რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?! - კვირის პალიტრა

რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?!

სოსანაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?!

"მკვლელობა ბოლომდე კარგად გაეთვალათ და არც გახსნილიყო, რომ არა სოსანაშვილის შეცდომა - 19 იანვრის ღამეს, ის გვიანობამდე სვამდა ერთ-ერთ ოჯახში, ანუ დავალების შესასრულებლად ნასვამი ავიდა სასაფლაოზე და შედეგიც სახეზეა."

პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ 7 თებერვალს დააკავა. "მკვლელმა დაუშვა შეცდომა, ჩვენ გაგვიმართლა და გავხსენით მკვლელობა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. ის სრულად შეესაბამება გია სოსანაშვილის დნმ-ს. უტყუარად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იური ვაზაგაშვილი გია სოსანაშვილმა მოკლა." - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.

გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდანაა. იგი სამართალდამცველთა რიგებში 2005 წლიდან ირიცხება. 2013 წლიდან დაპატიმრებამდე მას წალკის რაიონის სოფელ ავრალოს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის პოსტი ეკავა. რა იყო მკვლელობის მოტივი და ვინ შეუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა - ამ კითხვებზე ვაზაგაშვილების ადვოკატები პროკურატურისგან დროულ პასუხს ელიან. დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ბრალდებული გამოძიებასთან ითანამშრომლებს. პროკურატურა კი, თავის მხრივ, ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს. გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მისი ადვოკატი სოსო ჯოგლიძე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

გია სოსანაშვილის გვარი პრესაში ყარაფილას ტრაგედიამდე სამი თვით ადრე, 2 ნოემბერს გამოჩნდა. "თავისუფალი თაობის" გამგეობის წევრი გიორგი ყუფარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებდა, კერძოდ, იგი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი ორგანიზაციების გააქტიურების მიზეზებზე საუბრობდა: "სააკაშვილის გუნდი ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად ემზადება. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" (მასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ "პიკასოს კლუბისა" და "თავისუფალი ზონის" წევრებიც), რომელიც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებითა და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული, სამართალდამცველებთან დაპირისპირების პროვოცირებასა და არეულობის მოწყობას გეგმავს". ყუფარაძემ ინტერვიუში რამდენიმე მოქმედი პოლიციელის გვარი, მათ შორის სოსანაშვილიც დაასახელა, რომელთაც ყუფარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა მოეწყოთ. "სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. ჩარჩენილი და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე პოლიციელების მხრიდან იგეგმება არეულობა, ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მალე დაიწყებს საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას, რომლის შემდეგაც მოახდენენ პოლიციასთან პროვოკაციას და შეეცდებიან, მასობრივი არეულობის მოწყობას. მიზანი კი ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაა!" - ამბობდა ყუფარაძე

როგორც ჩანს, ყუფარაძეს ეს ინფორმაცია პოლიციიდან მიაწოდეს და არც თუ არასანდოა.

"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლის, გიორგი ყუფარაძის განცხადებით, გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავასთან აქტიურ კავშირში იმყოფებოდა, რაც მასთან საუბარში პოლიციის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა დაადასტურეს.

იური ვაზაგაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ამ მკვლელობას დამკვეთი ჰყავს და ორივე (იური და ზურაბ ვაზაგაშვილის) მკვლელობა ერთი კრიმინალური ჯგუფის მიერაა ჩადენილი. იმ შემთხვევაში, თუ სოსანაშვილს დანაშაული დაუმტკიცდა, ცალსახაა რომ, საქმე დაკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს, პოლიციელი კი მკვლელობის შემსრულებელია. როგორც წესი, ქილერი მესამე კაცია ხოლმე საქმეში და დასადგენია, ვინ არის მეორე და პირველი. ყველაფერი იქით მიდის, რომ მეორე კაცად ირაკლი ფირცხალავას დაასახელებენ, რაზეც არაერთი გარემოება მიანიშნებს და ამაზე არა მარტო ვაზაგაშვილების ოჯახი, მათი დაცვის მხარეც უკვე ღიად მიანიშნებს. საქმეში უკვე დევს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ფირცხალავასა და გია სოსანაშვილის სატელეფონო საუბრის ამონაწერებიც. არაოფიციალურად არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში ირაკლი ფირცხალავას ბრალი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დაუმძიმდეს.

ლოგიკას თუ მივყვებით, დანაშაულის კვალი პირველ კაცამდეც, ანუ მკვლელობის მთავარ დამგეგმავ ყოფილ მაღალჩინოსნამდე მიგვიყვანს, არ გამორიცხავენ, რომ კვალი კიევამდე მივიდეს. ეს მხოლოდ ვერსიის დონეზე, მანამდე კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის მოტივის დადგენას. ცნობილია, რომ პირადი მოტივით შურისძიება იმთავითვე გამოირიცხა. პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განმარტებით, მოტივმა შეიძლება გავლენა მოახდინოს 109-ე მუხლის გარემოებებზე და კვალიფიკაცია დამძიმდეს, შედეგად კი დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობით, მის დამკვეთებს, სავარაუდოდ, ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა სურდათ - მოეშორებინათ ხმაურიანი მოწინააღმდეგე, რომელიც ძალიან აღიზიანებდათ და გამუდმებით ამხელდა მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს და მეორე - ამ მკვლელობას საზოგადოებაში მღელვარების მუხტი უნდა აეწია და მისი არგახსნის შემთხვევაში, დესტაბილიზაცია დაწყებულიყო. თუმცა როგორც ბატონი ირაკლი შოთაძე იტყოდა, პროკურატურას გაუმართლა...

