”მოკლულზე ამბობდნენ, ”მანიაკიაო...” - მკვლელობა შურისძიების მიზნით?! - კვირის პალიტრა

”მოკლულზე ამბობდნენ, ”მანიაკიაო...” - მკვლელობა შურისძიების მიზნით?!

”ცოლთან ერთად, სულ ხუთი წუთის გამოსული იყო სახლიდან, როდესაც ვიღაცამ სანადირო თოფიდან ესროლა.”

”მკვლელი რომ მანქანებით გაძეძგილ ქუჩაზე ისე ისვრის, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე ნადირობდეს, მშვიდად როგორ უნდა გეძინოს?!”

ოზურგეთში 24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე მოკლეს. როგორც ოზურგეთელები ამბობენ, მკვლელი მსხვერპლს ჩაუსაფრდა. პირველი გასროლა დაახლოებით ღმის 10 საათზე გაისმა, რასაც მალევე მეორე და მესამე მოჰყვა, გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი საკონტროლოდ გასროლილმა ტყვიამ მოკლა. გარდაცვლილი ახლადდაქორწინებული იყო და გვერდით მეუღლე ჰყავდა, რომელიც ასევე ფეხშია დაჭრილი. ჯერჯერობით მკვლელი დაკავებული არ არის. გარდაცვლი ორჯერ იყო ნასამართლევი და ბოლოს სასჯელაღსრულების სისტემა ორი წლის წინ დატოვა. ოზურგეთელები არ გამორიცხავენ, რომ შესძლოა მკვლელობა პირადი შურისძიება იყოს, რადგან მათი თქმით, ირაკლი კვაჭანტირაძეს ბევრი მომდურავი ჰყავდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" არქივში, 2010 წლით დათარიღებული, შემდეგი ინფორმაცია იძებნება: "შსს სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთში ოზურგეთში მცხოვრები ირაკლი კვაჭანტირაძე დააკავეს. კვაჭანტირაძე რამდენიმე ადამიანზე თავდასხმასა და მათთვის ცივი იარაღით მძიმე ჭრილობების მიყენებაშია ბრალდებული. შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნივთმტკიცებები. ირაკლი კვაჭანტირაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვაჭანტირაძე ის პირია, რომელსაც ადგილობრივი მედია "მანიაკის" სახელით მოიხსენიებდა.”

რობერტ მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მცხოვრები:

- ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, 24 წლის, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ცოლთან ერთად, სულ ხუთი წუთის გამოსული იყო სახლიდან, როდესაც ვიღაცამ სანადირო თოფიდან ესროლა. ადამიანი ამისთანა ფაქტების მომსწრე რომ ხდები, შიში გიპყრობს, - ქათმის დაკვლასავით ადვილი გახდა ადამიანის მოკვლა! ამბობენ, თვითონაც ბევრი ცუდი რამ ჰქონდა ჩადენილი და შური იძიესო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, - მკვლელი რომ მანქანებით გაძეძგილ ქუჩაზე ისე ისვრის, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე ნადირობდეს, მშვიდად როგორ უნდა გეძინოს?!

- მკვლელობა საკმაოდ გვიან მოხდა, თქვენ კი ამბობთ, რომ ახალგაზრდა ხალხის თვალწინ მოკლეს?

- ჩვენს ქუჩაზე იმ დროს ბავშვი იყო გარდაცვლილი, - რაღაც გადაყლაპა და ვეღარ მოარჩინეს; გარშემო ამ უბედურებაზე მოსული ხალხის მანქანები იყო ჩამწკრივებული. მკვლელი ასეთ სიტუაციაში მოვიდა... ჩვენს ქუჩას სასაფლაო ემიჯნება, იქ გაჩერდა და როცა ცოლ-ქმარმა გაიარა, სანადირო თოფიდან ატეხა სროლა, - ალბათ გარდაცვლილის სახლის წინ ”კონტროლიორიც” ჰყავდა დაყენებული და როცა სახლიდან გამოვიდა, იმან დაურეკა, - მოემზადე, მოდიანო! ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელმა როგორც ჩანს იფიქრა, შემთხვევით ცოცხალი არ დარჩესო და საკონტროლო ტყვიაც დაახალა.

…ბატონმა რობერტმა უარი განაცხადა, განემარტა, გარდაცვლილს სიცოცხლეში რა ჰქონდა ისეთი ჩადენილი, რომ შური ეძიათ, თუმცა ამაზე ოზურგეთი სხვა მცხოვრები დაგველაპარაკა, რომელმაც გვთხოვა ვინაობა არ გაგვემხილა:

- ვერ დავმალავ, რომ გარდაცვლილზე ნამდვილად კარგს არაფერს ყვებოდნენ, იმასაც ამბობდნენ, ”მანიაკიაო”. როგორც ვიცი, ამ რამდენიმე წლის წინ სამი ადამიანი დაჭრა. დაჭერილიც იყო, ტყუილად ხომ არ დაიჭერდნენ; მაგრამ მოვიდა ახალი ხელისუფლება და ციხიდან გამოუშვა. როგორც ვიცი, ადამიანის დაჭრისთვის იყო გასამართლებული. საუბედუროდ, მშობლებსაც ცუდად ეპყრობოდა, - გამუდმებით ფულს სთხოვდა და რომ ვერ აძლევდნენ, რამდენჯერმე სახლიდან გამოყარა. არ ვიცი ეს ფული სად მიჰქონდა. ამის მიუხედავად მშობლებს მაინც იმედი ჰქონდათ, რომ ადამიანურ გზაზე დაგებოდა.

- ახლახან დაქორწინებულა…

- კი, მშობლებს უხაროდათ, ფიქრობდნენ, ცოლის მოიყვანა და ახალა მაინც შეცვლება - ადამიანურად დაიწყებს ცხოვრებასო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე საშინლად დაასრულდა მაგისი სიცოცხლე. მისი მკვლელობა თუ მართლაც შურისძიებაა, ეს ცხადად აჩვენებს, რომ, როცა კანონი და სამართალი არ აგებინებს დამნაშავეს პასუხს, ასეთი ტრაგედია შეიძლება დატრიალდეს…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

პ.ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ:  ”20 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე, მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ფანარს და ცივ იარაღს იყენებდა. "მოქმედებდა გვიან ღამით, ასევე შერჩეული ჰქონდა ნაკლებად დასახლებული და მივარდნილი ადგილები, რის შემდეგაც ბასრი საგნის გამოყენებით მსხვერპლს ესხმოდა და თავს და გულმკერდის არეში აყენებდა შემავალ ჭრილობებეს.”

ასეთი მძიმე ბრალდებების გათვალისწინებით, ისიმის კითხვა, რატომ და როგორ გათავისუფლდა ირაკლი კვაჭანტირაძე სულ რაღაც 2 წელიწადში პატიმრობიდან?!

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის).