"მიშველეთ, ქმრის მკვლელობას "მტენიან" - ქალი, რომელიც საყვარლის მკვლელობისთვის გაასამართლეს - კვირის პალიტრა

"მიშველეთ, ქმრის მკვლელობას "მტენიან" - ქალი, რომელიც საყვარლის მკვლელობისთვის გაასამართლეს

"შემტენეს თხილიშვილის მკვლელობა, მაგრამ ჩუმად ვიყავი, მეგონა, პროკურატურა გამოიძიებდა... ვხვდები, აზრი არა აქვს დუმილს, ახლა ქმრის მკვლელობასაც მე დამაბრალებენ"

"გოგონას, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ჩემი ქმარი უყვარდა"

რეზო თხილიშვილის 9 წლის წინანდელი მკვლელობა 2014 წლის ბოლოს გახსნეს. შემზარავი მკვლელობის ბრალდებით 41 წლის ირმა ნადირაძე დააკავეს. მას მალევე საპროცესო გარიგება გაუფორმდა. სასამართლომ ნადირაძეს 9 წელი მიუსაჯა. ციხეში მხოლოდ 5 წელს მოიხდის, დანარჩენს გარეთ, პირობითი მსჯავრის ქვეშ გაატარებს.

ამ თემაზე "კვირის პალიტრა" წერდა. შეგახსენებთ, რომ რეზო თხილიშვილი კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში თავის ავტომანქანაში დანახშირებული 2005 წლის 3 ნოემბერს იპოვეს. გამოძიების მტკიცებით, ირმა ნადირაძემ ქმრის იარაღით მოკლა საყვარელი. შემდეგ მანქანას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა... თხილიშვილს თავის ქალაზე "მაკაროვის" ნატყვიარი ჰქონდა. იარაღი ირმა ნადირაძის პოლიციელი ქმრის, გიორგი ნადირაძის სახელზე იყო რეგისტრირებული... რამდენიმე ხნის შემდეგ გიორგი ნადირაძეც საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს, მას 8 ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია...

მაშინ ვწერდით, რომ ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიებამ შესაძლოა ირმა ნადირაძე ქმრის მკვლელობაშიც ამხილოს. საქმეში მოწმის ჩვენებაა, რომელიც ამბობს, დავინახე, როგორ რეცხავდა სისხლიან დანას ირმაო...

ნადირაძის ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე "კვირის პალიტრასთან" ჰყვებოდა: "ირმა მეუღლესთან გაცილებული არ იყო, მაგრამ საყვარელი ჰყავდა. როგორც თავად ამბობს, კიდევ ერთი საყვარელი ჰყავდა, ექიმი. ის კაცი მეუღლეს გაშორებული იყო და ირმას ცოლობას სთხოვდა. ირმას უნდოდა, ქმარს გასცილებოდა და ექიმს გაჰყოლოდა, მაგრამ თხილიშვილს ვერ იშორებდა, ამიტომ ჩაუჯდა მანქანაში და გაუხვრიტა შუბლი. ამბობს, თხილიშვილიც ცოლობას მთხოვდა, მაგრამ მე ექიმის ცოლობა მინდოდაო".

ნადირაძის ადვოკატი დასძენდა, რომ ეს ყველაფერი ირმას ჩვენებაში აქვს აღწერილი... გამოძიების მტკიცებით, წლების მანძილზე ირმა ნადირაძეს გვარ-სახელი შეცვლილი ჰქონდა.

როცა ეს სტატია გამოქვეყნდა,  რედაქციაში გვესტუმრა მოქალაქე შოთა ზღულაძე. მან თავი ირმა ნადირაძის მეუღლედ გამაცნო (ეს ის ექიმი არ გეგონოთ, რომელიც ცოლობას სთხოვდა. როგორც ჩანს, ოფიციალური ქმრის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა. - ავტ.). "2 წელია ერთად ვცხოვრობთ ხაშურში. ირმას შინ პოლიციამ მოაკითხა და წაიყვანა. არ მჯერა იმ ბრალდების, რაც წაუყენეს, უნდა დავეხმარო უდანაშაულობის დამტკიცებაში. ირმას ციხეში ვხვდები, მარწმუნებს, მართალი ვარო. ის თქვენთან შეხვედრას ითხოვს, იქნებ ინახულოთ", - მითხრა შოთა ზღულაძემ. რამდენიმე დღეში ციხიდან პატიმარი ირმა ნადირაძე დამიკავშირდა და დამიდასტურა, რომ გამოძიება მას ქმრის მკვლელობასაც ედავება.

ირმა ნადირაძე: - მაბრალებენ იმ დანაშაულს, რაც არ ჩამიდენია. 5 დღე გამომძიებელმა ბექა გელაშვილმა არ გამაკარა არც ადვოკატი, არც ახლობელი. პოლიციის შენობაში ჩამკეტეს, მეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებ, გაგანადგურებთო. ისე ცუდად გავხდი, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს... თხილიშვილის საქმე ხომ "შემტენეს", ახლა უნდათ ჩემი ქმრის მკვლელობაც მაღიარებინონ.  არ ვაპირებ ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია.

იმ დღეს შინ გვიან მივედი. ყველგან შუქი იყო ჩამქრალი, ტელევიზორი მაღალ ხმაზე იყო აწეული. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქმრის საწოლთან მივედი.