როგორც ჩვენი სარწმუნო წყარო იუწყება, "გია სოსანაშვილს, მეტსახელად "ბოღმას" მხედრიონული წარსული აქვს. შეიარაღებულ ფორმირებაში იგი ძალიან ახალგაზრდა მოხვდა. მას წაღვერში სამსართულიანი სახლიც აქვს, რომლის ფოტო მის ერთ-ერთ "ფეისბუქპროფილზეა" გამოქვეყნებული. გარდა იმისა, რომ სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავას დაჯგუფებიდანაა, ის ცნობილი მხედრიონელისა და "ნაცზონდერის", გია უდესიანის მეგობარიცაა, რომელმაც სოსანაშვილის ვაჟი მონათლა".

ნათლობის ფოტო გია სოსანაშვილის "ფესიბუქგვერდზეა" გამოქვეყნებული.

გია უდესიანს წინა ხელისუფლების მმართველობისას ხშირად მოიხსენიებდნენ ზონდერ-ჯგუფების მეთაურად და მიტინგების დარბევასა და ბიზნესწილების "ახევაში" ადანაშაულებდნენ. მეტიც, მას ხშირად დესტაბილიზაციისა და ქვეყანაში ვითარების დაძაბვის დამკვეთადაც ასახელებდნენ. მან საქართველო 2012 წლის საპარალემნტო არჩევნებამდე დატოვა, უცხოეთიდან მოწერილ ერთ-ერთ წერილში ის ამბობდა, რომ ევროპაშია, ეწევა ბიზნესსაქმიანობას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან არაფერი აკავშირებს.

მაინც რატომ მოხვდა გია სოსანაშვილი ეჭვმიტანილთა სიაში და როგორ დაადგინა პროკურატურამ მისი ყოფნა ყარაფილას სასაფლაოზე?

"ანძებზე დაფიქსირებულ 30-ათასამდე ზარს ანალიზი გაუკეთდა, პარალელურად, ათეულობით მოწმე დაიკითხა, რამდენიმე თვითმხივლელია, თუ როგორ მოემართებოდა რამდენჯერმე გია სოსანაშვილი ყარაფილას სასაფალაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სოსანაშვილის ადვოკატის მიერ დასახელებული ალიბი კი მართლაც თითიდან გამოწოვილს ჰგავს - იური ვაზაგაშვილის აფეთქების მომენტში ბრალდებული თუ სასაფლაოზე არ იმყოფებოდა, ეს არაფერს წყვეტს. ჩვენი წყარო ქილერის სავარაუდო ტაქტიკასა და მის მიერ დაშვებული შეცდომების მიზეზზე ლაპარაკობს: "ამბობენ, რომ მკვლელი ყარაფილას სასაფლაოზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამონტაჟებლად 20 იანვრის დილას, დაახლოებით 7 საათზე ავიდა (19-შიც ყოფილა ასული). რომ არავის შეემჩნია, ის გზაზე არ გამოსულა, ბაღებზე გადავიდა. ამ საქმისთვის ალბათ სპეციალურად შეარჩიეს იქაური კაცი. სოსანაშვილის სოფლიდან ბაღებზე თუ ივლი, 10-15 წუთში მიხვალ ყარაფილამდე. სოსანაშვილი იცნობს იქაურობას, უცხო ადამიანი ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. ვიღაცამ ისიც თქვა, ეგ კაცი თურმე საერთოდ არ დადიოდა პანაშვიდებზე და რაღა იმ დღეს წავიდა გასვენებაში? მკვლელობის დამგეგმავებმა უეჭველი იცოდნენ, როგორ იქცეოდა იური სოფელში ჩასვლისას - ის ჯერ შვილის საფლავზე მიდიოდა, მერე - სახლში ჩადიოდა. თან შეარჩიეს მეზობლის დასაფლავების დღე, სოსანაშვილის იქ ყოფნა რომ გაემართლებინათ. იმ დღეს სასაფლაოზე არ მუშაობდა საფლავზე დამონტაჟებული სენსორები, რომელითაც სინათლე ავტომატურად ირთვებოდა, არ არის გამორიცხული, სადენი ქილერს გადაეჭრა. შესაძლოა მკვლელობა ბოლომდე კარგად გაეთვალათ და არც გახსნილიყო, რომ არა სოსანაშვილის შეცდომა - 19 იანვრის ღამეს, ის გვიანობამდე სვამდა ერთ-ერთ ოჯახში, ანუ დავალების შესასრულებლად ნასვამი ავიდა სასაფლაოზე და შედეგიც სახეზეა. ამით დაეხმარა ის გამოძიებას - შიშველი ხელით იმუშავა და დნმ-ს კვალიც დატოვა".

პ.ს. მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი დუმილის უფლებას იყენებს და არც გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. გამორიცხული არ არის, დამკვეთებმა უკვე გეგმა B აამუშაონ - მათი მითითებით სოსანაშვილმა ყალბი აღიარებითა და კვალის არევის მიზნით, გამოძიება არასწორ გზაზე დააყენოს. ვაზაგაშვილების ოჯახის დაცვის მხარე კი არ გამორიცხავს, რომ დამკვეთებმა შესაძლოა გია სოსანაშვილი თავიდან მოიშორონ კიდეც. მათი რწმუნებით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსანაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)