნეს?

- როგორც ჩანს, ბიჭმა სანადირო თოფი სპეციალურად გადაჭრა და ქურთუკში მალავდა. ახლა ზამთარია, ყველას ქურთუკი აცვია, რა ვიცი, როგორ შეიძლება იფიქრო, რომ ვიღაცა ქურთუკის ქვეშ იარაღს მალავს! საბრალომ, ფაქტობრივად, სიდედრის თვალწინ მოიკლა თავი. რომ გამახსენდება რომ დედამისმა შვილი 25 წელიწადი იმიტომ ზარდა რომ ამას მოსწრებოდა, ცუდად ვხვდები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)