ოთარ მირზოევი: რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა, - "გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!" - კვირის პალიტრა

ოთარ მირზოევი: რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა, - "გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!"

იური ვაზაგაშვილი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ უკანასკნელ ინტერვიუში, შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვიტანილად ოთარ მირზოევს ასახელებდა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინლური პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ დატოვა.

გთავაზობთ ამონარიდს ოთარ მირზოევთან ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელსაც სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ:

"წინადღეს ხელმძღვანელმა დამირეკა, დილით ადრე უნდა მოხვიდე სამსახურში, ვინაიდან დამნაშავეთა ასაყვანი ღონისძიების ჩატარებას ვაპირებთო. როდესაც ობიექტზე მივედი, შევიტყვე, რომ ეს ჯგუფი ერთ-ერთ მისამართზე საყაჩაღოდ უნდა მისულიყო. ამ ღონისძიებას სხვა განყოფილება ატარებდა და ვინაიდან დამხმარე განყოფილება ვიყავით, ზუსტად არც ვიცოდით, ვისთან და რასთან გვქონდა საქმე. იმხანად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცებასთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორად ვმუშაობდი. სპეცოპერაციაში დაახლოებით 150 პოლიციელი მონაწილეობდა. თრილერებში რომ გინახავთ სროლა, ისეთი სიტუაცია იყო კორტებთან. წამებში ხდებოდა ყველაფერი. ერთადერთი, რაც შევნიშნე, ის იყო, რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ბიჭების დასაკავებლად მიდიოდა, მათმა მანქანამ დაარტყა და წაიქცა. გაელვებასავით დავინახე, მანქანის მინა რომ გაიბზარა. ამ დროს რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა, - "გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!" - და დაიწყო საშინელი სროლა ორივე მხრიდან."