რას ყვება ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის და ძმის ავადმყოფობასა და მისთვის დაქირავებულ ადვოკატზე - კვირის პალიტრა

რას ყვება ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის და ძმის ავადმყოფობასა და მისთვის დაქირავებულ ადვოკატზე

"ჩემი ძმა გია ყარყარაშვილთან ერთად იბრძოდა"

"მარეხ ყამბეგაშვილი არის უწესო, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რასაც მიმდებარე სოფლებში დაგიდასტურებენ. მან ეს განცხადებები თავისი პიარისთვის გააკეთა. სასტიკად გავლანძღე, მაგრამ თავისას არ იშლის..."

"დიაგნოზში ბევრი დაავადება აქვს ჩამოთვლილი: ხერხემლის გამრუდება, პრობლემა აქვს ფილტვზე და თავში - მედიკოზური კისტა."

20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს და, შესაბამისად, ჯერჯერობით, არც გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, მისი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსანაშვილი მძიმე სენით - თავის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული და იმედოვნებენ, რომ ეს გარემოება მისი სასჯელის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს. ბრალდებულის და ლია სოსანაშვილი ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ვერაფრით ხსნის იმას, რომ "ისეთ მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს. როგორიც გიაა, ასე ცამოწმენდილზე რატომ უნდა აეფეთქებინა ადამიანი, რომელთან შეხებაც არ ჰქონია".

- ქალბატონო ლია, თქვენი ძმა ბრალს არ აღიარებს, თქვენც დარწმუნებული ხართ, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია?

- გიამ, როგორც მითხრა, მას დნმ-ს ანალიზი წესების დარღვევით აუღეს. დიდი ალბათობაა, რომ დნმ გააყალბეს, ვინაიდან ის არ დაილუქა, ოქმზე არც უფროსების ხელმოწერა იყო და ეს პროცედურა ჩატარდა უფროსის კაბინეტში (ვინაობა არ მახსოვს). ოთახში იყო ვიღაც პიროვნება, რომელსაც უთქვამს, 2 წუთით გააჩერეთო და ნიმუშები პოდნოსით"ამის მერე გაიტანეს ". ეჭვი გვაქვს, რომ სასაფლაოდან მათ მიერ აღებულ ყუმბარის რაღაც ნაწილს 7 თებერვალს გადაასხეს გიას დნმ. 6 თებერვალს ჩემი ძმა სოფელში მიდიოდა, როცა დაურეკეს და უთხრეს, ჩიტაძის ქუჩაზე მისულიყო. თითქმის სოფელში იყო შესული, მაგრამ მაშინათვე გადმოსულა სამარშრუტო ტაქსიდან და თბილისში წამოსულა. დამირეკა, იცოდე, ჩიტაძეზე გამომიძახესო, ანალიზებიც იქ აუღეს. მე თბილისში ვცხოვრობ, იქიდან გია ჩემთან მოვიდა სახლში და მითხრა, - პროცედურა უკანონოდ ჩაატარეს, მაგრამ რადგან უდანაშაულო ვარ, წინააღმდეგობა არ გამიწევიაო. თუმცა ძალიან გაკვირვებული კი იყო. ისიც თქვა, ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, ეს ნარკოლოგიური შემოწმება იყოო, ანუ მოტყუებით გაუკეთეს ანალიზი. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მათ არაკანონიერი გზით მოიპოვეს დნმ, ოღონდ კი ეს საქმე გაეხსნათ.

- თქვენმა ძმამ დნმ-ს განმეორებითი ანალიზის ჩატარება მართლა მოითხოვა?

- გიას არ მოუთხოვია ანალიზის ჩატარება. მან მოითხოვა ადვოკატი, რადგან არ უნდოდა ჰყოლოდა სახაზინო ადვოკატი, რომლის დანიშნვასაც ესენი უპირებდნენ. სანამ სოსო ჯოგლიძეს ავიყვანდით, დნმ-ს ანალიზი უკვე გაკეთებული იყო.

- ადვოკატი როგორ და როდის აიყვანეთ?

- მის შესახებ ნაცნობისგან შევიტყვეთ, ჩემი შვილის თანამშრომელმა გოგონამ გვირჩია, გვითხრა, - რაღაც საქმეში დამჭირდა და ვიცნობ ამა და ამ ადვოკატსო. ამ გოგონას საშუალებით დავუკავშირდით ჯოგლიძეს და ისიც მაშინვე დაგვთანხმდა. მონაჭორია, რომ ირაკლი ფირცხალავამ აგვიყვანა ადვოკატი. სოსოს არანაირი შეხება არ ჰქონია მასთან.

- იური ვაზაგაშვილს თუ იცნობდა თქვენი ძმა?

- გიას არანაირი შეხება არ ჰქონია ვაზაგაშვილთან, თუ არ ვცდები, არც იცნობდა. რატომ უნდა მოეკლა კაცი, რომელთანაც შუღლი, მტრობა, პირადი არაფერი ჰქონია. შოკირებული ვარ ამ ამბით და ვერაფრით ვხსნი, რატომ უნდა ჩაედინა ჩემს ძმას ასეთი დანაშაული?!

- 19 და 20 იანვარს რა უნდოდა თქვენს ძმას ყარაფილაში?

- 19 იანვარს ყარაფილაში რომ იყო გია, ამას ნათესავიც ადასტურებს, მაგრამ 20-ში იმ ტერიტორიაზე არ ყოფილა. გია სამძიმარზე ჩავიდა, იმ ოჯახში ყოფილი პოლიციელები არიან და აქედან იცნობდა ამ ოჯახს.

- რწმუნებულმა მარეხ ყამბეგაშვილმა თქვა - გია სოსანაშვილი საერთოდ არ დადიოდა სამძიმრებზეო..

- მარეხ ყამბეგაშვილი არის უწესო, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რასაც მიმდებარე სოფლებში დაგიდასტურებენ. მან ეს განცხადებები თავისი პიარისთვის გააკეთა. ეს ქალი "მაესტროს" გადამღებ ჯგუფს დაყვება კარდაკარ, რატომ, რა ინტერესი აქვს? სასტიკად გავლანძღე, მაგრამ თავისას არ იშლის, თავის საქმეს იკეთებს, საარჩევნო პერიოდი მოდის და როგორც ამბობენ, უნდა, კენჭი იყაროს. ქალბატონს აინტერესებს და კითხულობს, ვინ გადაუხადა ჯოგლიძეს ფული. ადვოკატის ფული ჩემი დანაზოგიდან გადავიხადე, მაქვს ჩანთით დამაქვს ჩეკი, თუ დამჭირდა, გამოვიყენებ.

- თქვენი ძმის ავადმყოფობის შესახებ გაავრცელეთ ინფორმაცია...

- გიას ექიმის მიერ დანიშნული წამალი დაჰქონდა ჯიბით, ხშირი თავის ტკივილები ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ მივუტანე ციხის ექიმს დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტები. ალბათ ჯანმრთელობის პრობლემა შეექნა და ამიტომ მოითხოვეს. გიამ მითხრა, რომ ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას იჩენს მის მიმართ, მუდმივად ეკითხებიან, ხომ არაფერი გაწუხებსო. ამანაც ალბათ შესჩივლა და ცხიის ექიმისგან მოვიდა მოთხოვნა, სამედიცინო დასკვნა წარგვედგინა. ჩვენ გვყავს ინვალიდი მამა და ალბათ მას რომ არ ენერვიულა და რამე არ დამართნოდა, გია არაფერს ამბობდა. მამამ ამ დღეებში გაიგო მისი ავადმყოფობის შესახებ. დიაგნოზში ბევრი დაავადება აქვს ჩამოთვლილი: ხერხემლის გამრუდება, პრობლემა აქვს ფილტვზე და თავში - მედიკოზური კისტა. გია ცოტა სიტყვაძუნწია, ამაზე არ ლაპარაკობდა და არავისთვის შეუცოდებია თავი. უბრალოდ, სვამდა წამალს.

- ცნობილია, რომ თქვენი ძმა კრიმინალურ პოლიციაში 2005 წლიდან მუშაობს. მანამდე რას საქმიანობდა?

- ზუსტად რომელი წლიდან მუშაობს, ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 15 წელია, რაც გია პოლიციაშია. იყო დიღმის, მთაწმინდის პოლიციაში. არის აფხაზეთის და ცხინვალის ომის მონაწილე, ომის ვეტერანია.

- მხედრიონშიც იყო?

- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მხედრიონში თუ იყო, მაშინაც აფხაზეთში იბრძოდა. ჩემი ძმა "თეთრი არწივის" წევრი იყო, გია ყარყარაშვილთან ერთად იბრძოდა.

- ამბობთ, გიას არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენის მოტივიო. გამორიცხავთ, რომ იძულებით ჩადენილი დანაშაულისთვის იყოს ბრალდებული?

- ჩვენც ეს გვაინტერესებს. ჩემი ძმა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. ასე ცამოწმენდილზე რატომ უნდა აეფეთქებინა ადამიანი, რომელთანაც შეხება არ ჰქონია?

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)