"ტრაგედია უგმიროდ" – ორი შვილის დედამ თავი სიდუხჭირის გამო ჩამოიხრჩო? - კვირის პალიტრა

"ტრაგედია უგმიროდ" – ორი შვილის დედამ თავი სიდუხჭირის გამო ჩამოიხრჩო?

"ყველა რომ გაისტუმრა, მერე აიღო თოკი და სახლის დირეზე ჩამოეკიდა"

"თავად ამბობდა, - სოციალური დახმარება მოგვიხსნესო."

კიდევ ერთი "ტრაგედია უგმიროდ" - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ახალგაზრდა ქალი საკუთარი სახლის დირეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბოლო ხანს ჩვენში სუიციდის შემთხვევები ისე გახშირდა, რომ საზოგადოება მომხდარი ტრაგედიების მიმართ უკვე საშიშ ინდიფერენტულობას იჩენს. 41 წლის ქალის თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივად გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა სახელდება. რა ურთულესი შეიძლება იყოს მდგომარეობა, რომ ორი შვილის დედამ გამოსავალი თვითმკვლელობაში ეძებოს.

მარიამ კ; გარდაცვლილის მეზობელი:

- საშინელება დატრიალდა... აბზინიძეების ოჯახი არც აქამდე ყოფილა დალხინებული, დიდი ტვირთი ჰქონდათ სატარებელი და ახლა სულ განადგურდნენ. გული მეწურება ამაზე რომ ვფიქრობ. ყველამ დიდ ხანს იცოცხლოს, დედამაც და მამამაც, მაგრამ როცა შვილებს დედა უკვდებათ და კაცს კიდევ - ცოლი, ოჯახი მთლიანად ნადგურდება. მართალია ამ ქალის შვილები პატარები აღარ არიან, მაგრამ დედის გვერდით დგომა ძალიან სჭირდებოდათ. მით უფრო ერთ-ერთი უნარშეზღდულია და სულ დედას იყო მიწეპებული...

რატომ უნდა ჩამოეხრჩო თავი 41 წლის ქალს?! - დალხინებული ცხოვრების გამო თავს არ იკლავენ. უკიდურესმა გაჭირვებამ აიძულა... ამ ოჯახს 2 შვილი ჰყავს, გოგო 18 წლის არის; ის შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა - ვერ ლაპარაკობდა, სკოლაშიც არ უვლია... დედა სულ სახლში იყო შვილის გვერდით, იმიტომ, რომ შვილის მხოლოდ მას ესმოდა. ოჯახის მამა სულ მუშაობდა, სულ გასული იყო საშოვარზე, არაფერს უკადრისობდა, თბილისში დადიოდა დაქირავებულ მუშად, მაგრამ წელში მაინც ვერ გაიმართნენ. ამ ყველაფრის გაძლება ყველას როდი შეუძლია. მანაც ვერ გაუძლო, რაც მეტს ცდილობდნენ, მით უფრო უჭირდათ ცხოვრება...

- რატომ?

- თავად ამბობდა, - სოციალური დახმარება მოგვიხსნენსო. ისიც თქვა, ჩავედი ხონში და ვიჩხუბე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ჩვენს გაჭირვებას კიდევ სოციალური დახმარების მოხსნა სჭირდებოდაო?

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახს ბანკის ვალიც ჰქონდა.

- რა გასაკვირია, აიღებდნენ, აბა, რას იზამდნენ! მარტო სოციალური დახმარებით პურის ყიდვაც კი ჭირს და ისიც მოუხსნეს. ალბათ რაიმე აუცილებელი დასჭირდათ და იმიტომ აიღეს ვალი. შემდეგ ეს სოციალური დახმარებაც ბანკის ვალებში წავიდა და გადაირია უბედური ქალი! როგორია, შენი უმწეო შვილის ლუკმა ბანკს მიჰქონდეს! არ იქნა და არ იქნა ჩვენი ქვეყნის საქმის გამოსწორება, ტყუილად გვაქვს ფეხზე დადგომის იმედი... ხალხს თავის ჩამოსახრჩობად უხდება საქმე! საწყალმა ქალმა სახლიდან ყველა რომ გაისტუმრა, მერე აიღო თოკი და სახლის დირეზე ჩამოეკიდა...

- ასეთ მდგომარეობაში ვინ ნახა?

- მეზობელმა. ჭიშკრიდან დაიძახა თურმე, რომ არავინ გამოეპასუხა, ჭიშკარი გააღო, სახლში შეაბიჯა და ასეთი სურათი დახვდა, ჯერაც გონზე ვერ მოსულა... საშინელ დღეშია მთელი ოჯახი, შვილების საცოდაობით აღარ ვართ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)