გოგას ხელი რომ დავადე, რაღაც წებოვანივით იყო, თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მერე ვნახე, დაჭრილი ყოფილა. ისტერიკა დამემართა. სასწრაფოს ნომერიც კი დამავიწყდა. გავიქეცი მეზობელთან, გავაღვიძე, ვყვიროდი, მიშველეთ, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი. გადავიყვანეთ საავადმყოფოში.

რაღაცას ლუღლუღებდა. მითხრა, ვინც დაჭრა, მაგრამ გამაფრთხილა, არავისთან თქვა, თორემ შენც მოგკლავენ, თქვი, რომ თავი დაიჭრაო.

არსებობს ჩვენებები, სადაც სასწრაფოს ექიმსა და მეზობლებთანაც ამბობს, თავი დავიჭერიო. მერე ექიმისგან გავიგე, რომ 8 ჭრილობა ჰქონია, რამდენიმე ადამიანის ჩადენილია, სავარაუდოდ, ერთი ცაცია იყოო. ახლა "მტენიან", თითქოს მე მოვკალი ჩემი ქმარი.

- ამბობთ, მითხრა მკვლელის ვინაობაო, ეს თუ იცოდით, რატომ დუმდით?

- მეშინია, რადგან გოგამ მითხრა, მოგკლავენო. 17 წელი ერთად ვცხოვრობდით. მე რომ მომეკლა, გადავიყვანდი საავადმყოფოში? ზოგს 500 ლარი გამოვართვი, ზოგს - 100 და ასე შევაკოწიწე საჭირო თანხა. 4 დღე რეანიმაციაში იყო, მეხუთე დღეს პალატაში გადაიყვანეს. 5 დღე ტანსაცმელი არავის გამოუცვლია, ისე ედგნენ ნათესავები თავზე. პალატაში რომ გადაიყვანეს, ექიმს უთქვამს, ახლა მშვიდად დაეძინება, წადით, დაისვენეთო. ნახევარი საათის წამოსულები იყვნენ, რომ დარეკეს, გოგა მოკვდაო. ექსპერტიზა ჩაუტარდა, სიკვდილის მიზეზად ასფიქსია დასახელდა...

ან ექიმია დამნაშავე და გოგას ჰქონდა ჰაერის უკმარისობა, ან მოგუდულია. გეკითხებით, თუ მე დავჭერი, რატომ გადავარჩინე? ფული გადავიხადე მკურნალობაში და მერე გავგუდე? "შემტენეს" თხილიშვილის მკვლელობა, მაგრამ ჩუმად ვიყავი, მეგონა, პროკურატურა გამოიძიებდა... ვხვდები, აზრი არა აქვს დუმილს, ახლა ამასაც მე დამაბრალებენ. საკანში ქალები შემომიგზავნეს, წლები რომ ისხდნენ ციხეში, და საშინელ დღეში ჩამაგდეს.

- საქმეში არსებობს მეზობლის ჩვენება. მას დაუნახავს, როგორ რეცხავდით სისხლიან დანას.

- იმ გოგონას, ვინც ეს ჩვენება მისცა, გოგა უყვარდა. ამას ჩემი შვილიც დაადასტურებს. არ მინდა ამ საქმეში ჩემი შვილის გარევა, მაგრამ თუ დამჭირდა, ისიც იტყვის. რომც დაენახა, ეს ყველაფერი მაინც ირიბი სამხილებია. დანაც ამოღებული არ არის. რითი უნდა დამიმტკიცონ?

- სახელი და გვარი რამდენჯერმე გამოგიცვლიათ, რატომ?

- ძველი წითელი პასპორტი მქონდა, რომელშიც გვარად კობლიშვილი ვიყავი. 1992 წელს, როცა გავთხოვდი, ჩემი ქმრის გვარზე  გადავედი... რაც შეეხება ჩემს სახელს - ნინოს, ეს ნათლობის სახელია. ალბათ, იმასაც მკითხავთ, რატომ ვამბობდი, რომ კობაური ვარ. ჩემი გვარის წარმომავლობა გავარკვიე, კობაური ვარ, ხევსურეთიდან...

- თხილიშვილის მკვლელობის საქმეზე თქვენი ჩვენება გავრცელდა, სადაც დეტალურად ჰყვებით ყველაფერს.

- თხილიშვილისთვის ხელი არ დამიკარებია, მაღიარებინეს. რა აქვთ სამხილი? ჰილზაც არ არის ამოღებული...

- თქვენ მისი საყვარელი იყავით?

- არა, ეს გამოიყენეს მოტივად. ახლა არ მინდა ყველაფრის თქმა, რადგან შეიძლება ჩემი გამამართლებელი სამხილები გააქრონ. მოვა დრო და ყველაფერს მოგიყვებით,  თუ რა ურთიერთობა გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს რეზო თხილიშვილთან, როგორ და რატომ "შემატენა" ეს საქმე ბექა გელაშვილმა, ვინ იყო ის ექიმი... ყველაფერს მერე გეტყვით ექსკლუზიურად და სკანდალით გავხსნი ამ საქმეს. ახლა მიშველეთ, როგორ ვაღიარო, რაც არ ჩამიდენია?! ერთი საქმე "შევიტენე" და ახლა მეორეც "შევიტენო"?

P. S. ირმა ნადირაძე დაარწმუნებს თუ არა თავის უდანაშაულობაში სამართალდამცავებს, მომავალში გამოჩნდება. ჩვენთვის უცნობია, რას ფიქრობს ირმას შვილი (პოლიციის მაიორ გიორგი ნადირაძესთან მას ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს), სჯერა თუ არა დედის უდანაშაულობისა.

თეა ხურცილავა