"ისინი ცდილობენ ლაფში ამოთხვარონ მიცვალებულები" - გოგლა ჟვანიას პირველი განმარტებები - კვირის პალიტრა

"ისინი ცდილობენ ლაფში ამოთხვარონ მიცვალებულები" - გოგლა ჟვანიას პირველი განმარტებები

"ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს სიბინძურე მართლაც მოხდა, რა კავშირი აქვს ამას სიკვდილის გარემოებასთან?!"

"ცდილობენ გადაფარონ სიბინძურით ის მტკიცებულებები, რომელიც მრავლად არის. ეს არის დროებითი მოვლენა, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ უზნეო ადამიანებთან გვაქვს საქმე. მე მათ დიდი ხანია უკვე არაკაცებს ვეძახი."

გადაცემა "არჩევანში" გაკეთებული განცხადების შემდეგ ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია პირველ განმარტებებს აკეთებს. შეგახსენებთ, გადაცემის წამყვანისა და მისი სტუმრების, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის მურთაზ ზოდელავას დაჟინებული მინიშნებების შემდეგ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა: "დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ, ერთია, რომ მოკლეს ადამიანი და მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს."

გოგლა ჟვანია:

- ეს იყო წინა ხელისუფლების მიერ თავიდანვე დადგმული და შეთითხნილი ვერსია. ეს არის მათი უკანსკნელი ბერკეტი, რადგან მათ არ აქვთ არც ერთ შეკითხვაზე პასუხი. ისინი ცდილობენ ლაფში ამოთხვარონ მიცვალებულები. გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ კარგად და რაც მთავარია სწორი გზით, იკვეთება ძალიან სერიოზული დანაშაული, რომელიც ჩადენილია კონკრეტული პირების მიერ. ნათელი ხდება, რომ იქ არანაირ უბედურ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. გარდაცვლილებს აღენიშნებათ ძალადობის კვალი და კიდევ რამდენიმე გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარია მკვლელობა. ერთადერთი არგუმენტი, რაც ასეთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს რჩებათ, არის ზუსტად ის რასაც აკეთებენ - ცდილობენ გადაფარონ სიბინძურით ის მტკიცებულებები, რომელიც მრავლად არის. ეს არის დროებითი მოვლენა, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ უზნეო ადამიანებთან გვაქვს საქმე. მე მათ დიდი ხანია უკვე არაკაცებს ვეძახი. გამოძიების პროცესი დასრულდება და ყველას მოუწევს პასუხის გაცემა თავის დანაშაულზე, ასევე მოუწევთ პასუხი აგონ მათ, ვინც ეს ბინძური ვერსია შეთითხნა და გაავრცელა.

- FBI-ის დასკვნების მიხედვით საქმეშია დნმ-ს ანალიზის პასუხები, რომლის მიხედვითაც სწორედ იმ ვერსიაზე ასაუბარი...

- ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს სიბინძურე მართლაც მოხდა, რა კავშირი აქვს ამას სიკვდილის გარემოებასთან?! - ელემენტარული ლოგიკაა.

- ბატონო გოგლა, ბრძანეთ, რომ მოხდა მკვლელობა, მაშინ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის კვალიფიკაციით?

- ჯერჯერობით მიმდინარეობს იმ გარემოებების დადგენა, თუ რა გარეომებაში დაიღუპნენ ეს ადამიანები და დროთა განმავლობაში ალბათ კვალიფიკაციაც შეიცვლება.

- ამბობთ, რომ ეს არის დადგმული და შეთითხნილი ვერსია, რატომ მიიიღეთ მონაწილეობა ამ ფარსში?

- მე დამიერეკეს "რუსთავი 2"-დან და მთხოვეს ჩართვა."რუსთავი 2"-ს უსმენს ჩვენი საზოგადოება და ვთვლი, რომ ამ ხლახს უნდა მოესმინა ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება მაქვს მე ამ ტელეკომპანიასთან.

- მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ ეს დასკვნა ოჯახის თანხმობით გახდა გასაიდუმლოებული...

- ეს აბსურდია, მსგავსი არაფერი ყოფილა, გამოძიებასთან ჩვენს ოჯახს 2007 წლის მერე კონტაქტი არ ჰქონია, ანუ მთელი 6 წელი, მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლა. ერთხელაც არავინ დაგვკავშირებია რომ საქმის მასალები გაეცნოთ ჩვენთვის.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)